ჭაჭუნას აღკვეთილში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება „საბუკოს“ (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის) პროექტის „ჭაჭუნას აღკვეთილში ბუნების კონსერვაციაზე ორიენტირებული ვიზიტორთა მომსახურების სერვისების შექმნა და განვითარება” ფარგლებში მიმდინარეობს.
საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ჭაჭუნას ეროვნულ პარკში მოეწყო ტურისტებისთვის განკუთვნილი კოტეჯები, კემპინგებსა და ფრინველებზე დაკვირვების ადგილები, ასევე ფრინველთა კვების სადგური, რომელიც იშვიათი სახეობებისთვის საკვების მიწოდებასა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ჭაჭუნას ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვამ დაათვალიერეს.
„ახალი პროექტი ითვალისწინებს ჭაჭუნას აღკვეთილსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ჰაბიტატების აღდგენას, კონსერვაციას და ეკოტურისტული მიმართულების განვითარებას. პროექტის ფარგლებში შემოიღობა ტერიტორია, რომელიც ჭალის ტყის თვითგანახლებას უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი პროექტები სრულ თანხვედრაშია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების განვითარების პოლიტიკასთან. ანალოგიური პროექტები დაგეგმილია სხვა დაცულ ტერიტორიებზეც“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ეკოტურისტული სერვისები დამატებითი შემოსავლის წყაროა როგორც დაცული ტერიტორიისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც უფრო აქტიურად ჩაერთვება ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკოს“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.