
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს. მათ შორისაა სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამები. ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია 2022 წლიდან აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს და საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება „აგროსფეროს“ ბაზებზე. აღნიშნული პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
„აგროსფერომ“ წელს სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების 6 სტუდენტს დაუნიშნა. შერჩეულ სტუდენტთა შორისაა აგრონომიის პროგრამის სტუდენტი მერაბ ხახიშვილიც.
მერაბ, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ სტიპენდია და, ზოგადად, სტუდენტების ხელშემწყობი მსგავსი პროგრამები?
ჩემი აზრით, სტუდენტობის პერიოდში ცოტა რთულია გრძელვადიან პერსპექტივაში აღიქვა სწავლის პროცესში ჩადებული ძალისხმევის შედეგები, ამიტომ მსგავსი პროგრამები ფოკუსირებაში ხელს გიწყობს. გარდა ამისა, დამატებითი ფინანსები სტუდენტს განვითარებაშიც ეხმარება. მე პირადად სტიპენდიას ახალი უცხოური სახელმძღვანელოებისთვის გამოვიყენებ, ვინაიდან მათი შეძენა ძვირი სიამოვნებაა.
როდის და რატომ დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით? რატომ აირჩიეთ კონკრეტული მიმართულება?
მე კახეთში, ლაგოდეხის რაიონში დავიბადე და გავიზარდე. ამ დარგთან მუდმივად მქონდა შეხება, თანაც ყოველთვის მაინტერესებდა. ვინაიდან სოფლის მეურნეობა ჩემი და ჩემი გარშემომყოფების ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო იყო, ვიფიქრე, ამ დარგში მეტი ცოდნის და გამოცდილების მიღება საერთო სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლაში დამეხმარებოდა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე მინდა განათლება საზღვარგარეთ მივიღო. საბოლოოდ კი საკუთარ თავს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ სასათბურე მეურნეობაში ან ინტენსიურ ხეხილის ბაღებში ვხედავ.
რას მიიჩნევთ სოფლის მეურნეობის მთავარ გამოწვევად დღეს საქართველოში?
საქართველოში, ისევე როგორც განვითარებულ მსოფლიოში, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მუშახელის ნაკლებობა და აგროპროცესების არასაკმარისი მექანიზაციაა. ამასთან, სოფლის მეურნეობაში მეტი ინოვაციის დანერგვა და მეტი განათლებაა საჭირო. თუმცა ამ უკანასკნელზე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ბოლო წლებში პროგრესი ნამდვილად შეიმჩნევა.