გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, კონკურსის „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, რომლის აღნიშვნის ფარგლებშიც, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას 170-მდე სტუმარი, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ესწრებოდა.
„მწვანე ჯილდო – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2024” ქ.თბილისის N126 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ნინო ბარბაქაძე-კახნიაშვილმა მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2024” ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალისა და ვარხანის საჯარო სკოლების ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის მასწავლებელმა ნინო კაჭკაჭაშვილმა.
გამარჯვებულებს ჯილდოები მინისტრმა ოთარ შამუგიამ გადასცა.
„დიდ პატივისცემას გამოვხატავ პედაგოგებისა და აღმზრდელების მიმართ; ჩვენი შვილების, მომავალი თაობის განათლება და მათთვის ცოდნის გადაცემა, როგორც გარემოსდაცვითი, ასევე აგრარული განათლების მიმართულებით, დიდი პასუხისმგებლობაა და დასაფასებელია. 5 ივნისს მთელი მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს და სიმბოლურია, რომ კონკურში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება ამ დღესთან დაკავშირებით იმართება. ვულოცავ ყველას და ვუსურვებ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას. ჩვენი მთავრობის, სამინისტროს პრიორიტეტია, ვიზრუნოთ და დავიცვათ გარემო, უნიკალურ ბუნება; ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ იმ ამოცანებზე, რომელიც დასახული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ჯანსაღი გარემოს დასაცავად არაერთი რეფორმა უკვე განვახორციელეთ. მომავალში ეს რეფორმები კიდევ უფრო მასშტაბური იქნება”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წლიდან ტარდება. კონკურსის მიზანი იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისებაა, რომლებიც ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე და სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”.
ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადასცა. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები.
დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.
კონკურსის „მწვანე ჯილდო” მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისის ზოოპარკი, ეკოხედვა, CENN.