საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ დედოფლისწყაროში, დალის სათავე ნაგებობაზე თანამედროვე უკუოსმოსის (Reverse Osmosis) სისტემებს აშენებს, რომელიც ფილტრაციის სპეციალური საშუალებით წყლიდან აშორებს მარილებს, მძიმე მეტალებს, ბაქტერიებს და სხვა მავნე მინარევებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ გიორგი შონია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.
პროექტის ფარგლებში ეწყობა სრული გაწმენდის ციკლის მქონე წყლის გამწმენდი სისტემა, რომლის შედეგად გაწმენდილი წყლის საორიენტაციო წარმადობა საათში 300 კუბური მეტრი იქნება. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასმელი წყლის ხარისხს, უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და გაზრდის მოსახლეობის უწყვეტი და უსაფრთხო წყალმომარაგების ხარისხს.
სანიტარული დაცვის ზონაში განთავსებულია ძირითადი ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის: ჭაბურღილი, წყლის გამწმენდი ნაგებობა, სატრანსფორმატორო, საქლორატორო, სადარაჯო, საშიბერო კამერა, შემკრები რეზერვუარი და სატუმბი სადგური, რაც სისტემის საიმედო და ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ზაფხულში, რის შემდეგაც ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების: ხორნაბუჯისა და სამრეკლოს მოსახლეობა ხარისხიანი და უსაფრთხო წყალმომარაგებით ისარგებლებს.

