სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მასშტაბური ღონისძიება, Agro Food Expo Georgia 2026, 13-14 ნოემბერს, Expo Georgia-ს ორგანიზებით, რიგით 24-ედ გაიმართება. გამოფენა ორივე დღეს 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.
წელს გამოფენაში 8 ქვეყნიდან 100-მდე კომპანია მონაწილეობს. საერთაშორისო სექტორი ფართოდაა წარმოდგენილი: კორეიდან 9 კომპანია ჩამოდის, მონაწილეობენ ნიდერლანდებისა და იტალიის კომპანიებიც. ვიზიტორებს ინოვაციური ტექნოლოგიები, ინგრედიენტები და საუკეთესო პრაქტიკა დახვდებათ. გამოფენის კურატორის, ნინო გამრეკელის თქმით, ფორუმი სრულ აგროსასურსათო ჯაჭვს მოიცავს: ნიადაგის დამუშავებიდან გადამუშავებამდე, შეფუთვამდე და ბაზარზე გატანამდე.
ადგილობრივი ფერმერებისთვის გამოფენაზე სპეციალური საქმიანი დამთვალიერებლის პროგრამა იმოქმედებს, რომელიც რეგიონებიდან ფერმერებისა და მწარმოებლების მოწვევას და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მსურველებს რეგისტრაციის გავლა გამოფენის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეუძლიათ.
ცოცხალი მასტერკლასები და გრძელვადიანი თანამშრომლობა
გამოფენა უპირატესად B2B ფორმატში წარიმართება და დარგის პროფესიონალებს პირდაპირი საქმიანი კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება. ზოგი მონაწილე ამ შესაძლებლობით პროდუქტის ხარისხისა და საწარმოო პროცესის ცოცხალი ჩვენებისთვის სარგებლობს.

„ექსპოს ფორმატში საშუალება გვაქვს, ლაივ რეჟიმში ჩავატაროთ მასტერკლასები. ახლა დაგეგმილი გვაქვს, მაგალითად, გერმანული პრეცელის მასტერკლასი და არტიზანული პურის ცხობის მასტერკლასი“, — აღნიშნავს „ვიტამელის“ დამფუძნებელი და CEO დავით ქარდავა.
მისი თქმით, კომპანიის სურსათის ტექნოლოგი დამსწრეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, ისაუბრებს არსებულ ტექნოლოგიებზე და იმაზე, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება. ამავე ფორმატში დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ, ადგილზე დააკვირდნენ ცხობის პროცესს. „გამოფენა გვაძლევს საშუალებას, ერთ სივრცეში მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს ეს ინფორმაცია და მოვიწვიოთ სამომავლო კლიენტები“, — ამბობს ის.
ექსპო ამ სასურსათე დანამატების კომპანიისთვის უკვე შედეგიანი პლატფორმაა.
„გვყავს კლიენტები, რომლებსაც სტაბილურად ვაწვდით პროდუქტს და რომლებიც გასული წლების ექსპოზე გავიცანით. დაინტერესდნენ, დავამყარეთ პირველი ურთიერთობები, რასაც შემდეგ წარმოებაში ვიზიტი და თანამშრომლობა მოჰყვა. ორი წლის შემდეგაც ვაწვდით მათ პროდუქტს“, — განმარტავს დავითი.
ინოვაციები და ტექნოლოგიები: კომპანია „ინტექსოლის“ პრეზენტაცია
დამთვალიერებლები იხილავენ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და საწარმოო დანადგარებს, მათ შორის:
- აგროდრონებსა და მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველ ციფრულ დანადგარებს;
- სარწყავ სისტემებსა და მოსავლის დამცავ ბადეებს;
- ორგანულ სასუქებს;
- ჩირის გამოშრობის ხაზებს და შესაფუთ ტექნოლოგიებს, მათ შორის საცხობი დანადგარების დემონსტრაციას.

წელს გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ინოვაციურ გამოგონებებს. კომპანია „ინტექსოლი“ წარადგენს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განვითარებულ სამ ძირითად მიმართულებას, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია Pest Intexol — მსოფლიოში პირველი, სრულად ქართული გამოგონება და დანადგარები აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.
„მონიტორინგისა და მოზიდვის ეს ციფრული მენეჯმენტის სისტემა მთელი წლის განმავლობაში, მინიმალური ადამიანური ჩართულობით მუშაობს და განსაკუთრებით სასარგებლოა მეფუტკრეებისთვის, მეცხოველეებისთვის და რეგიონის სასტუმროებისთვის“, — ამბობს ლაშა შალამბერიძე, კომპანიის დამფუძნებელი და CEO.
გარდა ამისა, „ინტექსოლი“ ფართო საზოგადოებას გააცნობს მსოფლიოში პირველ, სრულად დაპატენტებულ DMS (Digital Monitoring System) ციფრული მონიტორინგის სისტემასა და ბიზნესის სრული ციფრული მენეჯმენტის დანერგვის სერვისს, რომელიც ხელმძღვანელებს საშუალებას აძლევს, საოპერაციო პროცესები (გაყიდვები, საწყობი, კადრები) ერთ სივრცეში, ტელეფონის საშუალებით აკონტროლონ. ინტექსოლი ასევე წარმოდგენილია ემირატების კომპანია Alit-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობით, რომელიც სმარტფონებთან ინტეგრირებულ, დაპატენტებულ სმარტ-რაციებსა და ცენტრალიზებული დისპეჩერიზაციის სისტემებს სთავაზობს დაცვისა და სამშენებლო სექტორებს.
„რამიმპექსი“: ხარისხიანი შეფუთვა და ეკოლოგიური გათბობა
გამოფენის კიდევ ერთი მონაწილეა კომპანია „რამიმპექსი“, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას ავითარებს:
- სასოფლო-სამეურნეო ყუთები: უმაღლესი ხარისხის შესაფუთი მუყაოს ყუთები, რომლებიც სრულად არის მორგებული თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე.
- ანტრაციტის ქვანახშირი: ეკოლოგიური სიახლე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. ანტრაციტი ბევრად ეკონომიურია, ვიდრე გათბობის სხვა საშუალებები, რაც მნიშვნელოვნად არეგულირებს ენერგეტიკულ ხარჯებს.
გამოფენის მონაწილეა საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „ქუქი“, რომელიც საკვები და ნუტრაცევტული ინგრედიენტების მიმართულებით მსოფლიოში ცნობილ ინგრედიენტების მწარმოებლებს საკვებისა და ნუტრაცევტული პროდუქტების მწარმოებლებთან აკავშირებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ექსპოში მონაწილეობის მთავარი მიზანი ცნობადობის ზრდა და სექტორისთვის გადაწყვეტილებების შეთავაზებაა:
„გამოფენაში მონაწილეობის მიზანია, გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა და საკვები და ნუტრაცევტული პროდუქტების მწარმოებლებს/დეველოპერებს შევთავაზოთ ჩვენი გადაწყვეტილებები. გამოფენაზე წარვადგენთ ინოვაციურ, ფასდამზოგავ, თანამედროვე პროტოტიპებს საკონდიტრო, სასმელების, სოუსებისა და ჯემების მიმართულებით“, — ამბობს ნანა ბოჭორიშვილი, კომპანიის კომერციული დირექტორი.
Agro Food Expo მეწარმეებს და დაინტერესებულ პროფესიონალებს აძლევს შანსს, ერთ სივრცეში გაეცნონ ტენდენციებს, დაამყარონ ახალი კონტაქტები და პრაქტიკულად გამოსცადონ ის ინოვაციები, რომლებიც უახლოეს პერიოდში ბაზრის მთავარ სტანდარტად დამკვიდრდება.

აგრარული ფორუმი და პანელური დისკუსიები
პროდუქტებისა და სერვისების წარდგენის პარალელურად, Agro Food Expo 2026 წელს აგრარულ ფორუმსაც უმასპინძლებს. საგამოფენო პავილიონში არაერთი შეხვედრა გაიმართება, რომლებიც ფერმერთა ყოველდღიურ საჭიროებებსა და დარგის განვითარების გრძელვადიან ხედვებს დაეთმობა.
ფერმერებისა და მედიის დიალოგი: „საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია“ ფერმერებისა და მედიის ურთიერთობის საკითხებს განიხილავს. მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ აგროჟურნალისტიკის გამოწვევებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. პანელურ დისკუსიებს მედიის, აგროსექტორის, ბიზნესისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ექსპოს პარტნიორი ორგანიზაცია „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ სამ მთავარ მიმართულებას განიხილავს, რომლებიც სექტორის მომავალს განსაზღვრავს: განათლება, მდგრადობა და ინოვაციები. როგორ პასუხობს აგრარული განათლება შრომის ბაზრის მოთხოვნებს? როგორ ინტეგრირდება ახალი თაობის ტექნოლოგიები? მსჯელობა შეეხება დუალურ და მოკლევადიან პროფესიულ სწავლებას, განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ასევე ქალებისა და ახალგაზრდების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
საკონსულტაციო ორგანიზაცია „სერტიფუდი“ მცირე სასურსათო წარმოებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ისაუბრებს. შეხვედრის მთავარი თემები სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვა და მცირე მეწარმეობის განვითარება იქნება. თორნიკე ცხვედაძე და ანდრია კალანდია დაინტერესებულ მეწარმეებს გაუწევენ კონსულტაციას, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას წარმოება კანონმდებლობასთან სრულად შესაბამის, მომხმარებლისთვის სანდო და ბაზარზე კონკურენტუნარიან ბიზნესად.
პანელურ დისკუსიებზე განიხილავენ ბიომეურნეობას, ბიოსერტიფიცირებასა და საექსპორტო შესაძლებლობებს. დისკუსია შეეხება მწვანე ინჟინერიას, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, ESG პრინციპებს, მწვანე დაფინანსებასა და ფერმერებისთვის ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას.
„აგრო ექსპოს“ წელს ტრადიციულად Expo Georgia-ს მე-11 პავილიონი უმასპინძლებს.

