
თურქეთი, 2026 წლისთვის, შავი ზღვის საბადოებიდან გაზის მოპოვების გაორმაგებას, ხოლო 2028 წლისთვის ოთხჯერ გაზრდას გეგმავს.
ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალპარსლან ბაირაქტარმა ენერგეტიკულ პორტალ Petrotürk-ს განუცხადა.
მინისტრის თქმით, შავ ზღვაში, საქარიას საბადოზე გაზის მოპოვება გრძელდება. „ვიმედოვნებთ, რომ შავ ზღვაში ჩვენი მოპოვება ერთ წელიწადში გაორმაგდება. 2028 წლისთვის ვგეგმავთ მოპოვების ოთხჯერ გაზრდას“, – განაცხადა მინისტრმა. ამჟამად, ამ რეგიონში არსებული საბადოები დღეში დაახლოებით 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწარმოებენ. მან დასძინა, რომ წელს შავი ზღვის გიოქტეპეს საბადოზე ჭაბურღილებმა დაადასტურა „დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის მარაგი“ და გრძელდება მოპოვების გეგმების შემუშავება.
თურქეთი ასევე აგრძელებს სამუშაოებს ფიქლის ნავთობისა და გაზის საბადოებზე და გეგმავს ჰიდრავლიკური ფრაქტურინგის (hydraulic fracturing) ფაზის დასრულებას 2026 წლის პირველ კვარტალში. „უცხოელ პარტნიორთან ერთად, ჩვენ ვატარებთ გეოლოგიურ კვლევას დიარბაქირში ფიქლის გაზისა და ნავთობის ოთხ საბადოზე. ჩვენ ვიყენებთ არატრადიციულ ჰიდრავლიკურ ფრაქტურინგის ტექნოლოგიას. ვერტიკალური ჰიდრავლიკური ფრაქტურინგი დასრულდება წლის ბოლომდე, ხოლო ჰორიზონტალური ფრაქტურინგი – 2026 წლის პირველ კვარტალში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი შეიძლება გარდამტეხი იყოს თურქეთის ნახშირწყალბადების წარმოების სექტორისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, მთავრობა მიზნად ისახავს „ნავთობის წარმოების გაზრდას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გაბარის რეგიონში“. „თუმცა, ამის მისაღწევად ახალი საბადოები აღმოჩენაა საჭირო. შესაბამისი გეოლოგიური საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ჰაქარის, ვანის, შირნაკის, დიარბაქირის, სიირტის, ბათმანის, ადიამანის პროვინციებში, თრაკიის რეგიონში და ზღვის ფსკერზე“, – განაცხადა ბაირაქტარმა.
წყარო: mk-turkey