
ჩინეთი არაბთა გაერთიანებული საამიროების უდაბნოში აგროცენტრს აშენებს.
შანხაიში დაფუძნებულმა „შოუგუანგის ბოსტნეულის ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (ჩინეთი) 120 მილიონი დირჰამის (32.67 მილიონი აშშ დოლარის) ხელშეკრულება გააფორმა არაბთა გაერთიანებული საამიროების აგროტექნოლოგიურ ფირმა „სილალთან“, რათა არაბთა გაერთიანებული საამიროების უდაბნოში ერთობლივი საწარმოს, სოფლის მეურნეობის ცენტრის მშენებლობა დაიწყოს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post (SCMP) ავრცელებს.
„აბუ დაბი ექსტრემალურ პირობებში მოწინავე ტექნოლოგიების გამოცდის პოლიგონია“, – განაცხადა ჩინური ჯგუფის დამფუძნებელმა იანგ მინგმა.
ახალ ობიექტში განთავსდება ფოტოელექტრული მინის მქონე ჭკვიანი სათბურები, ტექნოლოგიების ტესტირების ადგილები და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიები. სისტემა 10-ზე მეტი კულტურის, მათ შორის პომიდვრის, კიტრის, ნესვისა და მარწყვის მოყვანის საშუალებას იძლევა.
„ეს თანამშრომლობა სპარსეთის ყურეში აგროტექნოლოგიების განვითარების მოდელად იქცევა“, – განაცხადა Silal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სალიმ ალ-ამერიმ.
ჩინეთის საბაჟოების გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ პროექტში მონაწილე ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპორტი 37.2%-ით გაიზარდა.