2024 წლის მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 278 ფაქტი გამოვლინდა

უკანონო, ტყითსარგებლობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 278 ფაქტი გამოავლინეს.

 196 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 82 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 43 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 58 ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთში; იმერეთში დაფიქსირდა 52 სამართალდარღვევა, კახეთში – 49, სამცხე-ჯავახეთში – 36, შიდა ქართლში – 23, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – 19, აჭარაში – 16, გურიაში – 10,  მცხეთა-მთიანეთში – 7 და ქვემო ქართლშიც – 7.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტში, თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი აღკვეთეს.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია  27 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 716 ფაქტი გამოავლინეს.

თქვენი რეკლამა