დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.
პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში ისეთი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული, როგორიცაა ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი.
„კომპანია „იან დე ნული“ სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში – მაროკოში, ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და მოხარულები ვართ ამ კომპანიის ჩართულობით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც, უახლოეს მომავალში საპარტნიორო და საკონცესიო შეთანხმება გაფორმდება.
„სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ჩვენ ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დავასახელეთ. თუმცა ვფიქრობ, სამუშაოები უფრო მაღალი ტემპით წარიმართება. უკვე გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს.
ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას. ყველა თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას.
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა პირველ ვიცე-პრემიერს, რომელიც წარმართავს შესაბამის პროცესებს, მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიას, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველა ადამიანს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი ბელგიური კომპანია „იან დე ნულის“ მმართველმა დირექტორმა იან პიტერ იან დე ნულმა და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ.
ცერემონიის ფარგლებში ლევან დავითაშვილმა და იან პიტერ იან დე ნულმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „იან დე ნულს” შორის, რომლის თანახმად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, პრაქტიკა გაიარონ კომპანია „იან დე ნულის“ საკუთრებაში არსებულ გემზე, რომელიც ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებზე იმუშავებს.