ორგანული პროდუქციის იტალიელი მწარმოებლები იმპორტის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

ორგანული, იტალია, კონტროლი

იტალიაში ორგანული პროდუქციის მწარმოებლები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ წარმოებული ორგანული პროდუქციის იმპორტის სწრაფი ზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.

ორგანული და ბიოდინამიკური მეურნეობების ასოციაციის Coldiretti Bio-ს მიერ, ევროკომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული ანალიზის მიხედვით, 2025 წელს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ორგანული პროდუქციის იმპორტი 26%-ით გაიზარდა და რეკორდულ დონეს მიაღწია.

ასოციაციის ინფორმაციით, იტალიის ბაზარზე სულ უფრო დიდი მოცულობით შემოდის ორგანული ხილი, ბოსტნეული, ზეითუნის ზეთი, მარცვლეული და სანელებლები, რომელთა ეტიკეტზე ხშირ შემთხვევაში მხოლოდ წარწერა „ევროკავშირის ფარგლებს გარეთ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი“ არის მითითებული. Coldiretti Bio მიიჩნევს, რომ ასეთი მარკირება მომხმარებელს პროდუქტის რეალური წარმოშობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აძლევს და ადგილობრივ მწარმოებლებს არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს.

ორგანული სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იაფი იმპორტის ზრდამ შესაძლოა იტალიაში ორგანული წარმოების შემდგომი განვითარება შეაფერხოს. მათი შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც იტალია ევროპაში ორგანული მეურნეობის ერთ-ერთი ლიდერია.

დღეს ქვეყანაში 90 ათასამდე სერტიფიცირებული ორგანული მეურნეობა ფუნქციონირებს, ხოლო ორგანული წარმოებისთვის სერტიფიცირებული ფართობი 2.5 მილიონ ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწების 20%-ზე მეტს შეადგენს. ამასთან, იტალია ნიდერლანდებისა და გერმანიის შემდეგ ევროკავშირში ორგანული პროდუქციის მესამე უმსხვილესი იმპორტიორია.

Coldiretti Bio ხელისუფლებას მოუწოდებს, ორგანული პროდუქტებისთვის წარმოშობის ქვეყნის სავალდებულო და მკაფიო ეტიკეტირება შემოიღოს. ასოციაცია ასევე მიიჩნევს, რომ იმპორტირებულ ორგანულ პროდუქციაზე უნდა გავრცელდეს იგივე გარემოსდაცვითი, სანიტარული და საწარმოო მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირის ფერმერებისთვის მოქმედებს.

ორგანიზაცია მომხმარებლებსაც ურჩევს, უპირატესობა იტალიური წარმოშობის ორგანულ პროდუქციას მიანიჭონ, რაც ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერასა და მოკლე მიწოდების ჯაჭვების განვითარებას შეუწყობს ხელს.

წყარო: ukragroconsult

თქვენი რეკლამა