მსოფლიოში მცენარეულ ზეთებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება და, შესაბამისად, წარმოებაც ახალ ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წინასწარი პროგნოზით, 2026/27 სეზონში მცენარეული ზეთის გლობალური წარმოება 244.1 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მიმდინარე სეზონთან შედარებით 6.8 მილიონი ტონით მეტია.
ამავე პერიოდში მსოფლიო მოხმარება 237.6 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ ბაზარი კვლავ შედარებით დაბალანსებული დარჩება და გაზრდილი წარმოება მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს.
პალმის ზეთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
პალმის ზეთი კვლავ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეული ზეთი იქნება, როგორც წარმოების, ისე მოხმარების თვალსაზრისით.
USDA-ის შეფასებით, 2026/27 სეზონში პალმის ზეთის გლობალური წარმოება რეკორდულ 81.4 მილიონ ტონას მიაღწევს. მთავარი მწარმოებლები უცვლელი რჩებიან:
- ინდონეზია — 47.5 მილიონი ტონა;
- მალაიზია — 19.6 მილიონი ტონა;
- ტაილანდი — 3.7 მილიონი ტონა.
ეს სამი ქვეყანა მსოფლიო პალმის ზეთის ბაზრის ძირითად ნაწილს აკონტროლებს და საერთაშორისო ფასების ფორმირებაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ყველაზე სწრაფად სოიოს ზეთის წარმოება იზრდება
მცენარეულ ზეთებს შორის ყველაზე დიდი ზრდა სოიოს ზეთზეა მოსალოდნელი. USDA პროგნოზირებს, რომ მისი წარმოება 2.9 მილიონი ტონით გაიზრდება და 74.7 მილიონ ტონას მიაღწევს.
წარმოების ზრდა პირდაპირ უკავშირდება სოიოს გადამუშავების გაფართოებას და ბიოსაწვავის სექტორის მზარდ მოთხოვნას.
მსოფლიოში სოიოს ზეთის უმსხვილესი მწარმოებლები არიან:
- ჩინეთი — 21.4 მილიონი ტონა;
- აშშ — 14.8 მილიონ ტონაზე მეტი.
მზესუმზირისა და რაფსის ზეთის წარმოებაც იზრდება დადებითი პროგნოზია სხვა ძირითადი ზეთებისთვისაც.
რაფსის ზეთის გლობალური წარმოება, სავარაუდოდ, 37.2 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მიმდინარე სეზონთან შედარებით 2.7 მილიონი ტონით მეტია.
მზესუმზირის ზეთის წარმოება კი დაახლოებით 23.5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ზრდის მთავარი წყაროები კვლავ იქნებიან:
- უკრაინა;
- რუსეთი;
- ევროკავშირი.
ეს რეგიონები დღესაც მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ბაზრის მთავარ ცენტრებს წარმოადგენენ.
ნარჩენი ზეთის რესურსი კვლავ შეზღუდულია
მიუხედავად მზარდი ინტერესისა გადამუშავებული და მეორადი ნედლეულის მიმართ, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მცენარეული ზეთების მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენებაა შესაძლებელი ნარჩენი ზეთის სახით.
შეფასებების მიხედვით, მსოფლიო წარმოების დაახლოებით 5–10% შეიძლება შეგროვდეს და ხელახლა გადამუშავდეს, რაც გლობალური მასშტაბით მხოლოდ 12–24 მილიონ ტონას შეადგენს.
ეს ნიშნავს, რომ ბიოსაწვავისა და გადამუშავებული ნედლეულის ბაზრის ზრდის მიუხედავად, მსოფლიო კვლავ ძირითადად პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდაზე იქნება დამოკიდებული.
USDA-ის პროგნოზი აჩვენებს, რომ მცენარეული ზეთების ბაზარი ზრდას აგრძელებს. მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები რჩება მოსახლეობის ზრდა, სურსათის მოხმარების გაფართოება და ბიოსაწვავის ინდუსტრიის განვითარება, რაც ზეთოვან კულტურებზე მოთხოვნას ისტორიულ მაქსიმუმებთან ახლოს ინარჩუნებს.

