„ნულოვანი“ No-Till ტექნოლოგია და საფარი კულტურები

No-Till, ტექნოლოგია, საფარი

ნიადაგის არდამუშავების მოდელი — რისკი თუ მომავლის გზა?

მიწის ხვნა საუკუნეების განმავლობაში სოფლის მეურნეობის საფუძვლად ითვლებოდა. ღრმად დამუშავებული, „შებრუნებული“ მიწა კარგ აგრონომიულ პრაქტიკად მიიჩნეოდა. მაგრამ ბოლო ათწლეულებში ეს წარმოდგენა სერიოზულად გადაიხედა. თანამედროვე აგროეკოლოგიაში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება No-till სისტემა — მიწის არდამუშავების ან მინიმალური ჩარევის მოდელი.

ამ სისტემის ბირთვი კი საფარი კულტურებია.

No-till არ ნიშნავს უბრალოდ „არ ხვნას“. ეს ნიშნავს ნიადაგის სტრუქტურის, მიკრობიოლოგიისა და ბუნებრივი პროცესების მაქსიმალურად შენარჩუნებას. როდესაც მიწა ყოველწლიურად ღრმად იხვნება, ირღვევა მისი სტრუქტურა, იჟანგება ორგანული ნივთიერებები, ირღვევა სოკოებისა და მიკროორგანიზმების ქსელი. მოკლევადიანად მოსავალი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ გრძელვადიანად ნიადაგი ღარიბდება.

რა არის ნიადაგის ნულოვანი დამუშავება (No-Till)?

No-Till (ნულოვანი დამუშავება) არის აგროტექნოლოგიური სისტემა, რომლის მიხედვითაც ნიადაგი არ იხვნება და არ მუშავდება ტრადიციული მეთოდებით.

თესვა ხდება პირდაპირ დაუმუშავებელ ნიადაგში სპეციალური სათესი ტექნიკით, ისე რომ ზედაპირზე დარჩენილი მცენარეული ნარჩენები (მულჩი) მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

ამ სისტემას სამი ძირითადი პრინციპი აქვს:

  • ნიადაგის მინიმალური ან ნულოვანი დარღვევა;
  • ნიადაგის მუდმივი დაფარვა (საფარი კულტურები ან ნარჩენები);
  • კულტურათა როტაცია.

No-Till-ის მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ მოსავლის მიღება, არამედ ნიადაგის, როგორც ცოცხალი სისტემის, დაცვა და გაუმჯობესება.

ტრადიციული ხვნისგან განსხვავებით, სადაც ნიადაგი რეგულარულად იშლება და იბრუნება, No-Till სისტემაში ნარჩუნდება:

  • ნიადაგის სტრუქტურა;
  • ტენიანობა;
  • მიკრობიოლოგიური აქტივობა.

შედეგად, გრძელვადიან პერიოდში მცირდება ეროზია, იზრდება ჰუმუსის შემცველობა და სისტემა ხდება უფრო მდგრადი.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა — თუ არ ვხნავთ, როგორ ვაკონტროლოთ სარეველები და როგორ შევინარჩუნოთ ნაყოფიერება?

პასუხი სწორედ საფარი კულტურებია.

საფარი კულტურა No-till სისტემაში ასრულებს რამდენიმე კრიტიკულ ფუნქციას. პირველ რიგში, იგი იცავს მიწას. დაუცველი ნიადაგი წვიმის დროს იბანება, მზეზე შრება და ქარისგან იფანტება. ცოცხალი საფარი ამცირებს ეროზიას, ინარჩუნებს ტენიანობას და არ აძლევს საშუალებას მიწას „დაიხშოს“ ზედაპირზე.

მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებაა. როდესაც ნიადაგი არ იხვნება, მასში არსებული მიკრობული და სოკოვანი ქსელი — განსაკუთრებით მიკორიზული სოკოები — რჩება სტაბილური. საფარი კულტურები ამ ქსელს კვებას აძლევს. მათი ფესვები გამოყოფს ორგანულ ნაერთებს, რომლებიც მიკროორგანიზმებს აქტიურად ინარჩუნებს.

მესამე საკითხია სარეველების კონტროლი. ტრადიციულ სისტემაში ეს ხვნით მიიღწევა. No-till-ში კი სარეველებს ცოცხალი საფარი თრგუნავს. მკვრივი მცენარეული საფარი ამცირებს სინათლის ხელმისაწვდომობას და არ აძლევს სარეველებს განვითარების საშუალებას. სწორად შერჩეული საფარი ხშირად ქიმიური ჰერბიციდების საჭიროებასაც ამცირებს.

მაგრამ უნდა ითქვას — No-till სისტემა მარტივი არაა. პირველ წლებში შეიძლება გაიზარდოს სარეველების წნეხი, შემცირდეს ნიადაგის გათბობის სიჩქარე გაზაფხულზე და საჭირო გახდეს ტექნოლოგიური ადაპტაცია. ეს მოდელი სწრაფ შედეგზე კი არა, გრძელვადიან სტაბილურობაზეა ორიენტირებული.

საფარი კულტურები No-till სისტემაში ხშირად არ იხვნება. ისინი შეიძლება დაიგლიჯოს სპეციალური როლერით, დარჩეს მულჩად ზედაპირზე და შექმნას ორგანული ფენა, რომელიც ერთდროულად იცავს და კვებავს ნიადაგს. პარკოსნები აზოტს აწვდიან, მარცვლოვნები სტრუქტურას ამყარებენ, სწრაფმზარდი კულტურები სარეველებს თრგუნავენ.

სინამდვილეში No-till და საფარი კულტურები ერთმანეთის გარეშე ნაკლებად ეფექტურია. მიწის არდამუშავება საფარის გარეშე ხშირად იწვევს პრობლემებს. ხოლო საფარი კულტურა ინტენსიური ხვნის პირობებში ვერ ახერხებს სტრუქტურის სრულ დაცვას.

საფარი კულტურების მიქსები

უნივერსალური მიქსი (მარცვლეულისთვის)

  • ჭვავი – 40–60 კგ/ჰა;
  • ცერცველა – 20–30 კგ/ჰა.

მიზანი: ჭვავი ქმნის მასას და ახშობს სარეველებს, ცერცველა ამატებს აზოტს.

საუკეთესო ბალანსი მარცვლეულის როტაციისთვის.

სარეველების საწინააღმდეგო მიქსი

  • შვრია – 50–70 კგ/ჰა;
  • მდოგვი – 8–12 კგ/ჰა;
  • რაფსი / ზეთის რაფსი – 5–8 კგ/ჰა.

ეფექტი: სწრაფი დაფარვა, სარეველების „დახშობა“, ძლიერი ფესვთა სისტემა.

იდეალურია პრობლემურ ნაკვეთებზე.

ნიადაგის აღდგენის მიქსი

  • იონჯა – 15–20 კგ/ჰა;
  • სამყურა – 8–12 კგ/ჰა.

ეფექტი: ნიადაგის ღრმა გაუმჯობესება, აზოტის დაგროვება, სტრუქტურის აღდგენა.

თუ ტრადიციული მოდელი ცდილობს ნიადაგის კონტროლს, No-till ცდილობს ნიადაგთან თანამშრომლობას.

მთავარი კითხვა კი რჩება: მზად ვართ თუ არა გრძელვადიანი შედეგისთვის და თუ მხოლოდ ერთსეზონიანი ეფექტისთვის?

ავტორი: მალხაზ ხაზარბეგიშვილი

მარცვლეული კულტურების წარმოების „ნულოვანი“ No-Till ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა