გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 7 ივნისს არაერთი საინფორმაციო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.
თბილისში, რიყის პარკში, ქართული წარმოების სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო; გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით, მოსწავლეებისთვის ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „სურსათის უვნებლობა – მითები და ფაქტები“.
ღონისძიებას ესწრებოდა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.
,,სურსათის უვნებლობის დღეს ვულოცავ სურსათის ეროვნული სააგენტოს ყველა თანამშრომელს, ბიზნესოპერატორებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს პარტნიორებს, ასევე ჩვენს პატარა მომხმარებლებს, რომლებმაც დღევანდელ ღონისძიებაზე მოისმინეს, რამდენად მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. სააგენტოს სპეციალისტებისგან მიღებული ინფორმაცია მათ მომავალში სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება”, – აღნიშნა კახა კაკაბაძემ.
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში ყველა რგოლის გაერთიანებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.
,,ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა რგოლის ჩართულობას, კოორდინირებულ მუშაობასა და თანამშრომლობას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქცია აკისრია სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ჩვენი ინსპექტორები ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ, მუდმივ კომუნიკაციაში არიან ბიზნესოპერატორებსა და მომხმარებლებთან, აცნობენ მათ სურსათის უვნებლობის ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებს, უზიარებენ მნიშვნელოვან სიახლეებს. ჩვენს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სურსათის უვნებლობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. შედეგად, გამოვლენილი დარღვევების პროცენტული მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება“, – აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, სამეცნიერო წრეების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და მოსწავლეები.
წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის გზავნილია „შეხვდი მზად სურსათისმიერ საფრთხეებს”, რაც ყურადღებას სურსათის მოხმარებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების განსაზღვრასა და მათი თავიდან აცილების გზებზე ამახვილებს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ და ბიზნესმა იცოდეს, როგორ შეიძინოს, მოამზადოს და მოიხმაროს სურსათი უვნებლად და როგორ მოიქცეს სურსათისმიერი მოწამვლის შემთხვევაში.
სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინიციატივით, 2019 წლიდან ყოველწლიურად 7 ივნისს აღინიშნება.