
ჰამბურგის პორტში, ხანძრის გაჩენიდან 21 საათის შემდეგ, ხანძრის ძირითადი კერა ჩამქრალია.
სააგენტო dpa მეხანძრეებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავებულია ექვსი ადამიანი, ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთს კი მძიმე დაზიანებები აქვს.
აფეთქების შედეგად კიდევ სამი სახანძრო სამსახურის თანამშრომელი დაშავდა. აფეთქების ნამსხვრევების გამო, ავტობანზე მანქანის მძღოლი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობა არ დასრულებულა. „ამჟამად, წნევის ქვეშ მყოფი გაზის ბალონების ახალი აფეთქებები ხდება“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მეხანძრემ. „შენობაში (საწყობებში – რედ.) ჯერ კიდევ არის რამდენიმე მბჟუტავი ადგილი, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი აირები ჯანმრთელობისთვის საშიშია“, – დასძინა მან.
მედიის ცნობით, ვედელის რაიონში, საწყობში, წინა დღეს მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი საწყობში გავრცელდა, სადაც გაზის ბალონები გვიან ღამემდე ფეთქდებოდა.
ცეცხლი მეზობელ შენობებსაც გადაედო. საფრთხის ზონიდან ევაკუირებული იქნა 25 ადამიანი. დილით ადრე სახანძრო სამსახურმა კვამლის შესახებ გაფრთხილება გააუქმა – მანამდე ჰამბურგის რამდენიმე რაიონში სქელი კვამლი შეინიშნებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამომძიებლებმა ჯერ ვერ შეძლეს ადგილზე შესვლა – ეს ძალიან საშიშია. ადგილზე დაახლოებით 120 მეხანძრე რჩება.