საქართველოში ნივრის გავრცელების არეალი ფართოა, ვრცელდება ზღვის დონიდან 2000 მეტრ და მეტ სიმაღლეზე. ნიორი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შეიძლება იქნას მოყვანილი.
ნივრის სამშობლოდ ცენტრალური აზია, ავღანეთი და ჩრდილოეთ ინდოეთი ითვლება. ნიორი გარეული სახით ნაპოვნი იქნა პამირ ალტაიში ფედჩენკოს მიერ. ველურად გვხვდება აგრეთვე შუა აზიის მთებში, სამხრეთ ყაზახეთში, კავკასიაში.
საქართველოშიც ნივრის კულტურას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. გარეული სახით ჩვენშიც არის გავრცელებული „გველის ნიორას“ სახელწოდებით. ჩვენი წინაპრები მას გამოიყენებდნენ გველის ნაკბენზე. დავით ბაგრატიონი თავის სამკურნალო წიგნში-იადგარ დაუდი წერს:“ ბრაზიანმა ძაღლმა, რომ კაცს უკბინოს და ბევრი ნიორი ჭამოს, მაშინვე უშველის შხამს გამოუგდებს და მოარჩენსო“.
ისტორია. ნიორი ერთ-ერთი უძველესი სასოფლო სამეურნეო კულტურაა. მას ადამიანი მოიხმარდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. ნივრის შესახებ ცნობები გვხვდება საბუნებისმეტყველო და სამედიცინო უძველეს წიგნებში. ძველი ბერძენი მეცნიერი და ბუნების მკვლევარი თეოფრასტე, რომელიც ჩვენს ერამდე 370 წლის წინ ცხოვრობდა, საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ამ კულტურის ზოგიერთ ჯიშს და მის აგროტექნიკას. ცნობილია, რომ ხანგრძლივი სამხედრო ექცპედიციების დროს ნიორი შედიოდა რომაული ჯარის ყოველდღიურ კვების რაციონში, როგორც პროფილაქტიკური საშუალება სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ნიორს არც ახლა დაუკარგავს მნიშვნელობა მედიცინაში. ნიორი შეიცავს ნივთიერება ალიინს, რომელიც მას სიცხარეს და სპეციფიკურ სუნს აძლევს, თავისთავად ალიინს ორგანიზმისთვის განსაკუთრებული სარგებლობა არ მოაქვს, მაგრამ, როგორც კი იჭრება ან იჭყლიტება ალიინი ალიცინად, ბუნებრივ ანტიბიოტიკად გარდაიქმნება.
ბოტანიკური აღწერილობა. ნიორი შროშანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მოყავთ ერთწლოვანი კულტურის სახით კბილების ვეგეტატიური გამრავლების შედეგად. დასარგავად უმჯობესია მსხვილი კბილების გამოყენება, რადგან მათგან უფრო მსხვილი და სრული ბოლქვები მიიღება. მისი ფოთლები ვიწროა, გრძელი თასმისმაგვარი, სახაზავისებრი, ფერი მუქი ან ღია მწვანე. ფოთლის ვაგინები მთლიანია, შეადგენს თხელ, გრძელ, მაგრამ უფრო მაგარ ცრუ ღეროს ვიდრე ეს ხახვს აქვს. ცრუ ღერო სიგრძით 50-87 სმ–ს. აღწევს. ნივრის პროდუქციული ნაწილი მოთავსებულია მიწაში რთული ბოლქვის სახით, იგი ფორმით მომრგვალო ან გაგრძელებულია, რომელიც შეიცავს კბილებს 9-13 ცალამდე, თითოეული ასეთი კბილი დაფარულია ერთი თხელი მშრალი აპკით (ნივრის ქერქლით). არსებობს ნივრის მოყვავილე ფორმებიც, როგორც წესი, იკეთებს ისარს, რომელზედაც ვითარდება ყვავილი, მიღებულ თესლს კი აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, გაღივების უნარი არ გააჩნია. აქვე ვითარდება აღმოცენების უნარის მქონე პატარა ზომის ვეგეტატიურ საჰაერო ბოლქუნები, თუ საჰაერო ბოლქუნებით ვამრავლებთ მაშინ ნიორი სამწლოვანია.
თესვის ვადები. ნივრის მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს დარგვის დრო. შემოდგომით დარგული უფრო მაღალ მოსავალს იძლევა, გაზაფხულზე დარგულთან შედარებით. თუ რაიმე მიზეზით შემოდგომაზე ნივრის დარგვა არ მოხერხდა, ამ შემთხვევაში ნიორი უნდა ინახებოდეს 4-0 C-ზე და თებერვალში, ან ადრე გაზაფხულზე უნდა დაირგას.
ადრე გაზაფხულზე რგვა 30-40 წელია ვეღარ ხერხდება, რადგან გასული საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში გავრცელდა მავნებელი ტიტას (ნივრის) ოთხფეხა ტკიპა, რომელიც დიდი ინტენსივობით მრავლდება შენახვის დროს და იწვევს ნივრის გაქრობას (გამოფიტვას) ისე, რომ იგი გაზაფხულს ვერ აღწევს. ამასთან ამ მავნებელს გადააქვს ვირუსული დაავადება ხახვის მოზაიკა, რომელიც ამ კულტურის სათესლე მასალის (ვეგეტატიურის) გადაგვარების ძირითადი მიზეზია. ამან კი გამოიწვია ნივრის საღი სარგავი მასალის კატასტროფული შემცირება და ბაზარზე მისი დეფიციტი.
შექმნილი მდგომარეობიდან დროებითი გამოსავალი ნივრის სარგავი მასალის წარმოება და დამზადება მაღალმთიან (1700_2000 მ.ზ.დ.-დან) ზონებში, იქ სადაც ნივრის ოთხფეხა ტკიპა არ გვხვდება. თუმცა აქ გავრცელებულია ისრის მკეთებელი ჯიშები, რომლებიც დაბალი გემური და ტექნოლოგიური მაჩვენებლებით ხასიათდებიან და ამავე დროს დაბლობებზე ძლიერ ზიანდებიან სხვადასხვა დაავადებებით (ჟანგა, სიდამპლეები).
ნივრის აგროტექნიკა. ნიადაგის შერჩევა. ნივრის მოვლ–მოყვანის ინტესიურ ტექნოლოგიაში და წინამორბედების შერჩევას, მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა შორის, ერთ–ერთი მთავარი ადგილი უკავია, ამიტომ დარგვამდე ყურადღება უნდა მიექცეს მის წინამორბედ კულტურებს. მისთვის კარგი წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, კიტრი, საადრეო კარტოფილი, საადრეო კომბოსტო, თავთავიანები და სხვა. ხახვნაირების (ხახვი, პრასი, ჭლაკვი) თესვის შემდგომ იმავე ნაკვეთზე ნივრის დარგვა დაუშვებელია, რადგან ადგილი აქვს ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას და მავნებელ დაავადებების გავრცელებას, ისინი ერთნაირი მავნებელ-დავადებებით ზიანდებიან. რეკომენდირებულია ნიორი თავის ნაკვეთს დაუბრუნდეს 3–წლის შემდეგ. ყამირზე პირველ წელს ნივრის დარგვა არ არის რეკომენდირებული, რადგან ყამირის მოხვნის შემდეგ ნახნავში დიდი რაოდენობით არის ფესურიანი და ფესვნაყრიანი სარეველების ფესვები, ამავე დროს ნიადაგის სტრუქტურა არის დარღვეული, ამიტომ პირველ წელს ითესება ქერი, ან შვრია ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების და სარეველების შემცირების მიზნით.
ნიადაგის დამუშავება. ნივრისთვის ნიადაგის დამუშავება ტარდება ნიადაგურ–კლიმატური ზონიდან გამომდინარე. ნიადაგის თვისებების, წინამორბედი კულტურების თავისებურებების, ნაკვეთის დასარევლიანების და ეროზიისაგან ნიადაგის დაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით. ეროზიულ ნიადაგებზე ნაკვეთი იხვნება ბელტის გადაბრუნების გარეშე. წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ,თუ ნაკვეთი ძალიან დასარევლიანებულია სასურველია ნაკვეთის აჩეჩვა 6–8 სმ. სიღრმეზე სარეველების პროვოცირების მიზნით და შემდგომ ან ნიადაგში ჩაკეთება მწვანე სიდერატად დისკებიანი აგრეგატით ან ტოტალური მოქმედების ჰერბიციდის შეტანით. ჰერბიციდის შეტანიდან ორი კვირის შემდეგ, კატეგორიულად იკრძალება ნაკვეთიში სამუშაოების ჩატარება, ორი კვირის შემდეგ აუცილებელია ნაკვეთის გასუფთავება ანარჩენებისგან და გატანა ნაკვეთიდან. ანარჩენების დაწვა ნაკვეთში დაუშვებელია, რადგან ნიადაგის მიკროფლორა და მიკროფაუნა ზიანდება!!! გასუფთავების შემდეგ, ნაკვეთში შეგვაქს ორგანული სასუქი და ფოსფორის და კალიუმის (PK) სრული დოზა ნიადაგის ანალიზიდან გამომდინარე. და ნაკვეთი იხვნება ჩიზელით 22–25 სმ. სიღრმეზე აგვისტო–სექტემბერში (ნიადაგურ–კლიმატური ზონების მიხედვით). ორგანული სასუქი შედის გადამწვარი ნაკელის სახით (დაუშვებელია ახალი ნაკელის გამოყენება).
ნაკვეთის შერჩევის დროს დიდი ყურადღება ექცევა ნიადაგის არის რეაქციას, იგი უნდა შეადგენდეს PH= 6–7, ან სუსტი მჟავე. მოხვნის შემდეგ უნდა მომზადდეს ნიადაგი დასარგავად.
ნივრის დარგვა. სათესლედ უმჯობესია გამოვიყენოთ ნივრის მსხვილი კბილები. დარგვამდე ხდება ნივრის დაკბილვა, შემდეგ ნივრის სიდამპლეების საწინაამღდეგოდ კბილების დამუშავება ხდება ფუნგიციდით შემუშავებული ინსტრუქციის მიხედვით , ნივრის ოთხფეხა ტკიპას, ხახვის ბუზის წინაამღდეგ აკარიციდით (შეწამვლის შემდეგ სარგავი მასალა აუცილებლად უნდა გაშრეს).
თუ ნიორი ირგვება ხელით, ნივრის დარგვის წინ უნდა გაკეთდეს სარგავი კვლები. ხელით დარგვის დროს რეკომენდაცია ეძლევა მცენარეთა შორის მანძილი შეადგენდეს 6–სმ. ხოლო მწკრივთა შორის 25-30 სმ. მექანიზაციის შემთხვევაში ირგვება ზოლებრივად, ორზოლიანი და ოთხზოლიანი მწკრივებით. ამ შემთხვევაში ზოლებს შორის მანძილი იქნება 60 სმ. ზოლში მწკრივებს შორის 20 სმ და მცენარეთა შორის 6-8 სმ.
ხელით რგვის შემთხვევაში ვიღებთ ნიორს და ქუსლით მიწისკენ ვდებთ, ვაყრით მიწას 5–სმ. სიმაღლეზე.
ჰექტარზე რგვის ნორმა განისაზღვრება კბილების სიმსხოთი და მცენარეთა საჰექტარო დგომით. საერთოდ, წვრილკბილა ნივრის ჯიშების რგვის ნორმა ნაკლებია (700-1200 კგ/ჰა–ზე), მსხვილკბილიანისა კი მეტი (1200-1500კგ/ჰა–ზე).
ნივრის დარგვის ვადები ზონების მიხედვით:
დასავლეთ საქართველო: სუბტროპიკული მებოსტნეობის ზონა 0–დან 250 მეტრი ზღვის დონიდან. პირველი ქვეზონა ირგვება 1/10–10/12, მეორე ქვეზონა 1/10–5/12, მესამე ქვეზონა1/10–1/12.
მებოსტნეობის მე–2 ზონა 250–1000 მეტრი ზღვის დონიდან. პირველი ქვეზონა ირგვება 1/10–20/11, მეორე ქვეზონა 1/10–10/11.
მებოსტნეობის მესამე ზონა – 1000–2100 მეტრი ზღვის დონიდან. პირველი ქვეზონა 1000–1500 მეტრი ზღვის დონიდან ირგვება 15/9–10/10 , მეორე ქვეზონაში 1500–2100 მეტრი ზღვის დონიდან 5/5–15/5.
აღმოსავლეთ საქართველო: მებოსტნეობის პირველი ზონა 200–500 მეტრი ზღვის დონიდან. პირველი ქვეზონა ნივრის დარგვა 10/10–20/11, მე–2 ქვეზონა 10/10–20/ 11.
მებოსტნეობის მე–2 ზონა 500–1200 მეტრი ზღვის დონიდან. პირველი ქვეზონა 1/10–1/11, მე–2 ქვეზონა 1/10–25/10.
მებოსტნეობის მესამე ზონა 1700–2200 მეტრი ზღვის დონიდან. პირველი ქვეზონა ნივრის დარგვა 10/9–1/10, მეორე ქვეზონა 1/5–15/5.
ნათესის მოვლა. ნივრის დარგვის შემდეგ გაზაფხულზე, როგორც კი ნიადაგი გათბება მცენარის 3–4 ფოთლის ფაზაში იწყება აგროტექნიკა. პირველი თოხნის დროს გამოკვება აზოტიანი სასუქის 2/3 დოზით, მეორე თოხნის დროს კი აზოტის დარჩენილი დოზით გამოკვება. მინერალური სასუქების მიმართ ნიორი ძალიან მგრძნობიარეა და დიდი სიფრთხილეა საჭირო. არ გამოვიყენოთ სასუქების გაზრდილი დოზა. საჭიროების შემთხვევაში (1–2 კვირის შემდეგ მეორე თოხნიდან) მესამე თოხნა. მექანიზაციის შემთხვევაში 1–2 კულტივაცია მწკრივთაშორის და ორი თოხნა ხელით. მორწყვა საჭიროების მიხედვით.
სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდი გამოიყენება შესაბამისი დოზირებით და ინსტრუქციების დაცვით.
მოყვავილე ფორმებში აუცილებელია საყვავილე ღეროს ჩატეხვა, როცა საყვავილე ღეროს წვერო დაიხრება მიწისკენ, ან გათიბვა მექანიზაციის შემთხვევაში. ამ პროცესის არ ჩატარება იწვევს მოსავლის 20–30%–ით შემცირებას.
მოსავლის აღება. ბარის რაიონებში ნიორი ჩვეულებრივად ივნის-ივლისში შემოდის, მთაში — უფრო გვიან. ნიორი აღებული უნდა იქნას მშრალ ამინდში, როცა ფოჩი გამხმარია, ცრუ ღერო მორბილებული და მიწისაკენ დახრილი ან ჩაწეულია.
ამოღების შემდეგ ნიორს თავზევით ფოჩი უნდა წაეჭრას 3-5სმ დაცილებით და გაშრეს. ცუდად გამშრალი ნიორს გალებად დაწნულსაც ინახავენ.
ავტორები:
ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი
ს/მ დოქტორი ელენე მოთიაშვილი-სიჭინავა

