დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში, იორმუღალოში ფსტას (ფისტას) ნერგების დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ფსტას (ფისტას) ბაღების გაშენებას საქართველოში უცხოური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ ახორციელებს.
„საქართველოს აგროკლიმატური პირობები ფისტას წარმოების შესაძლებლობას იძლევა. ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი კაკლოვანი მცენარეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ამ პროდუქტის მსხვილი მწარმოებელი და შემდეგ ეტაპზე კი ექსპორტიორი ქვეყანა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ფისტა საკვები მრეწველობის გარდა, ფართოდ მოიხმარენ ფარმაცევტულ წარმოებაში.
ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ „არიკ ჯგუფი“ მემორანდუმები გააფორმა საპარტნიორო ფონდსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას მევენახეობა-მეხილეობის, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის, მცენარეთა დაცვის სფეროებში.
ასევე, სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და „არიკ ჯგუფის“ ბაზებზე მოხდება ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადება და მათ რეგულარულად ჩაუტარდებათ სემინარ-ტრენინგები. მემორანდუმის ფარგლებში ასევე მოეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთი.
კომპანია „არიკ ჯგუფი“ საქართველოში 2012 წლიდან ახორცილებს საინვესტიციო პროექტებს სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის, ეკოტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებებით. კომპანიას დაგეგმილი აქვს 1000 ჰექტარზე ახალი, ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფსტას (ფისტას) პლანტაციის გაშენება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა, მოხალისეებმა (Youth Voice, FLEX და სხვები), სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა და სტუდენტებმა.