აგროსერვის ცენტრი იაპონიის მთავრობის დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით „განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“ საგრანტო პროგრამას ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ გამარჯვებულ ბენეფიციარებთან მზის ფოტოვოლტური და მზის წყლის გამაცხელებელი სისტემების მონტაჟი დასკვნით ეტაპზეა.
აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და დირექტორის მოადგილე ლერი ტუნაძე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროგრამის ფარგლებში აგროსერვის ცენტრმა უზრუნველყო მზის ელექტრო ფოტოვოლტური და მზის წყლის გამაცხელებელი სისტემების მთლიანი ღირებულების 90% – ის დაფინანსება, ხოლო გამარჯვებული ბენეფიციარის თანამონაწილეობამ შეადგინა განაცხადის მთლიანი ღირებულების 10 %.
საგრანტო პროგრამა ხორციელდება „განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მზის ელექტრო (ფოტოვოლტურ) და წყლის გამაცხელებელ სისტემებზე წვდომის გამარტივების, ენერგიის ხარჯების დაზოგვის, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შემსუბუქებისა და ბუნებრივ რესურსებზე (განსაკუთრებით ტყის რესურსზე) ზეწოლის შემცირების მიზნით.
„განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“ საგრანტო პროგარმის ფარგლებში გამოვლინდა 277 გამარჯვებულ ბენეფიციარი.
წყარო: აგროსერვის ცენტრი