საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში

საწვავი, ბენზინი, დიზელი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), 2024 წელს, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით 2024 წელს, ქვეყანაში 47 ეკონომიკური აგენტის მიერ  1 668 280  ათასი ლიტრი 2 781 481 558 ლარის ღირებულების ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 541 612 ლიტრი) 8.2%-ით აღემატება. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 959 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილმა საერთო იმპორტში შეადგინა 44%, 5 იმპორტიორის – 62%. ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზროს წილების სახით.

2024 წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან – 54%, რომელსაც მოყვება ბულგარეთი – 16.7% და რუმინეთი – 14.7%. აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით, შემცირებულია საწვავის იმპორტი რუსეთიდან  და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი.

რაც შეეხება ბაზრის საცალო დონეს – 2024 წელს, 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას  383 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის მაჩვნებელი 1190 ერთეულს შეადგენდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 5 მსხვილი კომპანიის წილი შეადგენდა 67.1%-ს (500 ავტოგასამართი სადგური).

როგორც მოქმედი ავტოგასამართი სადგურების, ასევე HHI ინდექსის და მსხვილი კომპანიების საბაზრო წილების შემთხვევაში, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს – ბენზინისა და დიზელის შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე არსებითი ცვლილებები არ ფიქსირდება.

საცალო ფასების მიმართულებით, 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა. მარტი-ივნისის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, ამავე წლის იანვარი-თებერვლის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად, გაიზარდა საცალო ფასებიც.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება შემცირდა, ამავე წლის მარტი-ივნისის პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის პარალელურად, საცალო ფასების შემცირება მოხდა 23 სექტემბრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, რაც სააგენტოს პოზიციით შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც დაგვიანებული ასახვა.

წყარო: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

თქვენი რეკლამა