სამეგრელოს რეგიონში მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გაიხსნა

მეფუტკრეობა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ სამეგრელოს რეგიონში, სოფელ მუხურში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გახსნეს. აღნიშნული ბაზა ორი ლაბორატორიის, საოფისე და დამხმარე შენობა-ნაგებობისგან შედგება.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ექსპერიმენტული ბაზა დარგის განვითარების ხელშემწყობის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ბაზაზე განთავსებულია სასელექციო და სანაშენე მეურნეობა, სადაც შესაძლებელია ხალასი ქართული ფუტკრის ჯიშის გამოყვანა, სელექცია და მაღალპროდუქტიული ჯიშის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ეს გახლავთ უნიკალური გენოფონდი, რომელიც დაკარგვის პირას იყო და რომლის აღდგენა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეძლო. ახლა კი მნიშვნელოვანია ბაზაზე დაინერგოს ის მეთოდები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად გავამრავლოთ და შემდგომ ამ ახალი ჯიშის პრაქტიკულ გამოყენებაში დაბრუნება შევძლოთ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაზის გახსნის ღონისძიებაზე.

საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მუხურის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა უნიკალური პროექტია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ემსახურება ქართული პოპულაციების აღდგენას და პოპულარიზაციას.

როგორც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, უძველესი ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელდა, სამომავლოდ იგეგმება ფუტკრის გურული და ქართლური პოპულაციების აღდგენაც, რაც მეფუტკრეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე სისტემატურად მოეწყობა ღია კარის და სადემონსტრაციო დღეები. სწავლებას გაივლიან როგორც ფერმერები, ასევე მეფუტკრეობით დაინტერესებული პირები.

სემინარები გაიმართება ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ, სადაც მონაწილეები გაეცნობიან იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაკავშირებულია როგორც ხელოვნურ განაყოფიერებასთან, ასევე, ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასთან.

თქვენი რეკლამა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.