ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა. უცხოელმა და ადგილობრივმა მომხსენებლებმა შეხვედრებზე განიხილეს მოცვის, თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების წინაშე არსებული გამოწვევები და მონაწილეებს მათი გადაჭრის ბიოლოგიური გზები გააცნეს.
Atens-ის ბიოპროდუქტები
Atens 30-წლიანი გამოცდილების მქონე ესპანური კომპანიაა, რომელიც მიკროორგანიზმებზე დაფუძნებულ ბიოლოგიურ გადაწყვეტებს ქმნის. ამ დრომდე მის მიერ იდენტიფიცირებულია 1200-ზე მეტი უნიკალური შტამი. ის, აგრეთვე, ფლობს 20-ზე მეტ საერთაშორისო პატენტს. Atens-თან აგრო მაღაზია „აგროსფერო“ უკვე მე-3 წელია, თანამშრომლობს. ეს თანამშრომლობა არა მარტო პროდუქტების ქართულ ბაზარზე შემოტანას, არამედ ჩვენ მიერ მათ გამოცდასა და შედეგების ანალიზსაც გულისხმობს.
გამოწვევები თხილისა და მოცვის მეურნეობაში
„საქართველოში განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოცვი, თხილი და სხვა კაკლოვანი კულტურები. ამის საპასუხოდ გადავწყვიტეთ, საქართველოში მოგვეწვია ექსპერტები Atens-იდან, რადგან სწორედ ეს კომპანია ქმნის მათი დაძლევის თანამედროვე, რაც მთავარია ბიოლოგიურ გადაწყვეტებს.
ტრენინგებზე განვიხილეთ ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებიც ფერმერებს მათ დაძლევაში დაეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ Atens-ის პროდუქტებს თავად „აგროსფეროც“ იყენებს თავის საცდელ მეურნეობებში. შესაბამისად, შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოებას მიღებული შედეგებიც წარვუდგინეთ“, – ამბობს „აგროსფეროს“ ბიოპროდუქტების მენეჯერი მარიამ ტაკაშვილი.
Atens ფოკუსირებულია ისეთი მიკროორგანიზმების წარმოებაზე, როგორებიცაა მიკორიზა, ტრიქოდერმა და ბაქტერია. მისი პროდუქტები უზრუნველყოფს როგორც ფუნგიციდურ დაცვას, ისე ბიოსტიმულატორულ ეფექტს. მათი დახმარებით მცენარე დაცულია მთელი რიგი დაავადებებისგან, ამასთანავე, ის უკეთ ითვისებს საკვებ ელემენტებსა და წყალს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს რიზოსფეროსა და ფესვთა სისტემას. შედეგად, მცენარე მეტად რეზისტენტული და სიცოცხლისუნარიანი ხდება.
„საქართველოში ბიოპროდუქტების – მიკორიზასა და ტრიქოდერმას – მიმართ ინტერესი იზრდება. ეს მოსალოდნელიც არის, რადგან სულ უფრო აშკარა ხდება ბუნებრივი საშუალებების უპირატესობა ქიმიურთან შედარებით. შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენი ტრენინგიც ძალიან დროული და სასიკეთო ცვლილებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – ამბობს Atens-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი სებასტიან დელარუ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე ევროპაში გადის. ევროპულ ბაზარზე კი უდიდესი ყურადღება ექცევა ნაყოფის ხარისხსა და მასში არსებულ ქიმიურ კვალს. ამ მკაცრი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ქართველი ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეურნეობებში ბიოლოგიური ტექნოლოგიების ინტეგრაცია.
„მოცვის მეურნეობაში ჩართული სპეციალისტები საკმაოდ შეზღუდული ვართ პროდუქტების არჩევანში. ხშირად გვიწევს უარი ვთქვათ ქიმიურ პრეპარატებზე და არჩევანი გავაკეთოთ ბიოლოგიურ საშუალებებზე. სწორედ ასეთი პროდუქტები განიხილეს შეხვედრაზე, რაც ძალიან დაგვეხმარება წარმოების პროცესში“, – აღნიშნავს აგრონომი თამაზ დობორჯგინიძე.
რაც შეეხება თხილსა და სხვა კაკლოვან კულტურებს, მათი მთავარი გამოწვევები ფესვთა სოკოვანი დაავადებებია. როგორც ფერმერები აღნიშნავენ, თხილის ლპობისა და გახმობის ტენდენცია იმდენად იზრდება, რომ კულტურას გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებს. უკვე არსებული შედეგებით დასტურდება, რომ Atens-ის პროდუქტები ამ პრობლემებს ეფექტიანად უმკლავდება.
როგორ გადავჭრათ მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები?
დღეს ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია Atens-ის 2 პროდუქტი – მიკორიზას ბაზაზე დამზადებული „აეგის სიმ ირიგა“ და ტრიქოდერმა „კონდორ შილდი“. პირველი აძლიერებს ფესვთა სისტემას და ასტიმულირებს ვეგეტაციის პროცესს, ხოლო მეორე ებრძვის ფესვის ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ვერტიცილიოზი, ფუზარიოზი, პითიუმი, ფიტოფტორა და სხვა.
„აეგი სიმ ირიგა“ და „კონდორ შილდი“ ჩვენთვის სიახლე არ არის. ისინი გასულ წელს პრაქტიკაში დავნერგეთ და დადებითი შედეგებიც მივიღეთ. მიუხედავად ამისა, ისეთი მასშტაბის პრობლემის მოგვარება, როგორიცაა თხილის ხმობის ტენდენცია, ერთბაშად შეუძლებელია. ამიტომ აქტიურად ვაპირებთ Atens-ის ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებას და, ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადში ამ პრობლემის სრულად აღმოფხვრასაც შევძლებთ,” – ამბობს „ბესტ სერვისის“ დირექტორი ავთანდილ ღლონტი.

