სუფრის ყურძნის თანამედროვე მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს არომატული, დესერტული გემოს მქონე სელექციური ჯიშები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადია ამერიკული წარმოშობის Cotton Candy™ (კოტონ კენდი).
Cotton Candy™ (კოტონ კენდი – სელექციური კოდით IFG Seven) თანამედროვე მევენახეობის ერთ-ერთი პოპულარული სუფრის ყურძნის ჯიშია. იგი გამოირჩევა უჩვეულო, გამოკვეთილი გემოთი, რომელიც საოცრად ჰგავს ბამბის ნაყინს (აქედან მომდინარეობს მისი სახელიც) და კარამელიზებულ ვანილს. გამორჩეული ორგანოლეპტიკური თვისებების წყალობით, ჯიში სწრაფად დამკვიდრდა პრემიუმ სეგმენტში და ბესტსელერად იქცა. მისი ნაყოფი ძირითადად ნედლად მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.
ჯიში ამერიკული წარმოშობისაა. იგი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ბეიკერსფილდში, სელექციურმა კომპანია Bloom Fresh-მა (ყოფილი IFG — International Fruit Genetics) სელექციონერ დევიდ კეინის ხელმძღვანელობით, ტრადიციული შეჯვარების მეთოდით გამოიყვანა. დღეს ლიცენზირებული მევენახეები მას წარმატებით აშენებენ აშშ-ში, პერუში, ჩილეში, ესპანეთში, იტალიაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.
მტევნისა და მარცვლის მახასიათებლები
მტევანი მსხვილია, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის და საშუალო სიმკვრივის, ზოგჯერ ოდნავ ფაშარი. მისი საშუალო მასა 600–900 გრამს შეადგენს. მარცვალი საშუალოზე მსხვილია, ოვალური ან ოდნავ წაგრძელებული ფორმის.
სრული სიმწიფისას მარცვალი ღია მწვანე-მოყვითალო შეფერილობას იღებს, ზოგჯერ კი ქარვისფერი ელფერიც დაჰკრავს. ზედაპირი თხელი ცვილისებრი ნაფიფქით იფარება. კანი თხელია, თუმცა საკმარისად მკვრივი და ჭამის დროს დისკომფორტს არ ქმნის. რბილობი ხორციანი, წვნიანი და სასიამოვნოდ ხრაშუნაა. გემო ძალიან ტკბილია, დაბალი მჟავიანობითა და მკვეთრად გამოხატული ბამბის ნაყინისა და ვანილის არომატით. ჯიში სრულიად უწიპწოა — მარცვალში მხოლოდ შეუმჩნეველი რუდიმენტები გვხვდება.
Cotton Candy™ (კოტონ კენდი) ჯიშის მოკლე აგრობიოლოგიური დახასიათება
- სიმწიფის პერიოდი: სრულ სიმწიფეს აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე აღწევს. საშუალო სიმწიფის ჯიშია.
- სავეგეტაციო პერიოდი: კვირტის გაშლიდან ნაყოფის სრულ სიმწიფემდე 130–140 დღე გადის.
- მტევნისა და მარცვლის მასა: მტევნის საშუალო მასა 600–900 გრამია, კარგი აგროტექნიკის პირობებში კი 1 კილოგრამსაც აღემატება. მარცვლის საშუალო მასა 7–9 გრამია, სიგრძე — 2,0–2,5 სმ, დიამეტრი კი 1,8–2,2 სმ.
- ჰექტარზე მოსავლიანობა: სამრეწველო ვენახებში საშუალოდ 25,0–32,0 ტონას შეადგენს.
- შაქრიანობა და მჟავიანობა: სრული სიმწიფისას შაქრიანობა 18,0–22,0 °Brix-ს აღწევს, ხოლო მჟავიანობა დაბალია — 3,8–4,8 გ/ლ. სწორედ ეს მაჩვენებლები განაპირობებს ყურძნის გამორჩეულ სიტკბოს.
სამეურნეო თავისებურებები
- ზრდა და მოსავლიანობა: ვაზი გამოირჩევა ძალიან ძლიერი ზრდითა და მაღალი ნაყოფიერებით. საჭიროა მოსავლის დატვირთვის რეგულირება და ზედმეტი მტევნების გამორჩევა, რათა მარცვალმა სრულად განივითაროს მისთვის დამახასიათებელი არომატი.
- მოვლის თავისებურება: ვანილის სპეციფიკური არომატის მაქსიმალურად გამოსავლენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის დროულად, სრული ფიზიოლოგიური სიმწიფის მიღწევის შემდეგ დაკრეფა. ნაადრევად მოკრეფილ ყურძენს მხოლოდ ჩვეულებრივი ტკბილი გემო აქვს, ხოლო ბამბის ნაყინის დამახასიათებელი არომატი სუსტად იგრძნობა. ასევე აუცილებელია მწვანე ოპერაციების სწორად ჩატარება, რათა მტევნები ზომიერად განათდეს. მზის ზედმეტმა ზემოქმედებამ შესაძლოა მარცვლის ზედაპირის გაყავისფრება გამოიწვიოს.
- ტრანსპორტირება და შენახვა: მარცვალი ყუნწზე მყარად არის მიმაგრებული და მდგრადია ცვენისა და დახეთქვის მიმართ. ჯიში კარგად იტანს ტრანსპორტირებას, ხოლო სამაცივრე პირობებში, 0 °C ტემპერატურაზე, 45–60 დღემდე ინახება.
Cotton Candy™ მაღალშემოსავლიანი და პერსპექტიული არჩევანია იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ნიშური, პრემიუმ კლასის სუფრის ყურძნის წარმოებაზე არიან ორიენტირებულნი. გასათვალისწინებელია, რომ ჯიში დაპატენტებულია (Bloom Fresh), ამიტომ მისი კომერციული მიზნით გაშენება და რეალიზაცია შესაბამის ოფიციალურ ლიცენზიას საჭიროებს.
გამოყენებული რესურსი: Bloom Fresh
ფოტო: აგროკავკასია / AI
* სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. აგროკავკასია არ ფლობს ინფორმაციას აღნიშნული ჯიშის ნერგების ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

