კახაბერ გასვიანი პროექტ GRETA-ს კიდევ ერთი ბენეფიციარია ცაგერის რაიონიდან. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ცაგერის სოფელ ქულბაქში მწვანე ტბა მდებარეობს. 2005 წელს კახა გასვიანმა მიტოვებულ ტბორსა და გაუვალ ტყეზე ზრუნვა დაიწყო – თევზაობის სიყვარულით შთაგონებულმა კი საკალმახე აუზების მოწყობა გადაწყვიტა და აგროტურიზმის განვითარებას მიჰყო ხელი.
2014 წლიდან ხუთი ოჯახი გაერთიანდა, მათ შექმნეს კოოპერატივი „ქულბაქის მწვანე ტბა“ და შეიძინეს საჭირო ინვენტარი საკალმახე მეურნეობის განსავითარებლად.
პროექტ GRETA-ს ხელშეწყობით წარმოება აღჭურვილი იქნება თევზის საკვების გადამამუშავებელი დანადგარებით (თანამედროვე საწარმოო ხაზით), რომლის საშუალებით კახაბერი შეძლებს ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით დაამზადოს საკვები როგორც საკუთარი, ასევე რეგიონში არსებული სხვა სათევზე მეურნეობებისთვის. პროექტის ხელშეწყობის შედეგად, მწარმოებელს შეუმცირდება დანახარჯები და გაეზრდება შემოსავალი. ასევე, დასაქმდება რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი.
„2021 წლის ბოლომდე, თევზის ორგანული საკვების წარმოების დაწყებას შევძლებთ, რაც ქართული მეთევზეობის სფეროში სრულიად ახალი პროდუქტია. ამის საჭიროება, დიდი ხანია არსებობს როგორც რეგიონში, ისე მთელ საქართველოში, რადგან ადგილობრივი წარმოების საკვები ბაზარზე პრაქტიკულად არ არის. ჩვენი გათვლით, წელიწადში 50 ტონაზე მეტი ორგანული საკვების წარმოება იქნება შესაძლებელი, რაც საკალმახის გაფართოებასა და თევზების რაოდენობის ზრდაზეც აისახება. ბიო საკვები და მასზე გაზრდილი თევზები არამარტო ადგილობრივ, არამედ უცხოელ შემსყიდვლებშიც დიდ ინტერესს გამოიწვევს“ – ამბობს კახაბერ გასვიანი.
როგორც თავად კახა გვიყვება, თევზის საკვებთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა არსებობს. პროდუქტი ძირითადად უცხოეთიდან შემოდის და საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ გახსნილი მცირე საკალმახეები მალევე იხურება, რადგან თევზის შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება:
„საკვებთან დაკავშირებით, ყოფილა შემთხვევები, როცა ჩამოსულა პროდუქტი და გაფუჭებული ან ვადაგასული ყოფილა, რამაც თევზის სიკვდილიანობა შესაძლოა გამოიწვიოს. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა, როცა გაფუჭებულმა საკვებმა თევზები დამიხოცა. ყველა ინგრედიენტი, რაც ამ საკვებში შედის, საქართველოშიც არსებობს, უბრალოდ, წარმოება არ ხდება. არა და, საკმაოდ შეამცირებს ამ საკვების თვითღირებულებას, რაც აუცილებლად აისახება თავად თევზის ფასზეც“.
კახაბერ გასვიანი მიიჩნევს, რომ პროექტში სწორადაა ასახული მცირე ბიზნესის საჭიროებები, რაც აძლიერებს მეწარმეებს და მათ ეკონომიკურ ზრდაში ეხმარება – „უფრო მეტად იზრდება ნდობა ადგილობრივად დამზადებული პროდუქტის მიმართ, იცი, რას აჭმევ თევზს. თავად ინგრედიენტებსაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ყიდულობ – სიმინდია, ფქვილია, თუ სხვა პროდუქტი, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურად აძლიერებს სხვა ადგილობრივ წარმოებასაც. შესაბამისად, მათთვისაც იზრდება მოთხოვნა და თავიანთი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა ეძლევათ. რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში ბევრი პატარ-პატარა საკალმახეა, რომლებიც ელოდებიან, როდის დავიწყებთ წარმოებას. საჭირო დანადგარი უკვე შესყიდულია და ორ თვეში ჩამოვა საქართველოში, ჩვენც მალევე შევუდგებით წარმოებას. დასაწყისისთვის სწორედ ამ რეგიონების ათვისებას ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ისევ და ისევ ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. რაც უფრო ძლიერია ბიზნესი, მით უფრო მყარია ეკონომიკაც ქვეყანაში“ – ამბობს კახაბერ გასვიანი.
პროექტი GRETA ბენეფიციარებს ბიო-სერთიფიკატის მიღების პროცესშიც ეხმარება, რომელიც ერთიორად ზრდის წარმოებული პროდუქტის სანდოობას და საერთაშორისო ბაზრის ათვისების შესაძლებლობასაც იძლევა. გარდა ამისა, ეს ეხმარება პროექტის მონაწილეებს მსხვილ კომპანიებთან კომუნიკაციაში მარკეტინგის მიმართულებით, რაც ზრდის ბაზრის სწრაფად ათვისების პოტენციალს.
ინფორმაცია მოგვაწოდა პროექტმა GRETA.
აგროკავკასიას არ აქვს კავშირი პროექტთან, დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ GRETA-ს ვებ გვერდს https://gretaproject.ge/ka