აზერბაიჯანული ჰოლდინგი უზბეკეთის ბაზარზე შედის

აზერბაიჯანული, ჰოლდინგი, უზბეკეთში

აზერბაიჯანის სურსათის ბაზრის მთავარი მოთამაშე უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მიქაილ ჯაბაროვის განცხადებით, აზერბაიჯანულ ჰოლდინგ Azersun-ს უზბეკეთის ბაზარზე შესვლა შეუძლია. ამის შესახებ მინისტრმა განაცხადა ტაშკენტის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „ერთობლივი გზა წარმატებისკენ: უზბეკეთი და აზერბაიჯანი“ გამოსვლისას, იუწყება Day.Az.

„ჩვენ ვესაუბრეთ Azersun-ის წარმომადგენლებს და მჯერა, რომ ისინი უზბეკეთის ბაზარზე შევლენ, როგორც პოტენციური ინვესტორები“, – განაცხადა მან.

მინისტრმა მიუთითა რამდენიმე პოტენციურ საინვესტიციო პროექტზე, რომელიც განხორციელდება აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის. მისი თქმით, პარტნიორობა წარმატებით ვითარდება ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფარგლებში.

„გუშინ გავმართეთ ფონდის სამეთვალყურეო კომიტეტის პირველი სხდომა. ჩვენ განვიხილეთ 10-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა სფეროში“, – დასძინა ჯაბაროვმა.

Azersun Holding არის დიდი ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს წამყვან საწარმოებს აზერბაიჯანის კვების მრეწველობაში. ორგანიზაციამ გახსნა ოცდაათზე მეტი საწარმო სურსათის წარმოების, სოფლის მეურნეობისა და შეფუთვის სექტორებში. კომპანია ექსპორტს 40-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და აკმაყოფილებს აზერბაიჯანის ადგილობრივი კვების ბაზრის მოთხოვნების უმეტეს ნაწილს.

აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვრიდან მარტამდე 142 მილიონი დოლარი შეადგინა. ორი ქვეყნის ეკონომიკას გააჩნია საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომ უახლოეს წლებში ურთიერთ ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

თქვენი რეკლამა