ტოკიოს ტოიოსუს თევზის ბაზარში მსოფლიო ახალი რეკორდი დამყარდა.
NHK-ის ცნობით, წლის პირველ, თინუსის აუქციონზე, გიგანტური თინუსი 510 მილიონ იენად (დაახლოებით 3,24 მილიონი დოლარი) გაიყიდა.
თევზი ომას სანაპიროსთან, აომორის ჩრდილოეთ პრეფექტურაში დაიჭირეს და შთამბეჭდავ 243 კილოგრამს (536 ფუნტს) იწონიდა. ადგილობრივი ომას ცისფერფარფლიანი თინუსი, რომელსაც იშვიათობისა და ფასის გამო „შავ ბრილიანტს“ უწოდებენ, ტრადიციულად იაპონიის საუკეთესო შეფ-მზარეულების მაღალი მოთხოვნის თევზს წარმოადგენს.
ამჯერად, აუქციონის გამარჯვებული Kiyomura Corp. გახდა, რომელიც პოპულარული სუშის რესტორნების ქსელის, Sushizanmai-ს მფლობელია.
კიიომურას პრეზიდენტმა, კიოში კიმურამ, რომელიც ცნობილია როგორც „თინუსის მეფე“, არაერთი აუქციონი მოიგო. 2012 წელს მან თინუსში 56.5 მილიონი იენი გადაიხადა, 2013 წელს – 155 მილიონი, ხოლო 2019 წელს რეკორდი დაამყარა, თინუსი 333.6 მილიონ იენად შეიძინა.
ბოლო წლებში „თინუსის მეფის“ გვირგვინი დროებით, Sushi Ginza Onodera ქსელის მფლობელ Onodera Group-ს გადაეცა, რომელმაც გასულ წელს აუქციონზე თავისი პირველი თევზი „მოკრძალებულ“ 207 მილიონ იენად (1.3 მილიონი აშშ დოლარი) შეიძინა.
ამ აუქციონზე კიმურამ კვლავ გაიმარჯვა და 2019 წლის საკუთარი რეკორდი მოხსნა. „მეგონა, რომ გამარჯვებული ფასი ცოტა უფრო დაბალი იქნებოდა – დაახლოებით 300-400 მილიონი იენი – მაგრამ საბოლოოდ 500 მილიონზე მეტი აღმოჩნდა“, – განუცხადა კიმურამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, თინუსის მაღალი ფასი პანდემიის შემდეგ იაპონური რესტორნების ინდუსტრიის სრულ აღდგენაზე მიუთითებს: ტურისტები კვლავ აქტიურად ჩამოდიან ქვეყანაში, ხოლო ადგილობრივები რესტორნებს უფრო ხშირად სტუმრობენ, ვიდრე მკაცრი ლოკდაუნის დროს.
აუქციონის შემდეგ, გიგანტური თინუსი Sushizanmai-ს მთავარ რესტორანში მიიტანეს, სადაც ის დაჭრეს და ქსელის ფილიალებში გადაანაწილეს. კიმურას თქმით, თინუსის კერძები მომხმარებლებისთვის ჩვეულებრივ ფასებში გაიყიდება.

