თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

ნარჩენების

დედაქალაქში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც საქართველოში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება.

ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხელი მოაწერა მხარდაჭერის ხელშეკრულებას, ხოლო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ – განხორციელების ხელშეკრულებას.

პროექტის ფარგლებში, დიდი ლილოს პოლიგონზე მასალების აღმდგენი ობიექტი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმო აშენდება, რომლის საშუალებითაც ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების შემდეგ, მასალის რეალიზება მოხდება.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა. პირველი, რაც გაკეთდება, ესაა გადამტვირთი სადგურის მოწყობა, ფაქტობრივად ახლის მშენებლობა და ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობის მოწესრიგება. გარდა ამისა, მოწესრიგდება ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ქალაქისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ამ პროექტის განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ფინანსთან მინისტრის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის მიმართულებას თბილისში.

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომელმაც გამოყო 26 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში. ეს არის ნარჩენების გადამუშავების პროექტი. აღნიშნული თანხიდან ნაწილი – 22 მილიონი ევრო გამოყოფილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, ხოლო 4 მილიონი ევრო გამოყოფილია მწვანე კლიმატის ფონდიდან. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის პროგრამას დედაქალაქში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

პროექტის მნიშვნელობას ასევე ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმაც.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რათა თბილისში დაიწყოს ნარჩენების სეპარაცია და მართვა. აღნიშნული პროექტის უპირველესი მიზანია თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელება დაიწყება თბილისიდან და გვსურს, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც განხორციელდეს, მათ შორის, ბათუმში.

ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლოსთვის წამოვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გარემოსდაცვით მიზნებს“, – განაცხადა ალკის დრაკინოსმა.

ხელმოწერის ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ესწრებოდა.

თქვენი რეკლამა