სტევია – ტკბილი მცენარე და მისი პერსპექტივა საქართველოში

სტევია, საქართველოში, პერსპექტივა

სტევია (Stevia RebaudianaBertoni) თაფლოვანი, ტკბილი მცენარეა. ის ასტრასებრთა ან რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, აქვს დაახლოებით 260 ბალახისა და ბუჩქის სახეობა. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

სტევია პირველად მე-16 საუკუნეში გამოიკვლია ექიმმა და ბოტანიკოსმა სტევუსმა, რომელიც ვალენსიის  უნივერსიტეტში მუშაობდა, სწორედ მისი გვარიდან მიიღო დასახელება ამ მცენარემ.

თანამედროვე ბრაზილიისაა და პარაგვაის ტერიტორიაზე გუარანის ტომის ინდიელები ასწლეულობის განმავლობაში იყენებდნენ სტევიის ზოგიერთ სახეობას საკვებში, განსაკუთრებით Stevias Rebaudiana-ს, რომელსაც ტკბილ ბალახს ეძახდნენ და გარდა საკვების დატკბობისა, სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის გულძმარვის სამკურნალოდ იყენებდნენ. 1931 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა ბრიდელმა და ლავიემ სტევიიდან გამოყვეს გლიკოზიდები, რომლებიც მცენარეს ტკბილ გემოს აძლევენ. ექსტრაქტები, რომელსაც ეწოდა სტევიოზიდები და რებაუდიოზიდები საქაროზაზე 250-300-ჯერ უფრო ტკბილი აღმოჩნდა. ის არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე და ამდენად დიაბეტით დაავადებულებისათვი მისი მიღება რეკომენდირებულია.

ცნობილია, რომ შაქარი ნახშირწყლებია, რომელსაც ორგანიზმი წამიერად შთანთქავს, ხოლო ზედმეტს ცხიმებად აქცევს და ადამიანის სიმსუქნესა და გაცხიმოვნებას იწვევს. დანიელმა დიეტოლოგებმა შაქარი უკვე დიდი ხანია ,,მსუბუქი“ ნარკოტიკების რიგს მიაკუთვნეს, რადგან აქვს ორმაგი ეფექტი: ა) ტკბილი გემო ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებს; ბ) შაქარი ორგანიზმის სისტემაში იმგვარად ,,ეწყობა, რომ მისი მოხმარება მეტ სურვილს იწვევს. თან შაქარი სოკოებისა და პარაზიტების ,,საყვარელი“ საკვები გარემოა.

პარაგვაის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას არ აწუხებს გაცხიმოვნება და შაქრიანი დიაბეტი, რადგან თითოეული მცხოვრები წელიწადში 10 კილოგრამამდე სტევიას მოიხმარს.

1970-იანი წლების დასაწყისში იაპონელებმა დაიწყეს სტევიას კუტივირება, როგორც ხელოვნური დამატკბობლების – ციკლამატისა და საქარინის ალტერნატივის. სტევიის კომერციული გამოყენება იაპონიაში 1977 წლიდან დაიწყო მას იყენებენ სასურსათო პროდუქტებში, უალკოჰოლო სასმელებში. სტევიის ბაზრის მთელი 40% იაპონიაზე მოდის. ისინი წელიწადში 2000 ტონაზე მეტს ექსტრაქტს მოიხმარენ. ამჟამად სტევია მოყავთ და კვების პროდუქტებში აქტიურად იყენებენ აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის: ჩინეთში, კორეაში, ტაივანში, ტაილანდსა და მალაიზიაში, ასევე ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, ჩილეში, ისრაელში, უკრაინაში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. სტევიას როგორც შაქრის შემცვლელს წარმატებით იყენებენ, როგორც საბავშვო დიეტური და განსაკუთრებით დიაბეტური დანიშნულების, აგრეთვე კვების სხვა პროდუქტების წარმოებისათვის, უალკოჰოლო სასმელების, კომპოტების, მურაბების, ნამცხვრების დასამზადებლად.

სტევია, საქართველოში, პერსპექტივა

სტევია საქართველოში

საქართველოში მცენარე ინტროდუცირებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში უკრაინიდან, როგორც მრავალწლიანი ბალახი, ზამთარში ხმობადი და გაზაფხულზე განახლებადი სახით. აღნიშნულ კულტურაზე სერიოზული სამეცნიერო კვლევითი მუშაობა განხორციელდა ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ცენტრსა და მის ფილიალებში (ჩაქვი, ფოთი) დადგინდა, რომ საქართველოს შავი ზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში ზამთრის პირობების მიხედვით მცენარის 70%-მდე კვლავ აღმოცენდება, ხოლო დახურული გრუნტის (სათბურები) პირობებში მათი მიწისქვეშა ნაწილების გადაზამთრება და განახლება გარანტირებულია. სწორედ ამ ხერხს მიმართავდნენ იმ პერიოდში ლანჩხუთის, სუფსის, ურეკის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, როდესაც პრიმიტიული სათბურების გამოყენებით ყოველწლიურად სტევიის მშრალი მასის კარგ მოსავალს ღებულობდნენ.

სტევია ჯვარედინად დამამტვერიანებელი მცენარეა, ყვავილობს სექტემბერში, ბუჩქისებური ფორმის, ფოთლები წაგრძელებული ელიფსოიდური ფორმისაა, ზრდასრული ფოთლის სიგრძე 4-6 სანტიმეტრია, სიგანე 1,5-2 სმ. გაშენებისათვის ნაკვეთი კარგად უნდა მომზადდეს, ნიადაგი უნდა იყოს კარგად დამუშავებული, მოხნული დაფარცხული. აუცილებელია ნაკვეთის წინასწარი ქიმიური გამოკვლევა.

სტევიას დარგვა საქართველოს პირობებში ხდება აპრილის თვეში, ერთ ჰა-ზე ირგვება 50-70 ათასი ნერგი (1,0X0,2 ან 0,7X0,3). პლანტაციის საექსპლოატაციო ვადა 1-2 წელია, წლის განმავლობაში ნედლი მასის 2-3-ჯერადი აღებით. სავეგეტაციო პერიოდში აუცილებელია პერიოდულად მცენარეთა გამოკვება და მორწყვა.

სტევიის ფოთლის აღების ოპტიმალური პერიოდის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რათა მიღებული მოსავალი და მასში ტკბილი დიტერპენული გლუკოზიდების შემცველობა იყოს მაქსიმალური. სტევიის ფოთლისაგან შესაძლებელია მივიღოთ 60-79% ექსტრაქტი. ერთი კგ. მშრალი დიტერპენული გლიკოზიდების ჯამური პრეპარატების მიღება შესაძლებელია 12-14 კგ მშრალი ფოთლისაგან.

სტევიის წარმოებაში ათვისებასა და საწარმოო პლანტაციების ზრდის მიზნით კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევით ინსტიტუთში. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით ორჯერ გრანტიც კი იქნა გაცემული (ვ. ცანავა, ნ. ორაგველიძე, ი. მამულაიშვილი და სხვები) კვლევითი სამუშაოები წარიმართა მცენარეთა გამრავლების, სასუქების გამოყენების, მოსავლიანობის გაზრდისა და სხვა აგროტექნიკური ღონისძიებების დასამუშავებლად. ძირითადი მიზანი იყო კოლხეთის ზონაში საწარმოო პლანტაციების გასაშენებლად ინტენსიური აგროტექნოლოგიის შემუშავება და სტევიის სამრეწველო დანიშნულებით ფართო წარმოება. ინსტიტუტის ლაბორატორიაში მეტად საინტერესო ექსპერიმენტიც ჩატარდა, როდესაც სტევიას მოაშორეს სპეციფიკური გემო და მიიღეს აბსოლუტურად ტკბილი, უვნებელი ,,შაქარი“, მაშინ როდესაც უცხოეთში ამისათვის მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ.

კვლევებით დადგენილია, რომ სტევია განსაკუთრებულ რეაგირებას ახდენს აზოტიანი სასუქების გაზრდილი კონცენტრაციების მიმართ, მცირდება როგორც, მიწის ზედა ნაწილის, ისე ფესვთა სისტემის ბიომასა, ამიტომ მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა საკვები ელემენტების ოპტიმალური შეფარდება. ეს მიიღწევა აზოტის ერთმაგი, ფოსფორის ორმაგი და კალიუმის ერთმაგი დოზის გამოყენებისას (N80; P150; K70 ჰა. სუფთა ელემენტის სახით).

საქართველოში ინტროდუცირებული სტევიის ფოთლის ბიოტექნოლოგიური კვლევის შედეგები (ა. კალანდია, ზ. ძნელაძე, მ. პაპაშვილი, ნ. ორაგველიძე) იმის საშუალებას იძლევა, ეს ახალი ჩვენი ქვეყნისათვის არატრადიციული ნედლეული გამოყენებული იქნას მაღალი კვებითი და ორგანოლეპტიკური თვისებების მქონე კვების პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების დასამზადებლად. ჩატარებული კვლევების შედეგად შემუშავებულია სტევიის ექსტრაქტებისა და კონცენტრანტების გამომუშავების ტექნიკური რეგლამენტები, რაზედაც გაცემულია საავტორო მოწმობები. აღნიშნულის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (ზ. ზნელაძე, ე. გობრონიძე, ნ. ძნელაძე.) ჩაისა და ორფოთოლა სტევიის ბაზაზე წარმოებული ახალი სახის ჩაის პროდუქტები, სახელდობრ, შავი ჩაის გამდიდრება ჩაისა და სტევიის ერთდროული გადამუშავებისა და მექანიკური შერევის მეთოდის გზით. აქვე მკვლევარების აზრით ჩაის გასამდიდრებლად შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც სტევიის ნედლი ფოთოლი ასევე გამშრალი მასა და წყლიანი ექსტრაქტი. მომზადებული იქნა დაბალკალორიული სასმელები სტევიით, ჩირები, კომპოტები და სხვა პროდუქტები.

სამწუხაროდ 21 საუკუნის მიჯნაზე ქვეყანაში განვითარებული არასტაბილური მოვლენების ფონზე, მეცნიერების მიერ შემუშავებული ესოდენ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები სტევიის ფართო სამრეწველო განვითარების თაობაზე თაროზე იქნა შემოდებული და არავითარი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა ინიცირებული.

მიუხედავად ამისა სუბტროპიკული ზონის ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებში დღესაც შემორჩენილია ამ კულტურისადმი ინტერესი. ამ მიზნით სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურში კვლავ განახლდა ამ კულტურაზე მუშაობა.

მოძიებული იქნა სტევიის სარგავი მასალა ფორმა M3 (ლანჩხუთის სანერგე მეურნეობა) და დარგული იქნა ლაბორატორიის სათბურში წითელმიწა ნიადაგისა და მდინარის შლამის (2:1) ნარევის ფონზე. სავეგეტაციო პერიოდში ოპტიმალური კვებისა და ტენიანობის ფონზე მცენარის ზრდა ინტენსიურად წარიმართა და  მწვანე მასის სამჯერადი აღება განხორციელდა.

იმის გამო, რომ სტევია უმეტეს შემთხვევაში არ იძლევა აღმოცენების უნარის მქონე თესლს, მას ამრავლებენ ბუჩქების დაყოფით, გადაწვენით და ნაზი ყლორტების დაფესვიანებით. დადგენილია, რომ ბუჩქიდან დასაფესვიანებელი კალმების აღების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სიცოცხლისუნარიანი მსხვილი ყლორტების შერჩევას. ჩვენს პირობებში სტევიას კალმების დასაფესვიანებლად სუბსტრატად გამოყენებული იქნა აგრო პერლიტი, რომელშიდაც დაკალმებული იქნა 2-3 ფოთლიანი 7-10 სმ. სიგრძის სტანდარტული კალმები. სათბურში ოპტიმალური სითბოს, ტენისა და ტემპერატურის ფონზე კალმების მაქსიმალური (80-90%) დაფესვიანება 40-60 დღის განმავლობაში განხორციელდა.

სტევიის ნერგების მისაღებად ასევე შესაძლებელია წარმატებით გამოყენებული იქნას პლასტმასის ყუთები სადრენაჟო ხვრელებით. მასში იყრება სუბსტრატი , მდინარის შლამი დამატებული წითელმიწა ნიადაგის ნარევი (1:1) 8-10 სმ. სისქეზე, ირწყვება და ირგვება სტევიის კალმები 5X6 სმ. დაშორებით – 2,5-3 სმ. სიღრმეზე. ყუთი ზემოდან იფარება სინათლე გამტარი პოლიეთილენის აფსკით. მაღლივი სათბურის პირობებში ყუთები შესაძლებელია განვალაგოთ სტელაჟებზე.

კვლევებით დადგინდა, რომ სტევია შესანიშნავად შეეგუა აჭარის, გურიის და კოლხეთის ნიადაგურ პირობებს. ამ ზონებში მისი მოყვანა შესაძლებელია, როგორც მრავალწლიანი მცენარისა. წინასწარი მონაცემებით (რ. ჯაბნიძე) სტევიის ერთ ჰექტარზე გაშენებული პლანტაციიდან შესაძლებელია მიღებულ იქნას 8-10 ტონა ნედლი მასა, რომელიც 60-70 ტონა შაქრის ექვივალენტურია, ანუ ერთი კილოგრამი სტევიის ნედლი მასა ორგანოლეპტიკურად ექვივალენტურია 6-7 კგ შაქრის. სტევიის ფოთოლში ტენის შემცველობა 60-70%-ის ფარგლებში მერყეობს. ფოთლის გამოშრობის შემდეგ რჩება 38-40% მშრალი მასა, თუმცა მშრალი მასის გამოსავლიანობა დიდადაა დამოკიდებული მცენარის კვების რეჟიმზე, კლიმატურ პირობებზე, მოსავლის აღების ვადებზე და ხერხებზე.

სტევიას მშრალი ფოთლის პროდუქტებზე დიდი მოთხოვნილებაა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და საკმაოდ ძვირადაც ფასობს. ას გრამიანი შეფუთვის ფასი 20 $-ია. აღნიშნული პროდუქტი იმპორტირებული სახით ჩვენი ქვეყნის ბევრი სუპერმარკეტის თაროზეც აწყვია. სასურველი იქნებოდა ჩვენი სავაჭრო ქსელი ადგილობრივი წარმოების პროდუქტითაც ყოფილიყო წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს სუბტროპიკული ზონის გლეხური დაფერმერული მეურნეობები სხვა პრიორიტეტული კულტურების (ჩაი, ციტრუსი, თხილი, აქტინიდია, ლურჯი მოცვი, დაფნა და სხვა) მოვლა-მოყვანითა და რეალიზაციით არიან დაკავებული, თუმცა ამ კულტურებთან ერთად სტევიის საწარმოო კომპლექსში ჩართვა ურიგო არ იქნებოდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ კულტურის მოყვანა შესაძლებელი, როგორც საკარმიდამო ნაკვეთებზე ისე სათბურებში, ორანჟერიებში და ოთახის პირობებშიც კი. განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომლებიც შაქრის დიაბეტით არიან დაავადებულნი, სტევიის  წარმოება  დიდ ხარჯებთან არაა დაკავშირებული, სამაგიეროდ მათ ექნებათ სამკურნალო დანიშნულების მქონე ბუნებრივი, ყოველდღიური მოხმარებისათვის საჭირო პროდუქტი.

სტევია, საქართველოში, პერსპექტივა

სტევიას დადებითი თვისებები

საპონინების შემცველობის წყალობით სტევიას აქვს ჰომეოპათიური მოქმედება. აძლიერებს, როგორც კუჭის, ისე ყველა სხვა ჯირკვლის სეკრეციას. აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება, აუმჯობესებს კანის დაავადების მდგომარეობას და აქვს ეფექტი რევმატიზმის დროს, კარგია შეშუპებისას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ამცირებს სისხლში შაქრისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს, წინააღმდეგობას უწევს კიბოს უჯრედების განვითარებას, ხელს უწყოფს არტერიული წნევის ნორმალიზებას, ებრძვის ჭარბ წონიანობას, შაქრიან დიაბეტს, პანკრეატიტს, ათეროსკლეროზსს, ამაღლებს იმუნურ სისტემას, ამცირებს მიდრეკილებას ალკოჰოლისა და თამბაქოს მიმართ.

სტევიასთან დაკავშირებით არსებობდა მოსაზრებები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს (ჰორმონალური). თუმცა სტევიის ნეგატიური მოქმედება მეცნიერულად არ დადასტურდა.

ვირუსული პანდემიის ფონზე ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი სტევიის ესოდენ მრავალმხრივი დადებითი ეფექტები კიდევ უფრო გააძლიერებს, როგორც მისი მომხმარებლების, ისე მწარმოებლების ინტერესს, რაც მოგვცემს სრულ გარანტიას, რომ უახლოეს პერსპექტივაში სუბტროპიკული ზონის ბიზნეს სექტორი ამ კულტურის ფართო სამრეწველო წარმოებით იქნება დაინტერესებული.

(ლიტერატურა: ვ.ცანავა, ი. მამულაიშვილი, თ. მდინარაძე – მინერალური სასუქების სხვადასხვა შეფარდების გავლენა სტევიის პროდუქტიულობაზე ,,სუბტროპიკული კულტურები“ 2010 N1-4. ვ. ცანავა. ნ. ორაგველიძე, მ. პაპაშვილი – სტევიის ექსტრაქტებისა და კონცენტრანტების მიღების ტექნოლოგიური და ბიოქიმიური პარამეტრების გამოკვლევა ,,სუბტროპიკული კულტურები“ 2010 N1-4. ა.კალანდია – საქართველოში ინტროდუცირებული მცენარეების სტევიისა და კივის ტერპენოიდები და ფენოლები. სადოქტორო ავტორეფერატი 2003. რ.ჯაბნიძე – ,,სუბტროპიკული კულტურები ბათუმი 2018. ზ. ძნელაძე. ჩაის ახალი პროდუქტების ბიოქიმია-ტექნოლოგია. თბილის 2009).

ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური.

ავტორები: ზ. გაბრიჩიძე; რ. ტაკიძე; ნ. გუნთაძე.

იხილეთ აგრეთვე: სტევია ევროპაში – ექსპორტის გზამკვლევი

თქვენი რეკლამა