
თურქეთი შეერთებულ შტატებთან პარტნიორობას ცდილობს, დასავლეთ ანატოლიაში ახლახან აღმოჩენილი იშვიათი ლითონების უდიდესი საბადოების ათვისების მიზნით, რაც გააძლიერებს ანკარის პოზიციებს მზარდ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.
ესქიშეჰირის ბეილიკოვას რეგიონში საბადოების ათვისება ადრე განიხილებოდა ჩინეთთან და რუსეთთან, მაგრამ მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ პარტნიორობისთვის ნატოელ მოკავშირეს მიმართა.
პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის თეთრ სახლში შეხვედრაზე, ორი ქვეყნის მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის განვითარების შესახებ.
ანკარა და ვაშინგტონი ამჟამად იკვლევენ თანამშრომლობას ბეილიკოვას საბადოდან მიღებული ნაერთების გადამუშავებაში, რომლებიც მნიშვნელოვან ნედლეულს წარმოადგენს თავდაცვის სისტემებისთვის, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისთვის და სამომხმარებლო ელექტრონიკისთვის.
საწყისი კვლევები მიუთითებს, რომ ბეილიკოვას საბადოდან მოპოვებული მადანი შეიცავს 1%-ზე მეტ იშვიათ მიწათა ლითონების ოქსიდს წონის მიხედვით, რაც კომერციული მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
აშშ-სთან ერთობლივმა საწარმომ შეიძლება ჩაანაცვლოს თურქეთის წინა შეთანხმება ჩინეთთან, რომელიც ჩაიშალა გადამუშავების უფლებებთან და ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.
ანკარამ პეკინთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა ბეილიკოვას ობიექტთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბერში, მაგრამ პროგრესი შენელდა, როდესაც ჩინელმა მომლაპარაკებლებმა მოითხოვეს მინერალების ჩინეთში ტრანსპორტირება და დამუშავება და არა თურქეთში.
ცნობების თანახმად, რუსეთთან მსგავსი პირობების გამო ჩაიშალა მოლაპარაკებები.
ამასობაში, ანკარა კანადასა და შვეიცარიაში პარტნიორებთან ერთად ატარებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს განვითარების შესაძლებლობების შესანარჩუნებლად.
საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად, თურქეთი გეგმავს JORC კოდექსის მიხედვით სერტიფიცირების განაცხადის შეტანას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია და არეგულირებს კვლევის შედეგების შესახებ ანგარიშგებას. სერტიფიკაცია განსაზღვრავს მინერალური საბადოების ზომასა და ხარისხს და უზრუნველყოფს მომავალი კომერციული პარტნიორობის სანდოობას.
თურქეთის იშვიათი მიწების ლითონების ინიციატივა, თანხვედრაშია აშშ-სა და ევროკავშირის უფრო ფართო მცდელობებთან, რომლებიც მიმართულია მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციისა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებისკენ, რომელიც ამჟამად დომინირებს გლობალურ იშვიათი მიწების ლითონების წარმოებასა და გადამუშავებაში. ეს ლითონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაში, ელექტრომობილების აკუმულატორებიდან დაწყებული, მოწინავე სამედიცინო აღჭურვილობით დამთავრებული.
გასულ წელს თურქეთი შეუერთდა აშშ-ევროკავშირის ხელმძღვანელობით ორგანიზებულ პარტნიორობას, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკულ მინერალებზე წვდომის გაფართოებას, ამავდროულად, თანამშრომლობდა ჩინეთის ხელმძღვანელობით BRICS ჯგუფთან და მიესალმა BYD-ის 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ელექტრომობილების პროექტში დასავლეთ ანატოლიის მანისას პროვინციაში.
წყარო: mk-turkey