სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პეკინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოში გავრცელებული ლეღვის ადგილობრივი ფორმებისა და გენოტიპების ერთობლივ კვლევას აგრძელებს.
კვლევის მიზანია საქართველოში გავრცელებული ლეღვის გენეტიკური მრავალფეროვნების შეფასება, ადგილობრივი ფორმების წარმოშობისა და გავრცელების ისტორიის შესწავლა და მათი ადგილის განსაზღვრა ლეღვის კულტურის საერთო გენეტიკურ მრავალფეროვნებაში.
კვლევის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა და უფროსმა სპეციალისტმა ვანო კაკაშვილმა, პეკინის უნივერსიტეტის მეხილეობის დეპარტამენტის პროფესორთან და ლაბორატორიის მკვლევარებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კვლევითი ექსპედიცია ჩაატარეს.
ექსპედიციის ფარგლებში ლეღვის ველური და ადგილობრივი ფორმების ნიმუშები ქედის, ოზურგეთის, გარდაბნის, გორისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში შეგროვდა. მოპოვებული მცენარეული მასალა შემდგომი გენეტიკური და ფენოტიპური კვლევებისთვის იქნება გამოყენებული, რაც ლეღვის ადგილობრივი ფორმების გენეტიკური თავისებურებების, წარმოშობისა და გავრცელების გზების შესწავლის შესაძლებლობას შექმნის.
კვლევა გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც დამატებითი მცენარეული მასალის შეგროვება და შესწავლა იგეგმება.

