გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, სატყეო სექტორის სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმის მომზადებაზე იმსჯელეს.
ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და უნგრეთის სატყეო კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ამ მიმართულებით ევროკავშირის გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის N343 დადგენილებით დამტკიცებული „2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“, რომელიც გაერთიანებული ერების ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელების პრინციპული ინსტრუმენტია, ავალდებულებს ქვეყანას სატყეო სექტორის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
აგრეთვე, მნიშვნელოვანია 2016 წელს ძალაში შესული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმადაც საქართველოს ევალება ტყის მდგრადი მართვის სისტემის შექმნა. ეს პროცესი კი მოითხოვს კონკრეტული ქმედებების დროში გაწერასა და ღონისძიებების გატარებას, შედეგების მონიტორინგსა და ანგარიშგებას.
სწორედ ამ პროცესის თანმიმდევრულად წარმართვისთვის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით (GIZ), მუშავდება სატყეო სექტორის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის სტრატეგიის“ სამუშაო დოკუმენტზეც იმსჯელეს.
შეხვედრას, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.