2019 წლის „ახალი ღვინის ფესტივალი“ განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან, ხოლო ფესტივალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, რიგით მეათეა.
„საქართველოს ღვინის კლუბი“ იუბილესთან დაკავშირებით წელს მნიშვნელოვან სიახლეებს გთავაზობთ. როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.
2019 წლის 11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი, 19 სხვა კომპანია. სულ 250 ფესტივალის მონაწილეა.
ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. გასულ 2018 წელსაც ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.
ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 11 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2018 წლის) საუკეთესო ღვინოებს.
ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება.
ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან – ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი “მარანი” (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.