ეს პატარა ქალბატონი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ოფისში, ნინო ზამბახიძემ გამაცნო. ნინო, ერთგვარი აღტაცებით საუბრობდა, აი ესენი შექმნიან წარმატებულ ქვეყანას, ამათ უნდა შევუწყოთ ხელი, ამათშია საქართველოს მომავალი!
ბაია აბულაძე, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში ასეთი სტატუსით გაწევრიანდა: ბაია აბულაძე – მეღვინეობა, დაიბადა 1993 წლის 14 ივნისს, ბაღდათში, სოფელ მეორე ობჩაში.
ობჩის პირველი საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უნივერსიტეტი წარჩინებით დაასრულა, ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.
ეხლა თვითონ ბაიას წერილს გთავაზობთ უცვლელად
ქალი და ღვინო
The Terrioir needs more, than Southern Rain …
It needs Harmony,
It needs balance…
მეღვინეობას, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებს, მნიშვნელოვანი როლი აქვს იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც მასზე ზრუნავს. დღესდღეობით მეღვინეობა და მევენახეობა ერთმნიშვნელოვნად მამაკაცის საქმესთან იგივდება.
ქალისთვის-იყოს მეღვინე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უყვარს თავისი საქმე, როცა ქალი ხარ და თან მეღვინეც-ეს შენი ცხოვრების წესია, განსაკუთრებული, დიდ შრომასთან დაკავშირებული, როცა იწყებ-გითრევს, ყველა სეზონზე ფოფინი და ტრიალი სჭირდება.
ყველაფერი გასხვლიდან იწყება, იქიდან უნდა „უგდო ყური“ არაფერი შეგეშალოს. ახვევ, მერე მოდის კვირტში გამოსვლა, ყვავილობა, აცლი ზედმეტ ფოთლებს-რომ არ ჩახურდეს, (მორჩავ) აკრავ, მერე „აქიმობ“ , კრეფ, წურავ, დუღს, მერე კიდევ სინჯავ. მოდიან და მოსწონთ, გაქებენ. მოკლედ მშვენიალურია!
მეღვინე ქალის პერსპექტივიდან ღვინო ამ ყველა ეტაპის გავლას გულისხმობს, როცა იცი რა შრომა სჭირდება , სხვანაირად აფასებ. ზოგადი განწყობა ქალ მეღვინესთან დაკავშირებით -განსაკუთრებით დადებითია. ვინმე გაიგებს მეღვინე ხარო , მაშინვე გაქებენ და რაღაცნაირად დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად სხვანაირი თვალით გიყურებენ, პატივს გცემენ. მაშინვე გავიწყდება ყველანაირი დაღლა, იწყებ იმაზე ფიქრს, უკეთ როგორ იზრუნო.
კიდევ ერთი, როცა დადებით განწყობას გრძნობ, უკვე სხვანაირად უყურებ საქმეს. თუ ადრე ეს ცხოვრების წესი და ოჯახური შემოსავლის წყარო იყო, ახლა უკვე ეს შენ ხარ, შენი სახეა, არამხოლოდ მატერიალური ანაზღაურება. რომ თითოეული პროცედურის ჩატარება(სიმძიმის მიუხედავად)იმაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე სხვა რამე. თვითდამკვიდრებაში გეხმარება, ისეთი რამეა-საერთო ენას ყველასთან გამოგანახინებს. და კიდევ, საბოლოო შედეგი ჭიქაში რომ გისხია, განსაკუთრებით ბედნიერი და ლამაზია მაშინ ქალი, გამოიფსკვნის კუდს და ვინ იცის რას ფიქრობს…
შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ჩვენი ყოველდრიური საქმიანობის გაკეთება ისე შეიძლება, რომ არ მოგწყინდეს. მთავარია სიყვარულით აკეთებდე, მოსწონდეთ და მერე შენც დაძლიო პრობლემები. მეღვინეობა ქალს აძლევს ბევრი ფიქრის საშუალებას, თავისი თავის წარმოჩენისა და სხვების მხრიდან მისდამი პატივისცემას. ტერუარის ეფექტის გავლენა კი განსაკუთრებით მაშინაა მაღალი, მთელი გულით ესთეტიურად რომ უვლი ვენახს.
აი ასე გვწერს ბაია!
ბაია არის ბევრი საერთაშორიო პროექტის მონაწილე, მათ შორისაა იუნესკოს, ეუთოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები. ოჯახური საქმიანობის ძირითადი სფეროდან, მეღვინეობიდან გამომდინარე, იგი დაინტერესებულია ამ სფეროთი და აქტიურად განაგრძობს მეღვინეობასა და მევენახეობას.
P.S.სწორედ ეხლა, ამ პერიოდში, ნინო ზამბახიძე “ფორბსის” ყდაზე ვიხილეთ, ვუსურვებთ ბაია აბულაძეს, ისეთივე წარმატებული ყოფილიყოს როგორიც ნინოა!
მალხაზ ხაზარბეგიშვილი