რომელი კულტურა უნდა დაითესოს კონკრეტულ ნაკვეთზე? ხშირად ამ კითხვაზე პასუხს გამოცდილება და ტრადიცია განსაზღვრავს, თუმცა FAO-ის ახალი ციფრული ინსტრუმენტი CropSuit ამ გადაწყვეტილების მიღებას უკვე მეცნიერებასა და მონაცემებზე აფუძნებს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) უფასო ვებ-აპლიკაცია CropSuit ფერმერებს, აგრონომებსა და სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის ყველაზე შესაფერისი კულტურების განსაზღვრაში დაეხმარება. სისტემა აერთიანებს ნიადაგის, კლიმატის, რელიეფის, მიწის საფარისა და სხვა გარემო ფაქტორების მონაცემებს, რის საფუძველზეც აფასებს, რომელი კულტურა შეძლებს მოცემულ პირობებში საუკეთესო შედეგის მიღწევას.
FAO-ის შეფასებით, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 1.7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ისეთ რეგიონებში, სადაც მიწის დეგრადაცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობას ამცირებს. ასეთ პირობებში კულტურის სწორად შერჩევა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან არასწორი გადაწყვეტილება ხშირად ნიშნავს დაბალ მოსავალს, ზედმეტ დანახარჯებსა და რესურსების არაეფექტიან გამოყენებას.
CropSuit შეიქმნა FAO-ის SoilFER (Soil Mapping for Resilient Agrifood Systems) პროგრამის ფარგლებში. ინსტრუმენტი ეფუძნება FAO-ისა და IIASA-ის მიერ შემუშავებულ გლობალურ აგროეკოლოგიური ზონირების (GAEZ) სისტემას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ სამეცნიერო მონაცემებს იყენებს. შედეგად, მომხმარებელს შეუძლია კონკრეტული ადგილის მიხედვით მიიღოს ინფორმაცია არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ ნაკლებად გავრცელებული და ადგილობრივი კულტურების პოტენციალის შესახებაც.
აპლიკაციის შესაძლებლობები გამოიცადა ზამბიაში. კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე კლიმატურ პირობებში სიმინდი ერთ ტიპის ნიადაგზე არაპერსპექტიული იყო, ხოლო მეზობელ ნაკვეთზე, განსხვავებული ნიადაგის პირობებში, ძალიან მაღალი პოტენციალი ჰქონდა. ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე სიმინდის ნაცვლად უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა კასავას, კოუპეას ან ფონიოს მოყვანით.
FAO-ში აღნიშნავენ, რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ყურადღება ხშირად კლიმატზე, თესლსა და სასუქებზეა გამახვილებული, მაშინ როდესაც ნიადაგის თავისებურებები ხშირად სათანადოდ არ ფასდება. CropSuit სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ცდილობს და ნიადაგის მონაცემებს პრაქტიკულ რეკომენდაციებად გარდაქმნის.
ორგანიზაციის განცხადებით, ინსტრუმენტი ფერმერებს ეხმარება მოსავლიანობის ზრდაში, სასუქების უფრო ეფექტიან გამოყენებაში, წარმოების ხარჯების შემცირებასა და კლიმატის ცვლილებებისადმი უკეთ ადაპტაციაში. გარდა ამისა, აპლიკაცია სასარგებლოა მკვლევრებისთვის, აგროკონსულტანტებისთვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების დამგეგმავებისთვისაც.
FAO-ის სპეციალისტების თქმით, სოფლის მეურნეობის მომავალი უფრო მეტად მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ეკუთვნის. CropSuit სწორედ იმ კატეგორიის ინსტრუმენტია, რომელიც მეცნიერებას პრაქტიკულ დახმარებად აქცევს და ფერმერს პასუხის პოვნაში ეხმარება ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე – არის თუ არა ეს კონკრეტული კულტურა შესაფერისი ამ კონკრეტული ნიადაგისთვის?
წყარო: FAO – CropSuit App Launch
აპლიკაცია: CropSuit

