
ყავის მოყვარულები, დილით არომატული სასმელის ერთი ფინჯანის დალევის შემდეგ თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ, ვიდრე სხვა დღეებში, იმავე დროს, ყავის გარეშე.
ეს არის გერმანიის ბილეფელდის უნივერსიტეტისა და დიდი ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის შედეგი, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „Scientific Reports“-ში. როგორც ანალიზი აჩვენებს, რესპონდენტები თავს უკეთ და უფრო ენერგიულად გრძნობენ ყავის ან სხვა კოფეინიანი სასმელების მიღებისას.
მკვლევარებმა გამოკითხეს 18-დან 29 წლამდე ასაკის 236 ახალგაზრდა, რომლებიც რეგულარულად მოიხმარდნენ კოფეინიან სასმელებს. ორიდან ოთხ კვირამდე პერიოდში მონაწილეებმა შეავსეს მოკლე კითხვარი მობილური ტელეფონებით. დღეში შვიდჯერ ისინი აღწერდნენ თავიანთ ამჟამინდელ განწყობას და იტყობინებდნენ, მოიხმარეს თუ არა კოფეინი ბოლო 90 წუთის განმავლობაში.
დიდი ხანია ცნობილია, რომ კოფეინს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც თავის მხრივ იწვევს კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებას და აფექტური მდგომარეობების ცვლილებებს. ეს ეფექტები საფუძვლიანად იქნა შესწავლილი ლაბორატორიაში, მაგრამ კოფეინის გავლენა ადამიანებზე ყოველდღიურ ცხოვრებაში შედარებით ნაკლებად შესწავლილი რჩება.
კვლევის მიზანი იყო ამ ხარვეზის შევსება კოფეინის მწვავე მოხმარებასა და აფექტურ მდგომარეობებს შორის კავშირის შესწავლით ბუნებრივ გარემოში, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა დღის დრო, ინდივიდუალური განსხვავებები და კონტექსტუალური ფაქტორები.
ყავა კარგი განწყობისთვის
გამოკითხვის თანახმად, კოფეინის მოხმარება ზრდის დადებით ემოციებს და „აცოცხლებს“. ყავა ასევე ებრძვის ნეგატიურ განწყობას, როგორიცაა სევდა და ბრაზი, მაგრამ ეს ეფექტი ნაკლებად გამოხატულია.
კოფეინის მოხმარებასა და დადებით ემოციებს შორის კავშირი ყველაზე გამოხატული იყო გაღვიძებიდან პირველი ორნახევარი საათის განმავლობაში, ანუ დილით. საერთო ჯამში, ამ კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ კოფეინს შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აფექტური მდგომარეობების მოდულირებაში.
არც ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყავას შეუძლია შეანელოს ქრონიკული ღვიძლის დაავადებების პროგრესირება. ამ კვლევის შედეგები კი მიუთითებს, რომ კოფეინს შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში განწყობისა და ემოციური გამოვლინებების შეცვლაში.
ეფექტი ყველასთვის დაახლოებით ერთნაირია
მეცნიერებს ასევე სურდათ გაერკვნენ, ერთნაირად მოქმედებს თუ არა ყავა სხვადასხვა ადამიანზე. „გაგვიკვირდა, რომ ვერ აღმოვაჩინეთ განსხვავება სხვადასხვა დონის მოხმარების მქონე ადამიანებსა და დეპრესიის, შფოთვის ან ძილის პრობლემების მქონე ადამიანებს შორის“, – აღნიშნავს ბილეფელდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და სპორტის მეცნიერებათა დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯასტინ ჰაჩენბერგერი კვლევის კომენტარში. „კოფეინის მოხმარებასა და დადებით და უარყოფით ემოციებს შორის კავშირი შედარებით მსგავსი იყო ყველა ამ ჯგუფში“.
მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ მომატებული შფოთვის მქონე ადამიანები კოფეინის მიღების შემდეგ განიცდიდნენ ნეგატიურ განწყობის ცვლილებებს, როგორიცაა მომატებული ნერვიულობა. „თუმცა, შესაძლებელია, რომ ისინი, ვინც იცის, რომ ცუდად რეაგირებს კოფეინზე, უბრალოდ არ მოიხმარენ მას. ასეთი ადამიანები არ იყვნენ შეყვანილი კვლევაში, რადგან გაანალიზდა მხოლოდ იმ ადამიანების მონაცემები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ კოფეინს“, – განმარტავს ჯასტინ ჰაჩენბერგერი.
როგორ მოქმედებს ყავა მეცნიერული თვალსაზრისით
მეცნიერები განწყობის ამაღლების ეფექტს ხსნიან იმით, თუ როგორ მოქმედებს კოფეინი ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელსაც ადენოზინი ეწოდება, რაც ძილიანობას იწვევს. როგორც უორვიკის უნივერსიტეტის დოქტორი და კვლევის თანაავტორი ანუ რეალო განმარტავს: „კოფეინი ბლოკავს ადენოზინის რეცეპტორებს, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ დოფამინის აქტივობა ტვინის ძირითად უბნებში და გამოიწვიონ ეფექტი, რომელიც, კვლევების თანახმად, დაკავშირებულია განწყობისა და სიფხიზლის გაუმჯობესებასთან“. დოფამინი ცნობილია, როგორც ბედნიერების ჰორმონი.
თუმცა, კვლევას ჯერ არ შეუძლია დაადგინოს, რეალურად აბედნიერებს თუ არა ყავა ადამიანებს, თუ სუბიექტები უბრალოდ დამოკიდებულნი იყვნენ კოფეინზე და შესაბამისად, თავს ნაკლებად კომფორტულად გრძნობდნენ მის გარეშე. „მათაც კი, ვინც ზომიერად სვამს კოფეინს, შეიძლება განუვითარდეთ მსუბუქი აბსტინენციის სიმპტომები, რომლებიც დილით პირველი ფინჯანი ყავის ან ჩაის მიღებისთანავე ქრება“, – აღნიშნავს მკვლევარი.
კოფეინის მოხმარება გავრცელებული ჩვევაა
„მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი კოფეინიან სასმელებს სვამს, ჩაისა და ყავის მოხმარებას კი დიდი ისტორია აქვს“, – ამბობს კვლევის თანაავტორი, ბილეფელდის უნივერსიტეტის პროფესორი საკარი ლემოლა და კვლევის შესახებ ინფორმაციას ამატებს. „კოფეინის მოხმარება გარეულ ცხოველებშიც კი დაფიქსირდა; მაგალითად, ფუტკრები და ბზიკები კოფეინის შემცველი მცენარეების ნექტარს ამჯობინებენ“.
ვინაიდან კვლევაში მხოლოდ ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც რეგულარულად სვამენ ყავას, მეცნიერები შედეგების განზოგადებაში სიფრთხილეს იჩენენ. ზოგიერთ ადამიანში კოფეინს შეუძლია განწყობის უარყოფითი ცვლილებები გამოიწვიოს, მაგალითად, ნერვიულობის მომატება. ორსულ ქალებს ყავის დალევას არ ურჩევენ. ამიტომ, ყავა არ უნდა ჩაითვალოს ბედნიერების უნივერსალურ სტიმულატორად. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კოფეინის მოხმარებამ შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს.
წყარო: DW