
ესპანეთში, პამპლონას სან-ფერმინის ფესტივალზე, ხარების რბოლის პირველ დღეს 195 ადამიანი დაშავდა. მათგან 39 საავადმყოფოში მოათავსეს.
ნავარის მფარველიწმინდა ფერმინის პატივსაცემად გამართული ფესტივალი დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება. ყოველდღე იმართება ხარების რბოლა (ენსიეროსი), რომლის დროსაც ასობით მონაწილე ვიწრო ქუჩებში გარბის, რათა თავი დააღწიოს ფარეხიდან გაშვებულ ცხოველებს.
ასეთი გართობა თითქმის არასდროს სრულდება რთული დაზიანებების გარეშე.
სან-ფერმინის ფესტივალი (ესპ. Las Fiestas de San Fermín), სანფერმინესი (Sanfermines) არის ფიესტა პამპლონაში (ნავარის დედაქალაქი), რომელიც ყოველწლიურად რვა საუკუნეზე მეტია იმართება და ერთი კვირის განმავლობაში – 6-დან 14 ივლისამდე გრძელდება.
ფიესტა იწყება წმინდა ფერმინის დღის წინა დღეს, 6 ივლისს, შუადღისას, მერიის – მე-16 საუკუნის შენობის – აივნიდან ჩუპინაზოს (რაკეტის) გაშვებით.
სან-ფერმინი ადრე 10 ოქტომბერს იმართებოდა. თუმცა, მოგვიანებით, შემოდგომის წვიმებში ზეიმით დაღლილმა ხალხმა გადაწყვიტა ფესტივალი წლის მეშვიდე თვის, მეშვიდე დღეს გადაეტანა.
ჰემინგუეი, რომელიც სან-ფერმინში პირველად 1923 წელს ჩავიდა, ფესტივალის ატმოსფეროთი იყო გაჟღენთილი და მას 1959 წლამდე რეგულარულად სტუმრობდა. ფიესტამ ერნესტ ჰემინგუეის შთააგონა დაეწერა მოთხრობა „მზეც ამოდის“. ეს ფაქტი პოპულარული გახდა და ყოველწლიურად ათასობით უცხოელი ტურისტი იზიდავდა პამპლონაში.
ცნობილი ხარების რბოლის დროს თითქმის ყოველწლიურად ხდება სერიოზული დაშავავებები, ზოგჯერ ადამიანური მსხვერპლით (როგორც წესი, მთვრალი უცხოელები).
დღესდღეობით, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ყოველ ივლისს, ფიესტაზე ქალაქში 1-დან 3 მილიონამდე ადამიანი ჩადის.