„აგროსფერომ“ სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის კიდევ 6 სტუდენტს დაუნიშნა

აგროსფერო, სტუდენტი, სტიპენდია

მე-3 წელია, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს. სასტიპენდიო პროგრამა ერთ-ერთი მათგანია, რომლის ფარგლებშიც კომპანია სტიპენდიას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების III-IV კურსის სტუდენტებს უნიშნავს და მათ თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება.

სტიპენდიის გაცემის პირველ წელს, კომპანია „აგროსფერომ“ სტიპენდია დაგეგმილზე ერთით მეტს, ოთხ სტუდენტს გადასცა, მეორე წელს – სამს, ხოლო მიმდინარე წელს კომპანიამ მათი რაოდენობა გააორმაგა. კონკურსის შედეგად, აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და მექანიკის ინჟინერიის პროგრამებიდან ორ-ორი სტუდენტი შეირჩა.

„დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ გადაცემული სტიპენდია სტუდენტებისათვის ძალიან კარგი მოტივაციაა, რაც თავიდანვე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის მოტივირებისა და პროფესიონალი კადრის მომზადებისთვის კი გადავწყვიტეთ, წელს მათი რაოდენობა გაგვეორმაგებინა.

მოხარული ვართ, რომ იზრდება სტუდენტების პროგრამით დაინტერესება. კიდევ უფრო სასიამოვნოა ის, რომ მათი წარმატების ნაწილი ვართ“, – ამბობს „აგროსფეროს“ სასწავლო ცენტრის აგრარიუმის ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.

სასტიპენდიო პროგრამის გარდა, „აგროსფერო“ ახორციელებს პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამას, რომელიც სტიპენდიატებსა და დარგით დაინტერესებულ სხვა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა აგრო მიმართულებით.

„ისევე, როგორც გასულ წლებში, კომპანია წელსაც მზადაა უმასპინძლოს 10-15 აქტიურ და მოტივირებულ სტუდენტს. პროგრამა გულისხმობს პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას კომპანიის ბაზებზე სხვადასხვა მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში მთლიანად ფარავს სოფლის მეურნეობის დარგს. გვჯერა, რომ ეს სტუდენტებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, რადგან პრაქტიკა და დარგთან უშუალო შემხებლობა შეუცვლელ გამოცდილებას სძენს ახალგაზრდებს“, – გვითხრა მარიამ მერაბიშვილმა.

„აგროსფეროში“ ამბობენ, რომ დარგით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშეწყობა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამებს მდგრადი ხასიათი აქვს და მათი განხორციელება მომდევნო წლებშიც იგეგმება.

„უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ ტრადიცია გაგრძელდეს და ამისთვის განახლებული იდეებითა და მოტივაციით ვართ აღჭურვილი…

კომპანიის და პირადად ჩემი, როგორც ახალგაზრდების დიდი გულშემატკივრის, ყველაზე დიდი მოტივაცია და სურვილი იყო, სტიპენდიისა და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამა ყოფილიყო მდგრადი, გრძელვადიანი, პროდუქტიული და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის დადებითი შედეგების მომტანი. ჩვენი დაკვირვებითა და პროგრამაში ჩართულ სტუდენტთა შეფასებაზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი შედგა და საკმაოდ წარმატებულად!“ – ამბობს მარიამ მერაბიშვილი.

თქვენი რეკლამა