პროექტის „თბილისის მშრალი პორტი“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის, მშრალი, პორტი

თბილისში პროექტის „თბილისის მშრალი პორტი“ განხილვის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით „აბუ დაბი პორტს გრუპის“ (AD Ports Group) დელეგაცია იმყოფება.

„თბილისის მშრალი პორტი“ თანამედროვე, ინტერმოდალური ლოჯისტიკური ცენტრია რომელიც ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას წარმოადგენს. ის აკავშირებს პორტებსა და ლოჯისტიკურ ობიექტებს.

პორტი ფუნქციონირებას უკვე მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან  „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს – საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე „მშრალი პორტების“ ქსელის გამოყენებით.  

„მშრალი პორტი“ თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283,000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, დაგეგმილია A და B კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200000 TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია „მშრალი პორტის“ ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და რკინიგზის მშენებლობა. 

პროექტის პრეზენტაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციის წევრებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი დაესწრო. 

„შუა დერეფნის მარშრუტი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ინვესტორებთან თანამშრომლობაზე და უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზე, ხაზს ვუსვამთ ხოლმე ხარისხიან ინვესტიციებს. ახლა სწორედ ასეთი ინვესტიცია ხორციელდება, რაც პირდაპირ კავშირში და სრულადაა თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან და პრიორიტეტთან, რომელიც „შუა დერეფნის“ ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს იმისთვის, რომ მისი კონკურენტუნარიანობა გლობალურად გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, ამ პროექტით პროფესიონალი ოპერატორების საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი სიგნალია ტვირთმფლობელებისთვის და სხვადასხვა პარტნიორი მხარისთვის, რომ ამ მარშრუტს დიდი პოტენციალი აქვს და სწორად ვითარდება“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

AD Ports Group-მა „თბილისის მშრალი პორტის“ შეძენის პროცესის დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა – შედეგად ჯგუფი  60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. კომპანიამ „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა, პროექტში მის განვითარებასთან ერთად კიდევ დამატებით ინვესტიციები ჩაიდება.

თქვენი რეკლამა