სათბური-სათბურში ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენება

ორგანული და მინერალური სასუქი

ბოსტნეული მცენარეები მიწის ნაყოფიერებისადმი საკმაოდ მომთხოვნი არიან. თუმცა, იმ ზონის ბუნებრივი ნიადაგი, რომელიც შავზღვისპირეთს არ მიეკუთვნება, ნაყოფიერი არ არის და მის შემადგენლობაში ბოსტნეულის უხვი მოსავლის მიღებისთვის საკმარისი საკვები ნივთიერებები არ მოიპოვება. ამიტომაც ღია თუ დაცულ გრუნტზე ბოსტნეულის მოყვანისას აუცილებელია ნიადაგის სწორად მომზადება – მასში ორგანული და მინერალური სასუქის შეტანა.

ბოსტნეულის სათბურებში მოყვანის პრაქტიკის ინტენსიურობის ზრდასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგს, რადგან მცენარის ფესვის კვების პირობები დაცული გრუნტის ნაგებობებში ღია გრუნტის პირობებისგან განსხვავებულია. 

ხშირი და უხვი მორწყვის შედეგად ნიადაგიდან სასარგებლო ნივთიერებები თანდათან გამოირეცხება, ხოლო დამატებითი მინერალური საკვების მრავალჯერადი შეყვანის შედეგად ნიადაგში სხვადასხვა ბალასტური წარმონაქმნები გროვდება. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სათბურისთვის აუცილებელია სპეციალური ნიადაგის მომზადება, რომელიც მცენარეების ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს უზრუნველყოფს. ნიადაგი უნდა იყოს ნაყოფიერი და საკვებ ნივთიერებებსა და სითბოს კარგად ინახავდეს. ბოსტნეული კულტურების უმრავლესობისთვის ნიადაგი ნეიტრალურთან (pH = 7) მიახლოებული რეაქციის უნდა იყოს. გარდა ამისა, ნიადაგს უნდა ჰქონდეს კარგი ჰაერი და წყალგამტარობა, ის უნდა იყოს საკმარისად ფხვიერი და ჰქონდეს კარგი ტენშემცველობა, ანუ მასში დიდი ოდენობით გამაფხვიერებელი ნივთიერებები უნდა შედიოდეს. 

სათბურისთვის განკუთვნილი ნიადაგის მოსამზადებლად გამოიყენება შემდეგი ძირითადი კომპონენტები: მინდვრისა და კორდის მიწა, ქვიშა, ნაცარი, ორგანული სასუქი – ნაკელი, ნეშომპალა, ჩიტის სკორე, კარგად დაშლილი ტორფი, ტორფიანი და ნაკრები კომპოსტები, ასევე სათბურის გამოყენებიდან ორი წლის შემდეგ გადამუშავებული გრუნტი. ნიადაგში ასევე შეაქვთ სხვადასხვა მინერალური სასუქი. 

ორგანული სასუქი

ორგანული სასუქი ნიადაგის ნაყოფიერებას ზრდის და მის აგროქიმიურ თვისებებს აუმჯობესებს. სასუქი ნიადაგს საკვები ნივთიერებებით ამდიდრებს, ასევე აძლიერებს იმ სასარგებლო მიკროორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობას, რომელთა დახმარებითაც მცენარეები ნიადაგიდან საკვებ ნივთიერებებს მათთვის იოლად ასათვისებელი ფორმით იღებენ. ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობის გაზრდის გარდა, სასუქი მიწის სითბურ, ჰაერ და წყალშემცველობის თვისებებს აუმჯობესებს, ასევე მცენარეებს ნახშირორჟანგით ამდიდრებს. 

ორგანული სასუქის მოქმედების გაძლიერებისთვის მას სხვადასხვა ნარევების – კომპოსტების (ტორფთან, მინერალურ სასუქთან, მცენარეულ ნარჩენებსა და სხვა ნივთიერებებთან ერთად) სახით იყენებენ. 

ნაკელი – ძირითადი ორგანული სასუქია, რადგან ის მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს. ნაკელის შემადგენლობაშია აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი და სხვა ქიმიური ელემენტები. ნიადაგში დაშლისას ნაკელი მას ნახშირორჟანგით ამდიდრებს, მცენარეების ჰაერიდან კვებას აუმჯობესებს და ნიადაგში შემავალ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც რთულად იხსნება, მცენარეებისთვის იოლად ასათვისებელ ფორმას აძლევს. ნაკელი ნიადაგის ფიზიკურ თვისებებსა და მის სტრუქტურას აუმჯობესებს. მძიმე თიხოვანი მიწა ფხვიერდება, ქვიშიანი მიწა კი ნაკელის შეტანის შემდეგ უფრო შემჭიდროვებული ხდება და ტენსა და საკვებ ნივთიერებებს უკეთესად იკავებს. 

ახალი ნაკელი ბოსტნეულის კულტურის რიგებში შემოდგომაზე, დაბარვის დროს შეაქვთ, ჩახურებული კი შემოდგომაზე ან გაზაფხულზე. სასუქი შეაქვთ მიწის 4-5 კგ/მ2 ფართობზე გაანგარიშებით. ახალი ნაკელი სათბურებში ბიოსაწვავის სახით გამოიყენება – მას ნიადაგის ქვედა ფენაში, 20-30 სმ-ზე აფენენ. გარდა ამისა, ახალი ნაკელი შეიძლება გაზავდეს წყალში და პრაქტიკულად ყველა ბოსტნეული კულტურისთვის ფესვების თხევად საკვებ დანამატად იქნას გამოყენებული. ხსნარის მოსამზადებლად 10 ლ წყალზე, ჩვეულებრივ, 1 ლ ნაკელს იღებენ. 

ნეშომპალა – ძვირფასი ორგანული სასუქია, რომელიც ნაკელის, მცენარეების ფოთლებისა და ფესვების და სხვა ორგანული ნივთიერებების სრული გახრწნის შედეგად მიიღება. ის შავი, ერთგვაროვანი, მიწის მსგავსი ორგანული ნივთიერებებით მდიდარი მასაა. ნეშომპალას საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობა და კარგი ფიზიკური თვისებები ახასიათებს. მას ძირითადად იყენებენ ნიადაგის ნარევების მოსამზადებლად, ასევე, ჩითილების გასაზრდელად, ნათესების მულჩირებისა და ბოსტნეული კულტურების დასარგავად. 

ნეშომპალა ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს აუმჯობესებს, აძლიერებს მიკრობიოლოგიურ პროცესებს, რის შედაგადაც ნიადაგში მცენარეებისთვის მისაწვდომი საკვები ნივთიერებების რაოდენობა იზრდება. ნეშომპალის ნიადაგში შეტანა შეიძლება ყველა სახის ბოსტნეული კულტურისთვის 40-60 კგ/მ2 გაანგარიშებით. 

ჩიტის სკორე (სკინტლი) – მაღალკონცენტრირებული ორგანული სასუქია. ის ბევრ აზოტს, ფოსფორს, კალციუმსა და მაგნიუმს შეიცავს. ჩვეულებრივ, ჩიტის სკორეს ფესვების თხევადი საკვები დანამატის დასამზადებლად იყენებენ. ხსნარის მოსამზადებლად 10 ლიტრ წყალზე 0.3-0.7 ლიტრ ჩიტის სკორეს იღებენ. მას 22-25 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის თბილ წყალს ასხამენ და 5-6 დღე-ღამის განმავლობაში ტოვებენ. ამ პერიოდში ხსნარს რამდენჯერმე ურევენ, შემდეგ კი მცენარეებს თითო ძირზე 1-2 ლიტრი ხსნარით რწყავენ. თუ ხსნარი მეტისმეტად დიდხანს იქნება დაყენებული, მისგან აზოტი აქროლდება. 

ტორფი – წარმოშობისა და თვისებების მიხედვით არსებობს ზედა (ღია, ბოჭკოვანი ნაკლებადდაშლილი), ბარის (მუქი, კარგად დაშლილი) და გარდამავალი. ტორფი სუფთა სახით განსაკუთრებულ სასუქოვან ფასეულობას არ წარმოადგენს, რადგან მას მაღალი მჟავიანობა ახასიათებს, ხოლო მის შემადგენლობაში არსებული აზოტი მცენარეებისთვის ძნელადმისაწვდომია. ჩვეულებრივ, ტორფს იყენებენ კომპოსტებში, ტორფ-ნეშომპალიანი ქოთნების დამზადებისა და ნათესების მულჩირებისთვის.

ტორფნაკელის კომპოსტის მომზადებისას მიწაზე ყრიან ტორფის 40-50 სმ სისქის ფენას, შემდეგ 15-20 სმ სისქეზე ნაკელს და შემდეგ კვლავ ტორფს 60-70 სმ სისქის ფენად. შტაბელის სიმაღლე 1.2-1.4 მ შეიძლება იყოს. კომპოსტი მზადდება ზაფხულში, შემდეგ წელს, გაზაფხულზე კი კვლების დაბარვისას უკვე შესაძლებელია მისი ნიადაგში შეტანა. ტორფნაკელის კომპოსტი ნიადაგში 6-8 კგ/მ გაანგარიშებით შეაქვთ. 

ნაკრები კომპოსტები – ესაა ნაკელის, ტორფის, მიწის, მცენარეული ნარჩენების, მათ შორის, ჩამოცვენილი ფოთლების, მინერალური სასუქისა და ჩამქრალი კირის ან ხის ნაცრის ნარევი. 

კომპოსტის მოსამზადებლად ყველა კომპონენტი ერთად გროვდება, მინერალური სასუქი (1 მ3 მასალაზე 2 კგ სუპერფოსფატი, 0.8 კგ კალიუმის სულფატი და 3 კგ ნაცარი ან კირი) ემატება და ჩვეულებრივი ან ნაკელნარევი წყალი ესხმება. შემდეგ კი კომპოსტს 12.5-1.6 მ სიმაღლის შტაბელებად აწყობენ. 

ზაფხულის განმავლობაში კომპოსტს 2-3-ჯერ ურევენ და ატენიანებენ. ზამთარში გაყინვისგან დასაცავად შტაბელებს ყველა მხრიდან ტორფით, ნახერხით, მშრალი ფოთლებით ან თივის 20-25 სმ-იანი ფენით ფარავენ. ნაკრები კომპოსტი გამოყენებისთვის მზად 9-18 თვის გასვლის შემდეგ არის. კომპოსტი მზად მიიჩნევა, როცა ის კარგად დაშლილ, მუქ, ერთგვაროვან მასად გადაიქცევა. ნაკრები კომპოსტი გამოიყენება ყველა სახის ბოსტნეულისთვის და ის ნიადაგში 10-30 კგ/მ2-ზე გაანგარიშებით შეაქვთ.

გამაფხვიერებელ მასალებად ნიადაგში შეაქვთ კომპოსტები, რომლებიც ხის გადამამუშავებელი საწარმოების ნარჩენებს (ნახერხი, ბურბუშელა, წვრილი ნაფოტები, ხის ქერქი) შეიცავს. კომპოსტის მომზადებისას ეს ნარჩენები ერევა მიწას, შემდეგ ემატება შარდოვანა (კარბამიდი) და სუპერფოსფატი (1 სათლ ახალ ნარჩენებზე იღებენ 2 სუფრის კოვზ შარდოვანას და 1 სკ სუპერფოსფატს). ყველაფერს გულდასმით ურევენ და გროვის ან შტაბელის სახით ინახავენ. 2-3 თვის შემდეგ მზა კომპოსტი შეიძლება დაემატოს ნიადაგს მთლიანი მოცულობის 20-30%-ის ოდენობით. 

ფოთლოვანი მიწა. ბალახს, ხეების ჩამოცვენილ ფოთლებსა და სხვა მცენარეულ ნარჩენებს აგროვებენ, გროვად ან ხის ყუთში ყრიან, ჩვეულებრივი ან ნაკელიანი წყლით ატენიანებენ და ტოვებენ. 1 მ3 ნარევს 0.5 კგ სუპერფოსფატი ან 1-2 ლ ხის ნაცარი შეიძლება დაემატოს. როგორც კი ნარევი ჩაითუთქება და მიწისებრ მასად იქცევა, შესაძლებელია მისი შეტანა ბოსტნეული კულტურების ნიადაგში ნაკელთან ან ნეშომპალასთან ერთად მთლიანი მოცულობის 20-30%-ის ოდენობით. 

კორდის მიწა მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ნიადაგია. მის მისაღებად (25-30) X (15-20) ზომებისა და 10-12 სმ სიმაღლის კორდის ფენებს იღებენ და ალაგებენ გადმობრუნებულად, რამაც დაახლოებით 1 მ სიმაღლის შტაბელს უნდა მიაღწიოს. ამასთან თითოეულ შრეს ძროხის ნაკელით ან ჩიტის სკინტლით შეზავებული წყლით (10 ლ წყალზე აიღება 1 ლ ძროხის ნაკელი ან 0.5 ჩიტის სკორე) რწყავენ, ასევე სუპერფოსფატსა და ხის ნაცარს (1 მ3-ზე იღებენ 1 კგ სუპერფოსფატს და 1.5-2 ლ ნაცარს) აფრქვევენ. 

მინერალური სასუქი 

ბოსტნეული კულტურების კარგი მოსავალის მიღება შეიძლება მხოლოდ ორგანული და მინერალური სასუქების კომპლექსური გამოყენების პირობებში. მინერალურ სასუქს დიდი მნიშვნელობა აქვს ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობის ზრდის თვალსაზრისით და მათი სწორი გამოყენების შედეგად ბოსტნეულის მოსავალმა შეიძლება 2-3-ჯერ მოიმატოს.

საკვები ნივთიერებების შემცველობის მიხედვით მინერალური სასუქები იყოფა უბრალო, მცენარეებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებიდან (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და სხვ.) ერთერთის შემცველ და კომპლექსურ (რთულ, შერეულ), რამდენიმე საკვები ნივთიერების შემცველ სასუქებად.

აზოტიანი სასუქები 

ამიაკიანი გვარჯილა (აზოტმჟავა ამონიუმი) 34-35% აზოტს შეიცავს. ის გრანულების სახით გამოდის, რომლებიც წყალში იოლად იხსნება. ამიაკიან გვარჯილას ძირითადად ფესვების საკვებ დანამატებად იყენებენ. თხევადი დანამატებისთვის 10 ლ წყალზე იღებენ 5-10 გრ ამიაკიან გვარჯილას, მშრალისთვის კი 10-20 გრ მიწის 1 მ2 ფართობზე. არაფესვური საკვები დანამატებისთვის ამიაკიანი გვარჯილა იშვიათად გამოიყენება და ამ შემთხვევაში 10 ლ წყალზე 4-7 გრ გვარჯილას იღებენ. 

ამიაკიანი გვარჯილა ნიადაგს ამჟავიანებს, ამიტომაც მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგის შემთხვევაში რეკომენდებულია ნატრიუმიანი გვარჯილის გამოყენება. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ამიაკიანი გვარჯილის არევა სუპერფოსფატთან ან ფოსფორიტულ ფქვილთან არ შეიძლება. 

შარდოვანა (კარბამიდი) დაახლოებით 46% აზოტს შეიცავს. მას კრისტალური ან გრანულირებული სახით უშვებენ, რომელიც წყალში იოლად იხსნება. 

შარდოვანა ძირითადად გამოიყენება ფესვების საკვები დანამატის სახით ყველა ბოსტნეული კულტურისთვის. 10 ლ წყალზე იღებენ 15-20 გრ შარდოვანას. საკვები დანამატი მზადაა 10-12 დღის შემდეგ. გარდა ამისა შარდოვანას ხსნარი გამოიყენება არაფესვური საკვები დანამატების მოსამზადებლადაც. ამ ხსნარით რეკომენდებულია ნაცრით (მცენარის ავადმყოფობა) დაავადებული ბოსტნეული მცენარეების დამუშავება (შეფრქვევა) – 10 ლ წყალზე 50-100 გრ შარდოვანა. 

კალიუმიანი და ნატრიუმიანი გვარჯილა 15-16% აზოტს შეიცავს. ამ სასუქით ნიადაგს დაბარვის დროს ანოყივრებენ და ასევე მას იყენებენ საკვები დანამატის სახით 2 მ2-ზე 20-30 გრ ოდენობით. რეკომენდებულია მისი გამოყენება მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგებში. 

ფოსფორული სასუქი

უბრალო სუპერფოსფატი 14-19% ფოსფორს შეიცავს, უბრალო გრანულირებული 22%-ს, ორმაგი კი დაახლოებით ორჯერ მეტს. სუპერფოსფატი ნაცრისფერი ფერის, ფოსფორმჟავას დამახასიათებელი სუნის მქონე ფხვნილია. 

სუპერფოსფატი მიწაში გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ბარვის დროს შეაქვთ, ასევე ფესვის თხევადი საკვები დანამატის ხსნარის სახით. ბარვის დროს 1 მ2 ფართობზე 100-200 გრ უბრალო სასუქი შეაქვთ. თხევადი საკვები დანამატის დამზადებისას 10 ლ წყალზე 12-25 გრ უბრალო სუპერფოსფატს იღებენ და ხსნარს 2-3 დღის განმავლობაში აჩერებენ. გამოყენების წინ ნარევს არ ანჯღრევენ, არამედ ფრთხილად ღვრიან მის ზედა ნაწილს და ფესვის საკვებ დანამატად იყენებენ, ნარჩენს კი კომპოსტში ასხამენ. ორმაგი სუპერფოსფატის გამოყენების შემთხვევაში დოზა დაახლოებით ორჯერ მცირდება. 

სუპერფოსფატის გამოყენება კირთან ან ცარცთან ერთად არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში მცენარე ფოსფორს ვეღარ ითვისებს. აუცილებლობის შემთხვევაში ამ სასუქების ერთდროული გამოყენებისას ნიადაგში ჯერ სუპერფოსფატი შეაქვთ, შემდეგ მიწას ბარავენ და კირს და ცარცს ნიადაგს მხოლოდ ამის შემდეგ აწვდიან. 

ფოსფორიტული ფქვილი სუპერფოსფატთან შედარებით დაახლოებით ერთნახევარჯერ ნაკლებ ფოსფორს შეიცავს. ფოსფორიტული ფქვილი ისევე გამოიყენება, როგორც სუპერფოსფატი. 

კალიუმიანი სასუქი 

კალიუმის სულფატი (გოგირდმჟავა კალიუმი) 45-48% კალიუმს შეიცავს. ის თეთრი ფერის, ოდნავ მოყვითალო ან მონაცრისფრო შეფერილობის კრისტალიზებული ფხვნილია, რომელიც წყალში კარგად იხსნება. ქლორს პრაქტიკულად არ შეიცავს. კალიუმის სულფატი საუკეთესო კალიუმიანი სასუქია. ის ნიადაგში შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ბარვის დროს შეაქვთ 1 მ2 მიწაზე 20-40 გრ ოდენობით, ასევე იყენებენ მშრალი საკვები დანამატის სახით 10-20 გრამს 1 მ2-ზე.

ქლოროვანი კალიუმი 53-63% კალიუმს შეიცავს, წყალში იოლად იხსნება და ნიადაგში კარგად ნარჩუნდება. ქლოროვანი კალიუმი ყველაზე გავრცელებული კალიუმიანი სასუქია, თუმცა, ნიადაგს ამჟავიანებს, ამიტომ მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგში ის კირით დამუშავების შემდეგ შეაქვთ.

ქლოროვანი კალიუმი ნიადაგში შემოდგომაზე შეაქვთ: სასუქი ქლორს შეიცავს, რომელიც ზამთარში მიწიდან ირეცხება, კალიუმს კი ნიადაგი ითვისებს და ის მცენარეებისთვის მისაწვდომ მანძილზე ნარჩუნდება. სასუქი ნიადაგში შეაქვთ შეზღუდული ოდენობით 1 მ2-ზე 5-10 გრ. 

კალიუმის მარილი 30-40% კალიუმს შეიცავს და თითქმის ისეთივე თვისებებით ხასიათდება, როგორც ქლოროვანი კალიუმი. ის ძლიერმოქმედი კალიუმიანი სასუქია და გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სახის ბოსტნეული კულტურისთვის. 

კომპლექსური სასუქები 

ხის ნაცარი – უნივერსალური კომპლექსური სასუქია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნაცარი ბოსტნეული კულტურებისთვის სასარგებლო ბევრ ელემენტს შეიცავს – კალიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, სილიციუმი, გოგირდი და სხვ. ნაცრის მეტად ფასეული თვისება მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგის ნეიტრალიზების უნარია. 

ნაცარი ნიადაგში შემოდგომაზე ან გაზაფხულზე შეაქვთ. ძირითადად, მშრალი სახით 1 მ2-ზე 50-200 გრ ოდენობით. ნაცრის, როგორც სასუქის სახით მოქმედება 2-2.5 წლის განმავლობაში გრძელდება. 

კალიუმის გვარჯილა (აზოტმჟავა კალიუმი) 13% აზოტსა და 46% კალიუმს შეიცავს. ის მოყვითალო-მონაცრისფრო შეფერილობის კრისტალიზებული ფხვნილია, რომელიც წყალში კარგად იხსნება. ეს სასუქი ყველა სახის ბოსტნეული კულტურისთვის გამოიყენება. კალიუმის გვარჯილის გამოყენება რეკომენდებულია ფესვის თხევადი საკვები დანამატებისთვის (განსაკუთრებით ნაყოფის გამოკვირტვის მომენტში – კიტრი, პომიდორი, წიწაკა). გამოიყენება 10 ლ წყალზე 30-40 გრ ოდენობით. 

ნიტროამოფოსკა აზოტს, ფოსფორს და კალიუმს (თითოეულს 17%-ის ოდენობით) შეიცავს, წყალში კარგად იხსნება და გრანულირებული სახით გამოდის. ეს სასუქი გამოიყენება ყველა ნიადაგზე და ყველა ბოსტნეული კულტურისთვის. ის მშრალი სახით შეაქვთ ბარვისას შემოდგომასა და გაზაფხულზე, ასევე იყენებენ თხევადი საკვები დანამატის სახით 1 მ2-ზე 30-40 გრ ოდენობით. 

კარბონატული ნიტროფოსკა 16% აზოტს, 11% ფოსფორს, 14% კალიუმს შეიცავს, წყალში კარგად იხსნება და გრანულების სახით გამოდის. ნიტროფოსკა, ჩვეულებრივ, ნიადაგში ბოსტნეული კულტურების თესვის წინ, მშრალი სახით შეაქვთ 1 მ2 ფართობზე 50-60 გრ ოდენობით, ასევე იყენებენ თხევადი საკვები დანამატის სახით 10 ლ წყალზე 20-30 გრ ოდენობით. 

მიკროსასუქი შეიცავს ბორს, მანგანუმს, თუთიას, სპილენძს, მოლიბდენს. ამ ელემენტებს მცენარეები უკიდურესად მცირე ოდენობით ითვისებენ, თუმცა, მათი ნაკლებობისას ბოსტნეული კულტურების ზრდა და განვითარება ძლიერად ყოვნდება, შესაბამისად მოსავლის ხარისხი და მოცულობაც მცირდება. მიკროსასუქები ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის სათბურში მოყვანის პირობებში. ნიადაგში მიკროსასუქის თანაბარი განაწილებისთვის რეკომენდებულია მისი მინერალურ სასუქთან, ტორფთან ან ნაცართან არევა. 

ნიადაგის დამუშავება 

ნიადაგის სწორი დამუშავება წყლის, ჰაერის, სითბოსა და კვების კარგი რეჟიმის შექმნას უწყობს ხელს, ასევე მავნებლების განადგურებასა და დაავადებებისგან დაცვაში ეხმარება. 

ნიადაგის დამუშავება დაცული გრუნტის ნაგებობებში შემოდგომაზე, სიცივეების დადგომამდე და გაზაფხულზე ხდება. კარგად დამუშავებულ ნიადაგს უნდა ქონდეს 60-65% ტენიანობა და თხრის დროს კარგად ფხვიერდებოდეს. ასეთი ნიადაგი მაგრად მომუშტული ხელიდან წვეთ წყალს არ გამოყოფს და წარმოადგენს მყარ გუნდას, რომელიც 80-90 სმ სიმაღლიდან დავარდნისას იშლება. 

შემოდგომაზე ნიადაგის გათოხნა მოსავლის აღებისთანავე უნდა მოხდეს. ამასთან ნიადაგს ყველანაირ ფესვებს და ნარჩენებს აშორებენ და მასში მინერალური და ორგანული სასუქი შეაქვთ. თხრიან ნიჩბის პირის მთელ სიგრძეზე (20-30 სმ), მიწის გუნდებს არ შლიან და ზედაპირს არ ასწორებენ. ამ შემთხვევაში ყინვა დაბარულ ფენას აფხვიერებს, ნიადაგზე მეტი თოვლი ხვდება და ტენი მიწის სიღრმეში აღწევს. 

დაცული ნიადაგის ნაგებობებისთვის მიწას შემოდგომაზე ამზადებენ, რათა ორგანულმა სასუქმა და გამაფხვიერებელმა მასალებმა დაშლა მოასწროს, ზამთრისთვის მომზადებული მავნებლები კი დაიღუპოს. სათბურებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად ყველა კომპონენტს ერთმანეთში გულდასმით ურევენ. ბოსტნეული კულტურების უმრავლესობისთვის ნიადაგის ფენა 25-30 სმ უნდა იყოს, ანუ 1 მ2 ნათესისთვის საჭიროა 0.25-0.3 მ2 მიწა. ნიადაგში ამატებენ ასევე მინერალურ სასუქს: ამიაკიანი გვარჯილა – 60-90 გრ/მ2; სუპერფოსფატი – 30-40 გრ/მ2; ქლოროვანი კალიუმი – 10-15 გრ/მ2. 

სასუქის შეტანის შემდეგ ნიადაგი 20-20 სმ სიღრმეზე უნდა დაიბაროს.

meurne.sknews.ge
agrokavkaz.ge

თქვენი რეკლამა