ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი მხარდაჭერა ბიო ჩაის მეწარმეებს.
სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. შოთა კოპალიანი ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში ცხოვრობს. მას ჩაის დამზადების კულტურა მემკვიდრეობით წინაპრებისგან ერგო და დღემდე მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავს.
შოთა კოპალიანი ერთ-ერთი მეწარმეა, რომელმაც ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის GRETA ხელშეწყობით უკვე მოახერხა საკუთარი წარმოების განვითარება და გაზრდა. პროექტში ჩართვის შემდეგ მისი საწარმო ველურად მზარდი მცენარეების გადამამუშავებელი და საშრობი აღჭურვილობებით მოეწყო. სწორედ ამ დანადგარების საშუალებით იგი ბიო- სერთიფიცირებული ჩაის დამზადებას შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წარმოებული ჩაის ფასი დაბალია და უმეტესწილად, ის ხარისხითაც სჯობს იმპორტირებულ პროდუქტს, შემოტანილი ჩაი დღემდე ბაზრის 80% იკავებს. მეწარმე შოთა კოპალიანისთვის სწორედ ეს გარემოება აღმოჩნდა კარგი საფუძველი ბიო-სერთიფიცირებული ადგილობრივი ჩაის აქტიური წარმოების დასაწყებად. მისი აზრით, ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ჩაის იმპორტირებული პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევის მაღალი პოტენციალი გააჩნია:
„ჩვენ გარდა, ლეჩხუმში ჩაის არავინ ამზადებს, შესაბამისად, კონკურენტიც არ გვყავს. ჩვენი ერთადერთი კონკურენტი ბუნებაა – ის გვაძლევს საარსებო წყაროს. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ამ პროდუქტს სამკურნალო დანიშნულებით მოიხმარენ. ამ საქმიანობის ბიზნესად ქცევა მე და ჩემმა მეუღლემ დაახლოებით 6-7 წლის წინ გადავწყვიტეთ. კუსტარულად, ჩვენი ხელით დავამზადეთ საშრობი. საჭირო დანადგარები ძალიან ძვირი ღირდა და სამწუხაროდ, მათ ვერ შევწვდებოდით, ამიტომ წლების განმავლობაში გვიჭირდა გაფართოება. თუ რაიმეს გამოვიმუშავებდით, ყველაფერს ამ საქმეში ვაბანდებდით. პროექტი GRETA თითქოს ხსნასავით აღმოჩნდა ჩვენთვის, ავადმყოფს რომ წამალს მიაწვდი, ზუსტად ასეა ჩვენი საქმე. აგვარიდა სესხებს, რომელსაც მთელი ცხოვრების ბოლომდე ვერ დავფარავდით. რომ არა ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერა, ამ ყველაფერს დამოუკიდებლად ვერასდროს შევძლებდით“, – ამბობს შოთა კოპალიანი.
პროექტის ფარგლებში გადაცემული დანადგარები შოთა კოპალიანს პროდუქტის საბოლოო, გასაყიდი სახის მიღების შესაძლებლობას აძლევს – მის საწარმოს როლერი და ოთხი საშრობი დაემატა, ასევე, დანადგარი, რომელიც ჩაის 100-150 გრამიან პაკეტებში ჩამოყრის და დააფასოებს. მუყაოს ქაღალდების შესაფუთი დანადგარი კი პროდუქტს საბოლოო სახეს მისცემს.
„გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მივიღებთ პიკაპს, ავტომანქანას, რომელიც პირველადი პროდუქტის მოძიებისა და გადაზიდვისთვის გვჭირდება. ყველა მცენარე, რომლისგანაც ჩაის ვამზადებთ, ველურად, მთებში, კლდეებში იზრდება და ძალიან რთული მოსაპოვებელია. ძველი ავტომობილი გვყავს, იმით ვცდილობთ იქამდე მივაღწიოთ ხოლმე, სადამდეც მოგვიხერხდება, მერე უკვე, მიუვალ მთებში, ფეხით ვაგრძელებთ გზას. გარდა ამისა, ფოთლები მალფუჭებადია, ხურდება და თუ დროულად არ მოვიტანეთ ადგილზე, შეიძლება ჩახურდეს და გაგვიფუჭდეს. პიკაპი, რომლის შეძენა პროექტითაა გათვალისწინებული, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩვენი წარმოებისთვის“, – ამბობს შოთა კოპალიანი.
ამჟამად მის საწარმოში მოცვის, მაყვლის ფოთლების, ცაცხვის ყვავილის, ველური კომშისა და დეკას ჩაი მზადდება. როგორც თვითონ ამბობს, ახლა აქვს საფუძველი, რომ სამომავლოდ თამამად იფიქროს განვითარებაზე და სხვადასხვა ფოთლებისგან დამზადებული ექსპერიმენტული ჩაის ნაზავებს უკვე პროდუქტის სახე მისცეს, რის შესაძლებლობაც საჭირო დანადგარების გარეშე არ ჰქონდა.
პროექტი GRETA, ბენეფიციარებს ბიო-სერთიფიკატის მიღების პროცესშიც ეხმარება, რომელიც ერთიორად ზრდის წარმოებული პროდუქტის სანდოობას და საერთაშორისო ბაზრის ათვისების შესაძლებლობასაც იძლევა. გარდა ამისა, ეს ეხმარება პროექტის მონაწილეებს მსხვილ კომპანიებთან კომუნიკაციაში მარკეტინგის მიმართულებით, რაც ზრდის ბაზრის სწრაფად ათვისების პოტენციალს.
GRETA| „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით უკვე 2 წელია მიმდინარეობს, და მას საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
მცირე და საშუალო მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ საჭირო ფინანსური დახმარება საკუთარი წარმოებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, აღმოაჩინონ ახალი საბაზრო შესაძლებლობები და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქტს.
პროექტში, რომელიც ადგილობრივ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს, ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია ტურიზმის სფეროში მომუშავე 400 მცირე საწარმო და ორგანულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებული 230 ფერმერი, რომლებიც პროექტიდან სხვადასხვა სახის მხარდაჭერას იღებენ.
ინფორმაცია მოგვაწოდა პროექტმა GRETA.
აგროკავკასიას არ აქვს კავშირი პროექტთან, დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ GRETA-ს ვებ გვერდს https://gretaproject.ge/ka