ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტი დააჯარიმეს

სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აქტიურად ამოწმებს.

თბილისის და სამცე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების ინსპექტორებმა, როტაციის პრინციპით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, ახალდაბა) სასტუმროების, რესტორნების და კაფე-ბარების კვების ბლოკებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. შემოწმების პარალელურად, გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც.

სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 74 ობიექტზე, საიდანაც გამოვლენილი დარღვევების გამო 46 მათგანი დაჯარიმდა.

ბიზნესოპერატორებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები.

მომხმარებლის ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საჯარო ადგილებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების კვების ბლოკების შემოწმებას სისტემატურად ატარებს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის გააქტიურების შესახებ 2017 წლის მაისში გაფორმდა და უწყებებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას, ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.

თქვენი რეკლამა