ზეთისხილის, ყურძნისა და ნუშის გადამუშავების სუბპროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება

სუბპროდუქტები

აგროსექტორში სულ უფრო აქტუალური ხდება ე.წ „მეორადი ღირებულების“ ეკონომიკა — როდესაც გადამუშავების შემდეგ დარჩენილი მასალა ნარჩენად აღარ ითვლება და ახალ ნედლეულად გადაიქცევა.

განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ინტერესი ზეთისხილის, ყურძნისა და ნუშის გადამუშავების შედეგად მიღებული სუბპროდუქტების მიმართ.

თუ ადრე ეს მასალა ძირითადად ნარჩენად ან დაბალი ღირებულების ცხოველთა საკვებად გამოიყენებოდა, დღეს იგი პოტენციურ ინგრედიენტად განიხილება კვების, ფარმაცევტული, ნუტრაცევტული და კოსმეტიკური ინდუსტრიებისთვის.

მთავარი მიზეზი მათი ქიმიური შემადგენლობაა, მაგალითად:

  • ყურძნის კანი და წიპწა მდიდარია პოლიფენოლებითა და ანტიოქსიდანტებით;
  • ზეთისხილის გადამუშავების ნარჩენები შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს;
  • ნუშის სუბპროდუქტები კი ბოჭკოსა და ფუნქციური ინგრედიენტების წყაროდ მიიჩნევა.

ამ ფონზე, მსოფლიო ბაზარზე იზრდება მოთხოვნაც ე,წ „upcycled ingredients“-ზე — ინგრედიენტებზე, რომლებიც ნარჩენების გადამუშავებით მიიღება და დამატებით ღირებულებას ქმნის.

თუმცა, ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა მხოლოდ ეკონომიკა აღარ არის. ახალი ინგრედიენტები უნდა იყოს არა მხოლოდ მდგრადი და კომერციულად მიმზიდველი, არამედ უსაფრთხოც. სწორედ ამიტომ, ყურადღება სულ უფრო მეტად გადადის მეცნიერულ შეფასებაზე, ტოქსიკოლოგიურ კვლევებსა და რეგულაციებზე.

ეს თემა FoodRevolution 2026 საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იქნება, რომელიც 11–13 მაისს Venice (ვენეცია, იტალია) გაიმართება.

დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი Maame Ekua Manful საკუთარ პრეზენტაციაში ყურადღებას გაამახვილებს კითხვაზე, რომელიც აგროსექტორისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება: როგორ შეიძლება გადამუშავების სუბპროდუქტები მაღალი ღირებულების ინგრედიენტებად გადაიქცეს ისე, რომ უსაფრთხოების რისკები სრულად იყოს კონტროლირებული.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხილის, ღვინის, თხილისა და გადამამუშავებელი ინდუსტრიებისთვის, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტონა ორგანული ნარჩენი წარმოიქმნება.

საბოლოოდ, აგროსექტორში ახალი ტენდენცია მკაფიოა: ნარჩენი თანდათან რესურსად იქცევა, ხოლო კონკურენცია უკვე არა მხოლოდ პროდუქტის წარმოებაზე, არამედ მისი სრული ღირებულების გამოყენებაზე გადადის.

თქვენი რეკლამა