როგორც წესი, ივლისშიც ჩვენი ბოსტნები და ბაღები, პირველ რიგში, სარველებისგან უნდა ვასუფთავოთ და გამუდმებით დავიცვათ მათგან. ყველა მოთხრილი თუ მოთოხნილი სარეველა დავყაროთ ნაყოფიერი ხეების ირგვლივ. ასეთი მულჩირებით მცენარეს ზაფხულის ცხელ დღეებში ტენიანობა უნარჩუნდება.
ხოლო ფესვთან ახლოს, ამ ბალახეულის თანდათან ჩაბარვით, ორგანული სასუქი გროვდება, რაც საბოლოოდ მცენარეს ბიოლოგიურად სუფთა ნაყოფის მოცემაში ეხმარება. წესად უნდა გავიხადოთ ის, რომ ბალახის ერთი ღერიც არ დავკარგოთ და საუკეთესო ბიოსასუქად ვაქციოთ.
ნიადაგი მუდამ ვაფხვიეროთ. განსაკუთრებით ვიზრუნოთ პომიდორზე _ ყოველი კვირის ბოლოს მოვაშოროთ ზედმეტი ყლორტები და ავახვიოთ სარზე. ეს საღამო ხანს უნდა მოხდეს, თორემ მზიან ამინდში ზედმეტი ტოტების შეცლით მცენარის ფოთლები მოიჟღლიმება.
შეცლილი ფოთლები დავაქუცმაცოთ და ორი კილოგრამი ჩავყაროთ ხუთ ლიტრ წყალში. წამოვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ, როცა გაგრილდება, გავწუროთ და ასე მომზადებული ხსნარი ხუთ ლიტრ წყალში ერთი ლიტრი შევურიოთ. კარგია, თუ სარეცხი საპნით აქაფებულ წყალსაც შევურევთ. შემდეგ შევასხუროთ პომიდორს. ეს უნდა მოხდეს საღამო ხანს, მზის გადასვლის შემდეგ და არა დაღამებისას.
მცენარეს არც მზის სხივი უნდა მოხვდეს და შეშრობაც უნდა მოასწროს ღამის დადგომამდე. ეს არის ნაცადი ხალხური საშუალება, რომელიც ჩვენს ეკონომიკას დაზოგავს. ისე კი, საყოველთაოდ ცნობილი ბორდოს ხსნარი შეუცვლელია. იგივე ხსნარი შეიძლება შევასხუროთ როგორც ოთახის, ისე მინდვრის ყვავილოვან მცენარეებს, თუ შევამჩნევთ, რომ ამ ყვავილებს ბუგრი შეესია და ფოთლებს უწიწკნის, ჯერ ეს ბუგრი თუ ტკიპები ხის პატარა ნაფოტით ჩამოვფხიკოთ, მერე კი ხსნარი შევასხუროთ.
ზოგმა მეფუტკრემ არ იცის, რომ სკების სხვადასხვა ფერით შეღებვა მარტო სილამაზისთვის არაა საჭირო და ეს აუცილებელია. ყველაზე კარგად ფუტკარი ყვითელ, ლურჯ და შავ-თეთრ ფერებს არჩევს. ორი ერთნაირი ფერის სკას შუაში სხვა აღნიშნული ფერით შეღებილი სკა ჩავუსვათ. ფუტკრები ასე უფრო ადვილად აგნებენ საკუთარ სახლს.
ჩვენში თანდათან პოპულარული ხდება მარწყვის მოშენება საკარმიდამო ნაკვეთებში. მას ძალიან ემტერება ლოკოკინა. ამიტომ რიგთაშორის თუ დავრგავთ ოხრახუშს და აქა-იქ ნიორსაც ჩავთესავთ, ლოკოკინასებრები არ მიეკარებიან.
ივლისშივე უკვე წუნწუხი და ჟიჟა უნდა მივცეთ ბოსტნეულს, რაც უმჯობესია, ნაწვიმარზე მოხდეს.
ივლისის ბოლოდან კი კვირტში მყნობას მივხედოთ. ვაზს შევაცალოთ ზედმეტი ყლორტები, ნამხრევები და ყველაფერი ეს კომპოსტისთვის გამოვიყენოთ. არ დაგვავიწყდეს ჭრაქის საწინააღმდეგოდ ბორდოს ხსნარის მიცემა. ასევე, ნაცრის საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალებების გამოყენება.
ივნისსა და ივლისში კიტრსა და გოგრას განსაკუთრებით მოეძალება ხოლმე ნაცრის დაავადება. ფოთლებზე ბევრია ნაცრისფერი ლაქები, რაც ნაადრევად, ნაყოფის გამოსხმამდეც აყვითლებს და აჭკნობს გოგროვანებს. ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია უხვი ნალექის პირობებში. თუმცა, ნაცრის დაავადებას ცხელი ამინდების დროსაც არ ეშლება ხელი კიტრისა და გოგრის “დასაპყრობად”. ამიტომ, საღამოობით ან დილით ადრე, მზის ამოსვლამდე, აუცილებლად უნდა შევასხუროთ 0,5 %-იანი კოლოიდური გოგირდის ხსნარი.
როგორც ინდიელები უწოდებდნენ, ღვთიური მცენარის _ სიმინდის მიხედვა არ დაგვავიწყდეს. ივლისში, ძირითადად, მეორე თოხნა სჭირდება და შემდეგ მივცეთ სასუქი.
ხშირადაც წუწუნებენ, ჭყინტი სიმინდიც აღარ გვაქვსო. გირჩევთ, თხოვოთ მეზობლებს, ვისაც სიმინდის ყანა აქვს, მოგცეთ ზედმეტი ნერგები, რომელსაც თოხნის დროს ისედაც გამოჭრის. შემდეგ წავაჭრათ მესამედი ნაწილი და ასე დავრგოთ თითოეული ძირი შერჩეულ ადგილზე ჩვენს ეზოში.
20-30 ძირი სიმინდის ადგილს ყველგან მოვძებნით. კარგად შემოუყარეთ მიწა და ვეგეტაციის პერიოდში ზუსტად ისე დაეხმარეთ, როგორც სიმინდის ყანაში მუშაობთ. თქვენ გექნებათ ჭყინტი სიმინდი გაცილებით დიდი ტაროებით, ვიდრე ყანაში მოტეხდით.
წყარო: gurianews.com სტილი დაცულია(აგროკავკასია).