ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 18 სექტემბერს, ჩინეთში, ქალაქ სიამენში, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Fair for Investment & Trade) გაიხსნა, სადაც საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამონაწილეობით დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის პირველ დღეს, გაიმართა საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნეს.
საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებულია როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია.
გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრები, ორმხრივი სესიები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ბევრი სხვადასხვა ღონისძიება, რაც საქართველო ჩინეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.