კითხვა: ეზოში საკმაოდ მაქვს თეთრი ვაშლის ნარგავები; მაქვს თხილისა და მანდარინის მოზრდილი პლანტაცია. მათ, ბოლო დროს, მასობრივად გაუჩნდა ხავსის მსგავსი ბუსუსები, შტამბს და ტოტებს კი ნაცრისფერი შპალერივით აქვს შემოკრული მშრალი ტყავივით თხელი ფენა. როგორ უნდა ვებრძოლო ამ დაავადებებს?
ნუგზარ ნაკაიძის კითხვას პასუხობს აგრონომი აკაკი ღლონტი
-თებერვლის დასაწყისიდანვე უნდა ვეცადოთ, სხვადასხვა კულტურების შტამბს და ტოტებს მოვაშოროთ ხავსები და მღიერები. ამით მცენარე არ დაიღუპება, ოღონდ დროულად უნდა ვიმოქმედოთ. ზოგადად, მეურნე ადამიანი ზამთრის ცივ პერიოდშიც უამრავ საქმეს პოულობს საკუთარ კარმიდამოში.
ერთი შეხედვით მარტივი საქმეა მოსავლიან ხეხილოვან მცენარეებზე ჩამოტეხილი ტოტების მიჭრა, შერჩენილი მიმპალი ან მიმხმარი ნაყოფის ჩამოყრა, განსაკუთრებით, ციტრუსოვნებზე ბევრგან ჩანს ჯერ კიდევ დაუკრეფავი თუ ხეზე დატოვებული მანდარინი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩამოიბერტყოს.
საბოლოოდ, ყოველივე ეს განაპირობებს მცენარის დახავსებას, მასზე მღიერების გაჩენას. განსაკუთრებით საჭიროა მცენარის შტამბის და მსხვილი ტოტების გაწმენდა ასეთი ხავსისა და მღიერებისგან.
ბევრ მცენარეს, განსაკუთრებით თხილს, ვაშლს, მსხალს ტოტებზე ხშირად აქვს აღნიშნული “თეთრი შპალერივით შემოკრული ტყავი” თუ კანი, რომელიც სწორედ მღიერების და სხვადასხვა ხავსის ნაერთია. თუ დროულად არ ჩამოვფხეკთ, შესაძლოა, მალე ხმობაც დაიწყოს. ამიტომ ამ პერიოდში უნდა მოვაშოროთ, მოვფხიკოთ ისე, რომ მცენარე არ დავაზიანოთ. მართალია, ყველა ტოტს ვერ მივწვდებით, მაგრამ რაც შეიძლება მეტი უნდა გავასუფთავოთ.
შემდეგ ხეებზე უნდა მოვძებნოთ ფუღუროები, თუნდაც პატარა ღრმულები და ჯერ ამოვავსოთ ქვიშით ან ღორღიანი მიწით, შემდეგ კი ცემენტით ამოვლესოთ ფრთხილად ისე, რომ შიგ წყალი არ ჩავიდეს ან მღრღნელებმა ბუდე თუ სოროს მსგავსი რამ არ გაიკეთონ.
აუცილებელია, მივმართოთ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს, სადაც უნდა იყიდოთ ასეთი შესასხურებელი საშუალება: “რკინის ზაღა”. მას გააჩნია შესაბამისი ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც თებერვალში უნდა მოხდეს შესხურება და შტამბსა და ტოტებზე მიკრული ხავსები და მღიერები თანდათან ჩამოცვივდება, ვიდრე მცენარე გაკვირტვას დაიწყებს.
შტამბი და ტოტები, გაფხეკვისა და გაწმენდის შემდეგ, ასევე შესაძლებელია ოჯახის პირობებში შევათეთროთ კირის ასეთი ნაზავით: 1 კგ კირი გავხსნათ ხუთ ლიტრ წყალში და დავუმატოთ ნახევარი კილო თიხა. ავურიოთ კარგად და რამდენიმე საათით დავდგათ. შემდეგ კიდევ ავურიოთ და დარიანი დღის პირველ ნახევარში შტამბი შევათეთროთ სახელდახელო ჯაგრისის ან პატარა ცოცხის გამოყენებით.
წყარო: gurianews.com