წყლის რესურსებზე მზარდი ზეწოლა მსოფლიოს მრავალ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომავალს განსაზღვრავს.
გლობალური დათბობა, მოსახლეობის ზრდა და წყლის რესურსების არაეფექტიანი გამოყენება სოფლის მეურნეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება. FAO-ს შეფასებით, წყლის დეფიციტი უკვე გავლენას ახდენს როგორც მოსავლიანობაზე, ისე სასურსათო უსაფრთხოებაზე და განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
სოფლის მეურნეობა მსოფლიოში მოხმარებული მტკნარი წყლის დაახლოებით 70%-ს იყენებს, რის გამოც სექტორი წყლის რესურსების ცვლილებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. კლიმატის ცვლილების ფონზე გვალვების გახშირება, ნალექების არათანაბარი განაწილება და მაღალი ტემპერატურები წყლის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ამცირებს.
FAO აღნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში ფერმერები უკვე იძულებულნი არიან შეცვალონ სარწყავი პრაქტიკა, დანერგონ წყლის დაზოგვის ტექნოლოგიები და ნაკლებწყალმოხმარებადი კულტურები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წვეთოვან მორწყვას, ნიადაგში ტენის შენარჩუნების მეთოდებსა და ციფრულ მონიტორინგს, რომელიც წყლის უფრო ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია ხმელთაშუა ზღვის აუზში, სადაც ბოლო წლებში გვალვები გახშირდა. მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას ცენტრალური აზიაც, სადაც წყლის რესურსებზე ზეწოლა მოსახლეობის ზრდისა და სარწყავი სისტემების დატვირთვის გამო მატულობს. ახლო აღმოსავლეთში კი წყლის დეფიციტი უკვე ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ საკითხად განიხილება.
წყალი და სოფლის მეურნეობა — ძირითადი ფაქტები
- მსოფლიოში მოხმარებული მტკნარი წყლის დაახლოებით 70% სოფლის მეურნეობაზე მოდის;
- 3 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს რეგიონებში, სადაც წყლის რესურსებზე მაღალი ზეწოლაა;
- კლიმატის ცვლილება გვალვების სიხშირესა და ინტენსივობას ზრდის;
- წვეთოვანი მორწყვა წყლის დანახარჯს ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით 30–50%-ით ამცირებს;
- ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, ცენტრალური აზია და ახლო აღმოსავლეთი ყველაზე მოწყვლად ზონებს შორისაა.
FAO-ს ექსპერტების შეფასებით, თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, მომდევნო ათწლეულებში წყლის რესურსების მართვა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცევა. ქვეყნები, რომლებიც თანამედროვე სარწყავ სისტემებსა და წყლის დაზოგვის ტექნოლოგიებში ინვესტიციებს განახორციელებენ, კლიმატური რისკების მიმართ უფრო მდგრადები იქნებიან.
საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ წყლის დეფიციტის პრობლემა მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხი აღარ არის. ის პირდაპირ უკავშირდება სასურსათო უსაფრთხოებას, სოფლის განვითარებასა და აგრარული სექტორის ეკონომიკურ მდგრადობას.
წყარო: FAO – Water Scarcity and Agriculture
საქართველოს წყლის რესურსები

