მოლდოვა სუფრის ყურძნის ექსპორტის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

სუფრის, ყურძენი

მოლდოვა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუფრის ყურძნის მწარმოებელი ქვეყანაა, ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად ახალ ეტაპზე გადადის.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ქვეყნის მევენახეებისთვის პრაქტიკული სასწავლო პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანია პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან უფრო მარტივად ადაპტირება.

მოლდოვა ყოველწლიურად 130 ათას ტონაზე მეტ სუფრის ყურძენს აწარმოებს, რომლის დაახლოებით 60% ექსპორტზე გადის. თუმცა ბოლო წლებში სექტორს სერიოზული გამოწვევები დაუგროვდა – გაიზარდა საწარმოო ხარჯები, შეიცვალა ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები, ხოლო ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაცილებით მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილება გახდა აუცილებელი.

ამ მიზნით FAO-მ და მოლდოვის სოფლის განვითარების ეროვნულმა ასოციაციამ (ACSA) ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ე.წ. ფერმერთა საველე სკოლები შექმნეს. სწავლება უშუალოდ მოქმედ ვენახებში მიმდინარეობს, სადაც მევენახეები სეზონის განმავლობაში პრაქტიკულად სწავლობენ მოსავლის სწორად აღებას, ხარისხის შეფასებას, მცენარეთა დაცვის საშუალებების უსაფრთხო გამოყენებასა და მოსავლის შემდგომ დამუშავებას.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მევენახეებმა უკეთ გაიაზრონ, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით მცირე ტექნოლოგიურმა შეცდომამ მთელი პარტიის ექსპორტი დააზარალოს. მაგალითად, პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის გადაჭარბებამ ან მოსავლის არასწორმა დამუშავებამ შესაძლოა ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის შეტანა შეუძლებელი გახადოს.

FAO-ს შეფასებით, პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული ეს მოდელი მოლდოვის სუფრის ყურძნის სექტორს დაეხმარება არა მხოლოდ ხარისხის გაუმჯობესებაში, არამედ ევროპულ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებასა და ექსპორტის ზრდაშიც. პროექტი ხორციელდება FAO-ს „ერთი ქვეყანა – ერთი პრიორიტეტული პროდუქტის“ (OCOP) ინიციატივის ფარგლებში და მიზნად ისახავს მოლდოვის ყურძნის წარმოების გრძელვადიან, მდგრად განვითარებას.

წყარო: FAO

სუფრის ყურძენი – დარგვა, ვენახის გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა