ირლანდია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საკვების ნარჩენებიდან მიღებული ბიომეთანი პირდაპირ გაზის ქსელში ჩართო

ბიომეთანი, ირლანდია

ირლანდიამ განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ქვეყანაში პირველად დაიწყო საკვებისა და სხვა ორგანული ნარჩენებისგან წარმოებული ბიომეთანის პირდაპირ ეროვნულ გაზის ქსელში მიწოდება.

პროექტი კომპანია Bia Energy-მ და Gas Networks Ireland-მა განახორციელეს. დუბლინის მახლობლად მდებარე ჰანტსტაუნის საწარმო ორგანულ ნარჩენებს ანაერობული დუღილის ტექნოლოგიით ამუშავებს და მათგან მიღებულ ბიოგაზს ბიომეთანად გარდაქმნის, რომელიც შემდგომ პირდაპირ გაზის ქსელში მიეწოდება.

საწარმო ძირითადად იყენებს საცალო ვაჭრობისა და კვების სექტორში წარმოქმნილ ვადაგასულ ან გამოუყენებელ საკვებს, ასევე სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ორგანულ ნარჩენებს. პროექტის მიზანია ენერგიის წარმოება ნარჩენების გადამუშავების გზით და იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონ ევროს შეადგენს. სრული სიმძლავრით მუშაობის შემდეგ ობიექტი წელიწადში 120 გიგავატსაათამდე ბიომეთანს გამოიმუშავებს, რაც ირლანდიის განახლებადი გაზის სექტორისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ბიომეთანის წარმოების პროცესის თანმდევ პროდუქტს წარმოადგენს ე.წ. დიჯესტატი, რომელიც ორგანული სასუქის სახით გამოიყენება და ქიმიური სასუქების ნაწილობრივ ჩანაცვლებას უწყობს ხელს. Bia Energy-ის შეფასებით, მხოლოდ ეს საწარმო ყოველწლიურად დაახლოებით 3 000 ტონა ქიმიური სასუქის ჩანაცვლებას შეძლებს.

ირლანდიის მთავრობა 2030 წლისთვის ბიომეთანის წარმოების 5.7 ტერავატსაათამდე (TWh) გაზრდას გეგმავს, რაც ქვეყნის დღევანდელი გაზის მოხმარების დაახლოებით 10%-ს შეესაბამება.

ფოტო: აგროკავკასია / AI
წყარო: Gas Networks Ireland

თქვენი რეკლამა