ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი თბილისს ეწვია

ღვინის, ვაჭრობის

თბილისმა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის WWTG წლიურ შეხვედრას უმასპინძლა.

მიმდინარე წლის მარტში, ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა.

თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან შეუდგა. WWTG-ის წევრები, საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიური შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა; ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.

„საქართველო 2023 წელს ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, თბილისში ვუმასპინძლეთ აღნიშნული ჯგუფის წევრ ქვეყნებს, ასევე, ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და მოლდოვას წარმომადგენლებს. ჯგუფის ორდღიანი მუშაობის ფარგლებში, გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა სავაჭრო ბარიერებზე და იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება გავუადვილოთ ღვინის მწარმოებლებს საერთაშორისო ვაჭრობა, მათ შორის ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და სხვა. თბილისში გამართული WWTG-ის შეხვედრა პროდუქტიული იყო; შესაბამისად, გადაიდგმება ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო მეტი ქართული ღვინო გაიყიდოს სტრატეგიულ ბაზრებზე“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

სტუმრები ეწვივნენ თბილისის ღვინის მუზეუმს. WWTG-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ღვინის ტური ქართლის რეგიონში. შეხვედრის მონაწილეები ეწვივნენ ღვინის კომპანიებს „შატო მუხრანი“ და „იაგოს ღვინო“, ასევე ძალისის ნაქალაქარს.

თქვენი რეკლამა