ძაძა (ლათ. Vigna unguiculata, სინონიმი-Vigna sinensis) — პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა. აქვს სწორი ან გართხმული ღერო, რომლის სიგრძე 20–200 სმ-ს აღწევს. ფოთლები დიდი, სამფოთოლაკიანი და გრძელყუნწიანია. ყვავილები 2–8 ყვავილიან ყვავილედებად არის შეკრებილი. ნაყოფი პარკია.
საქართველოში ძაძას არსებობის შესახებ ისტორიული წყაროები ძალიან მწირია. ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევებით „ძაძა“ ვახუშტის აქვს მოხსენიებული, XVII ს-ის დამლევს კი მას სულხან საბა ორბელიანიც იხსენიებს. ა. მ. პავლოვა წერს, რომ საქართველოში ის არის უძველესი ქართული კულტურა და მოჰყავდათ უძველესი დროიდან. ლეონარდ დეკაპრელევიჩის გამოკვლევების თანახმად ძაძა აღმოსავლეთ საქართველოში მოიხსენიებოდა როგორც „მაშა“, „მაში“ ხოლო დასავლეთ საქართველოში როგორც ძაძა და თვითონვე ასკვნის , რომ „მაშა“- „მაში“ მიეკუთვნება ლობიოს გვარს და მისი დასახელება არის Phaseolus aureus, ხოლო ძაძა მიეკუთვნება გვარს Vigna. ზოგი ავტორი აღნიშნავს, რომ ძაძას მიეკუთვნება მაშა ლობიო, ბრინჯა ლობიო და სხვა, რაც მცდარია, როგორც ზემოთ ავრნიშნეთ ლობიო მიეკუთვნება გვარს Phazeolus, ძაძა გვარს Vigna. ბრინჯა ლობიო და მაშა ლობიო მიეკუთვნებიან ლობიოს გვარს მაგრამ სხვადასხვა სახეობას.
ძაძა მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს ის ისევე მდიდარია ცილებით და შეუცვლელი ამინომჟავებით, როგორც სხვა პარკოსანი კულტურები,მასში ცილების რაოდენობა მერყეობს 22-28 %. მის გვარი მოიცავს 57 სახეობას, აქედან კულტურაში ცნობილია ორი სახეობა: ჩინური ძაძა Vigna sinensis Endl. და აფრიკული Vigna catjang Walp.
ბოტანიკური ნიშნებით ძაძა ახლოსაა ლობიოსთან ერთ ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ყვავილის აგებულება, ყვავილს აქვს გრძელი ყუნწი, ყვავილედში არის 2-დან 8 ყვავილი, რომელთაგანაც სხვადასხვა დროს გამოინასკვება პარკები.ყვავილები არის მსხვილი, სხვადასხვა ფერის: თეთრი, ყვითელი და იისფერი. ჯიშების მიხედვით პარკის სიგრძე მერყეობს 20 დან 80 სმ-მდე, ზოგი ჯიშის მცენარის პარკი ბოლოვდება გრძელი წვეროთი. პარკში შესაბამისად არის 5-დან 15 მარცვლამდე, მარცვალი შესაძლებელია იყოს წვრილიც და მსხვილიც 1000 მარცვლის მასა მერყეობს 58-370 გ-მდე.მარცვალი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის: თეთრი, ვარდისფერი,წითელი, ნაცრისფერი, ყავისფერი, შავი, წინწკლებიანი. ძაძას მცენარე არის კუტიც და მაღალმოზარდიც, სიმაღლე შეიძლება შეადგენდეს 20-სმ დან 2 მეტრამდე.
ძაძა არის მცენარე ცხელი ტროპიკული და სუბტროპიკული ზონებისთვის. სრულფასოვანი განვითარებისათვის მოითხოვს დიდი რაოდენობის სითბოს, აღმოცენებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა მინდვრის პირობებში შეადგენს +15-20 გრადუსს. მცენარე ძლიერ ზიანდება -1 გრადუს წაყინვებისას. ძაძა მდგრადია ჰაერის მაღალი ტემპერატურის მიმართ, ხოლო ნიადაგის სიმშრალეს კი ვერ უძლებს.
ძაძას მოყვანა შესაძლებელია ყველა ტიპის ნიადაგებზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რაც უფრო მდიდარია ნიადაგი საკვები ელემენტებით მით უფრო უკეთესად ვითარდება მცენარე და იძლევა მაღალ მოსავალს.
სასურსათოდ (მარცვლად) ძირითადად გამოიყენება თეთრმარცვლიანი ჯიშები, რომლებიც ლობიოსთან შედარებით სწრაფად იხარშება დაახლოებით 45-60 წთ, მისგან შესაძლებელია მომზადდეს სუპი, ფაფა, გამოვიყენოთ გულსართად და ა.შ. ისევე, როგორც ლობიო, საპარკე ჯიშების ახალგაზრდა პარკი გამოიყენება სხვადასხვა საჭმელებისა და კონსერვების მოსამზადებლად. ძაძა არის მაღალკალორიული სასურსათე პროდუქტი 1 კგ ძაძას კალორიულობა შეადგენს 3300 კკალ.
ძაძას კულტურაზე სელექციური მუშაობა დაიწყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სოფ. წილკნის ბაზაზე 2015 წლიდან.საწყისი მასალად აღებული იქნა ჩინური ძაძა. ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით გამოირჩა სასურველი ერთი მცენარე და შემდგომ წლებში გავაგრძელდა კვლევები. გამოიკვეთა ერთი ფორმა,რომელიც გამოირჩევა პარკის მაღალი მოსავლიანობით, იოლად ხარშვადობით და კარგი საგემოვნო თვისებებით.
მცენარე არის მაღალმოზარდი, როგორც საერთოდ ძაძასთვისაა დამახასიათებელი. ლობიოსთან შედარებით ხასიათდება მეჩხერი შეფოთვლით. დატოტვას მცენარე იწყებს დაბლიდანვე და ხშირად ტოტები გადადის ნიადაგის ზედაპირზე, ამასთანავე მისი ქვედა გრძელი 80 სმ-იანი პარკები განთავსებულია ნიადაგზე. პარკში არის 15 შავი ფერის წვრილი მარცვალი. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მსხმოიარობა გრძელდება სექტემბერშიც. პარკის წვერო (ე,წ. ნისკარტი) არ გააჩნია. მცენარე ძალიან რეაგირებს კლიმატურ პირობებზე, მაგალითად, თუ გაზაფხული შედარებით წვიმიანია და შესაბამისად ხასიათდება დაბალი ტემპერატურით, შესამჩნევად ფერხდება ჯერ აღმოცენება (20 დღით) და შემდეგ კი ზრდა-განვითარება. მცენარეები აქტიურ განვითარებას იწყებენ დაგვიანებით და შესაბამისად მიიღება, როგორც პარკის ასევე მარცვლის მცირე მოსავალი.
ფოტო: აგროკავკასია / AI
ავტორები:
ს/მ დოქტორი პაშა ვაჩეიშვილი.
ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ივანე ჯავახიშვილი. ტომი 5.49
2. სერგო თედორაძე. სამარცვლე პარკოსანი კულტურები და მათი მოსავლიანობის გადიდების ღონისძიებები.48,52.
3. А. М. Павлова. Зерновые бобовые культуры. 327

