უკრაინის ზეთოვანი კულტურების სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. თუ წლების განმავლობაში ქვეყანა სოიასა და რაფსს ძირითადად ნედლეულის სახით ყიდდა უცხოურ ბაზრებზე, დღეს სულ უფრო დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნით გადამუშავდება. შედეგად იზრდება ზეთისა და შროტის წარმოება, ხოლო საექსპორტო სტრუქტურაში გადამუშავებული პროდუქციის წილი ფართოვდება.
UkrAgroConsult-ის ინფორმაციით, 2025/26 მარკეტინგულ წელს მოქმედმა 10%-იანმა საექსპორტო მოსაკრებელმა სოიისა და რაფსის ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ნედლი თესლის ექსპორტი ნაკლებად მიმზიდველი გახდა, რამაც გადამამუშავებელ საწარმოებს მეტი ნედლეულის მიღების შესაძლებლობა მისცა. შედეგად, ქვეყანაში მოყვანილი სოიის დაახლოებით 50%, ხოლო რაფსის 40% უკვე ადგილობრივ საწარმოებში გადამუშავდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ სტატისტიკური ცვლილება არ არის. ფაქტობრივად, უკრაინა ცდილობს საექსპორტო მოდელის გარდაქმნას, სადაც ძირითადი შემოსავალი არა ნედლეულის, არამედ უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის რეალიზაციიდან მიიღება. სწორედ ამიტომ გაიზარდა სოიოსა და რაფსის ზეთისა და შროტის ექსპორტი, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე მზარდი მოთხოვნით სარგებლობს.
2026/27 სეზონის პროგნოზებიც ამ ტენდენციას აძლიერებს. UkrAgroConsult ვარაუდობს, რომ რაფსის წარმოება გაიზრდება, ხოლო პორტების მუშაობასთან დაკავშირებული სირთულეების პირობებში დამატებითი მოცულობების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ადგილობრივ გადამუშავებაში გადავა. მზესუმზირის სექტორშიც მსგავსი სურათია — ქვეყანას საკმარისი საწარმოო სიმძლავრე აქვს იმისთვის, რომ თითქმის მთელი მოსავალი ქვეყნის შიგნით გადაამუშაოს.
თუმცა პროცესს სერიოზული გამოწვევებიც ახლავს. ექსპერტების შეფასებით, გადამუშავების ზრდა მხოლოდ მაშინ იქნება ეკონომიკურად ეფექტიანი, თუ ზეთისა და შროტის ექსპორტი შეუფერხებლად გაგრძელდება. ბოლო თვეებში შავი ზღვის პორტების მუშაობის შეფერხებამ სწორედ ეს საკითხი აქცია სექტორის მთავარ პრობლემად. თუ ნედლეულის ექსპორტის შეზღუდვა გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტის ზრდით არ კომპენსირდება, ბაზარზე ჭარბი მარაგები დაგროვდება და ფასებზე ზეწოლა გაიზრდება.
ლოჯისტიკური პრობლემების გამო უკრაინა სულ უფრო აქტიურად იყენებს დასავლეთის სახმელეთო მარშრუტებს. სარკინიგზო გზით ექსპორტირებული მცენარეული ზეთების დიდი ნაწილი უკვე ევროკავშირის მიმართულებით, დასავლეთის სასაზღვრო გადასასვლელებით გადაადგილდება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც საზღვაო გზებზე მუშაობა არასტაბილურია.
სოფლის მეურნეობის ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ უკრაინის მაგალითი არ არის. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ნედლეულის ექსპორტიდან დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტზე გადასვლას. ასეთი მოდელი მეტ სამუშაო ადგილს ქმნის, ზრდის საგადასახადო შემოსავლებს და ამცირებს ეკონომიკის დამოკიდებულებას ნედლეულის საერთაშორისო ფასების რყევებზე.
უკრაინის გამოცდილება აჩვენებს, რომ მხოლოდ დიდი მოსავალი აღარ არის საკმარისი. თანამედროვე აგრობიზნესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად და რა ფორმით იყიდება პროდუქცია. სწორედ ამიტომ სოიის, რაფსისა და მზესუმზირის სექტორებში მთავარი კონკურენცია დღეს არა მხოლოდ მოსავლიანობაზე, არამედ გადამუშავებასა და ლოგისტიკაზეც გადის.
წყარო: UkrAgroConsult

