ვანილი (ლათ. Vanilla planifolia) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ძვირფასი სანელებელია. მისი არომატი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში, საკონდიტრო წარმოებაში, პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში.
ბუნებრივი ვანილის წარმოება რთულ და შრომატევად პროცესს მოითხოვს, რის გამოც იგი მსოფლიო ბაზარზე მაღალი ღირებულების პროდუქტად ითვლება. სწორედ ეს ფაქტორი აქცევს ვანილს არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურად, არამედ მნიშვნელოვან აგრობიზნესად.
რატომ არის ვანილი ასეთი ძვირფასი?
ვანილი ორქიდეების ოჯახს მიეკუთვნება და კომერციული მნიშვნელობის მქონე ერთ-ერთი იშვიათი ორქიდეაა. მისი სამშობლო მექსიკა და ცენტრალური ამერიკაა, თუმცა დღეს ვანილის ძირითადი წარმოება ტროპიკულ ქვეყნებშია კონცენტრირებული.
ვანილის მსოფლიო პოპულარობა მის უნიკალურ არომატს უკავშირდება, თუმცა სწორედ წარმოების სირთულე განაპირობებს მის მაღალ ფასსაც. მსოფლიოს უმეტეს რეგიონში ვანილის ყვავილები ხელით უნდა დაიმტვეროს, რაც დიდ შრომით რესურსს მოითხოვს. თითოეული ყვავილი მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაშია მზად დამტვერვისთვის და პროცესი სპეციალისტების მონაწილეობით ტარდება.
მოსავლის აღების შემდეგ იწყება პარკების დამუშავება, ფერმენტაცია და გამოშრობა. სწორედ ამ ხანგრძლივი პროცესის შედეგად ყალიბდება ვანილისთვის დამახასიათებელი არომატი. საბოლოო პროდუქტის მიღებას ხშირად რამდენიმე თვე სჭირდება.
ვანილი განსაკუთრებით მოთხოვნადია ნაყინის, შოკოლადის, ტკბილეულის, სასმელების, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის წარმოებაში. ბუნებრივი ვანილის გამოყენება პრემიუმ კატეგორიის პროდუქტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარკეტინგულ უპირატესობადაც ითვლება.
ბუნებრივი და სინთეზური ვანილი
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების უმეტესობა ვანილის არომატს ყოველდღიურად ხვდება, ბაზარზე არსებული ვანილის არომატების დიდი ნაწილი სინთეზური წარმოშობისაა.
ბუნებრივი ვანილი მიიღება ვანილის პარკებიდან, ხოლო სინთეზური ვანილინი ქიმიური გზით იწარმოება. ბუნებრივი ვანილი გაცილებით ძვირია, თუმცა მისი არომატი უფრო კომპლექსური და მრავალფეროვანია, რის გამოც იგი პრემიუმ პროდუქციის წარმოებაში კვლავ განსაკუთრებულ ადგილს ინარჩუნებს.
ბოლო წლებში ბუნებრივ ინგრედიენტებზე მოთხოვნის ზრდამ ვანილის ბაზარზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. საკვები პროდუქტების მრავალი მწარმოებელი ცდილობს სინთეზური არომატიზატორები ბუნებრივი ვანილით ჩაანაცვლოს, რაც მოთხოვნას დამატებით ზრდის.
მსოფლიო ბაზარი და წარმოება
მსოფლიოში კომერციული მნიშვნელობის ყველაზე გავრცელებული სახეობაა Vanilla planifolia, რომელიც ხშირად „ბურბონის ვანილის“ სახელითაც არის ცნობილი.
ვანილის წაწმოებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მადაგასკარს, რომელიც მსოფლიო ბუნებრივი ვანილის უდიდეს ნაწილს აწარმოებს (70%-დან – 80%-მდე) და საერთაშორისო ბაზარზე წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.
ვანილის მსოფლიო ბაზარი შედარებით მცირე მოცულობისაა, თუმცა მაღალი ღირებულებით გამოირჩევა. FAOSTAT-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 7–8 ათასი ტონა ვანილი იწარმოება.
მოკლე სურათი
- მსოფლიო წარმოება – დაახლოებით 7 000–8 000 ტონა/წელი;
- ძირითადი სახეობა – Vanilla planifolia;
- მთავარი მწარმოებლები: მადაგასკარი, ინდონეზია, უგანდა, მექსიკა;
- ძირითადი გამოყენება: კვების მრეწველობა, პარფიუმერია, კოსმეტიკა;
- პროდუქტი: ბუნებრივი ვანილი, ექსტრაქტი, ვანილინი.
ვანილის ბაზარი განსაკუთრებით მგრძნობიარეა კლიმატური მოვლენების მიმართ. ტროპიკულ რეგიონებში ძლიერი შტორმები, ციკლონები ან მოსავლის დაზიანება ხშირად მსოფლიო ფასების მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს. სწორედ ამიტომ ვანილი აგრობაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ცვალებად პროდუქტად ითვლება.
შეიძლება თუ არა ვანილი საინტერესო კულტურა იყოს საქართველოსთვის?
ვანილი ტროპიკული კლიმატის მცენარეა და ღია გრუნტში მისი კომერციული წარმოება საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია. კულტურას მუდმივად მაღალი ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა სჭირდება.
თეორიულად მისი მოყვანა შესაძლებელია სპეციალიზებულ სათბურებში ან ბოტანიკურ კოლექციებში, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოში ფართომასშტაბიანი წარმოების პერსპექტივა ნაკლებად რეალურია.
მიუხედავად ამისა, ვანილი საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შედარებით მცირე მოცულობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტმა მსოფლიო ბაზარზე მაღალი ღირებულება და სტაბილური მოთხოვნა შეინარჩუნოს.
საინტერესო ფაქტი
ვანილი ერთადერთი ორქიდეაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და კომერციული მნიშვნელობა აქვს.
ავტორი: მალხაზ ხაზარბეგიშვილი
გამოყენებული რესურსები: FAO, FAOSTAT, Kew Gardens.

